საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 486-აპ 17 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ნ. გაბრიჩიძე
განიხილა მსჯავრდებულ ა. ღ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 14 ივნისის განაჩენზე ა. ღ-ს, ვ. ნ-ს და ი. ბ-ს მიმართ.
სასამართლო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 5 იანვრის განაჩენით ა. ღ, ვ. ნდა ი. ბ ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა", “ბ", “გ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის “გ" ქვეპუნქტით და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მასში, რომ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, არაერთგზის და ბინაში უკანონო შეღწევით ჩაიდინეს ქურდობის მცდელობა, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა. მათვე ამ დანაშაულის ჩადენისას დააზიანეს და გაანადგურეს სხვისი ნივთი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2004 წლის 30 მაისს ა. ღ, ვ. ნ და ი. ბ შეთანხმდნენ გაექურდათ ქ. რუსთავში, ... მდებარე მ. ლ-ს ¹7-ე და ი. ჩ-ს ¹9-ე ბინა. 31 მაისს, დაახლოებით 24 საათზე მსჯავრდებულებმა სცადეს ი. ჩ-ს ბინის კარის გაღება სახრახნისებისა და ქანჩის მოძრავპირიანი გასაღების გამოყენებით, მაგრამ ვერ შეძლეს. ამ მოქმედებით დაზიანდა კარის ორი საკეტი, რითაც დაზარალებულს მიადგა 100 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი. ამის შემდეგ გამოანგრიეს ზ. ლ-სახლის რკინის კარი და შეაღწიეს ბინაში. კარისა და საკეტის დაზიანებით დაზარალებულს მიაყენეს 460 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი. მსჯავრდებულებმა სცადეს ბინიდან სულ 420 ლარად ღირებული ნივთების გატაცება, მაგრამ ისინი შემთხვევის ადგილზე დააკავეს პოლიციელებმა.
ა. ღ-ს მიესაჯა 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ვ. ნ-ს და ი. ბ-ს მიესაჯათ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა მსჯავრდებულებს დაეწყოთ 2004 წლის 31 მაისიდან.
მსჯავრდებულებმა განაჩენი გაასაჩივრეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში და მოითხოვეს სასჯელის შემსუბუქება.
სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 ივნისის განაჩენით, საჩივრები დაკმაყოფილდა. ა. ღ-ს სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო ვ. ნ-ს და ი. ბ-ს კი _ 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ა. ღ საკასაციო საჩივრით მოითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, რათა შეძლოს დროულად დაუბრუნდეს ოჯახს შემდეგი მოტივებით:
სააპელაციო სასამართლომ მთლიანად არ გაითვალისწინა შემამსუბუქებელი გარემოებები. წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი, დაზარალებულებს აუნაზღაურდათ მიყენებული ზიანი და მის მიმართ პრეტენზიას არ გამოთქვამენ. კმაყოფაზე ჰყავს დედა, უმცროსი და და ახალგაზრდა, ფეხმძიმე მეუღლე, მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა.
სასამართლო პალატის სხდომაზე ა. ღ-ს ადვოკატმა გ. გ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის სასჯელის შემსუბუქება.
სახელმწიფო ბრალმდებელმა პ. მ-მ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და იშუამდგომლა ა. ღ-ს, ვ. ნ-ს და ი. ბ-ს მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლის შესაბამისად, ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც თავისი სახითა და ზომით მეტისმეტი სიმკაცრის გამო აშკარად უსამართლოა. სასჯელის დანიშვნისას, სხვა გარემოებათა შორის, მხედველობაში მიიღება დამნაშავის წარსული ცხოვრება და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ა. ღ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის ისიც, რომ იგი წარსულში ნასამართლევია და დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის მოხდისას. სასამართლომ ა. ღ-ს შეუმცირა სასჯელის ზომა და მისი კიდევ უფრო შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს. განაჩენი ვ. ნ-ს და ი. ბ-ს მიმართაც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 14 ივნისის განაჩენი ა. ღ-ს, ვ. ნ-ს და ი. ბ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.