საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 44-დად 22 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),დ. სულაქველიძე
განიხილა ბ. Kკ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 იანვრის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ქ. თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოს უფროსის 2004წ. 15 დეკემბრის დადგენილება რ. ჩ. და სხვათა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 26 ნოემბერს საქართველოს სამთავრობო კანცელარიიდან თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოში შევიდა მოქალაქე ბ. Kკ-ს განცხადება, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ ის და თავისი ოჯახის წევრები დასხივდნენ სასიკვდილოდ რადიონუკლეიდური და “...”-ის სხივებით.დასხივების შედეგად დაიღუპნენ მისი ოჯახის წევრები: დედა - შ. კ. და მეუღლე _ ა. ტ.; თავადაც იტანჯება ლოკაციური დასხივებით. ბ. Kკ-ს განცხადებით, ფსიქოტროპულ გენოციდს მის წინააღმდეგ და ასევე მისი ოჯახის წევრთა მიმართ ახორციელებს პეტერბურგში მცხოვრები რ. ჩ-ა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბ. Kკ-ია ითხოვდა რ. ჩ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.
განცხადების ირგვლივ ჩატარებული მოკვლევით დადგინდა, რომ ბ. Kკ-ა იყო აფხაზეთის მოქალაქე. 1992-93 წლებში აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებამდეც იგი პერიოდულად მკურნალობდა სხვადასხვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ხოლო რუსეთში ცხოვრების პერიოდში გარკვეული ვადით იწვა სანქტ-პეტერბურგის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც მას მკურნალობდა რ. ჩ-ა.
მოკვლევით დადგინდა, რომ ბ. Kკ-ას ოჯახის წევრები მართლაც დაიღუპნენ, მაგრამ ისინი იყვნენ აფხაზეთში მომხდარი გენოციდის მსხვერპლნი და მათ მიმართ ვინმეს რაიმე ანგარიშსწორება არ განუხორციელებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2004წ. 15 დეკემბერს მოკვლევის ორგანომ გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. მითითებული დადგენილება მისი გაუქმების მოთხოვნით ბ. Kკ-მ გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში. სასამართლომ 2005წ. 24 იანვრის დადგენილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.
კერძო საკასაციო საჩივრით ბ. Kკ-ია ითხოვს რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებასა და რ. ჩემინავას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. საჩივარში კასატორი ასევე ასახელებს თხუთმეტ პიროვნებას, რომლებსაც, მისი განცხადებით, ბრალი მიუძღვით მისი ოჯახის ამოხოცვაში.
საკასაციო პალატის სხდომაზე ბ. Kკ. და მისი ადვოკატი ე. წ. მხარს უჭერენ კერძო საკასაციო საჩივარს.
პროკურორი ხ. ლ. ითხოვს რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლოს დადგენილება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ მოსამართლის დადგენილება არის დასაბუთებული და გამომდინარეობს მოკვლევის მასალებიდან. კერძო საკასაციო საჩივარი კი მოკლებულია კონკრეტულობას და გაუგებარია. ვერც კასატორმა და ვერც მისმა ადვოკატმა პალატის სხდომაზე ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც, შესაძლებელია, დადგენილების გაუქმების საფუძველი გამხდარიყო. ამდენად, პალატა არ იზიარებს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 იანვრის დადგენილება რ. ჩ-სა და სხვათა მიმართ ქ. თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოს უფროსის 2004წ. 15 დეკემბრის დადგენილების უცვლელად დატოვების თაობაზე დარჩეს ძალაში.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.