საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 30.11.2005
საქმის ნომერი
2კ-457დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.11.2005

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 457-დად 30 ნოემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ხ. ო-ის კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 23 სექტემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ¹8 დაწესებულების დირექტორის წარდგინება ხ. ო-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 23 აგვისტოს განაჩენით ხ. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მსჯავრდებული ხ. ო. სასჯელს იხდის 2004წ. 2 მარტიდან. სასჯელის მოხდას იგი დაასრულებს 2007წ. 2 მარტს. დანიშნული სასჯელის ნახევარი მოიხადა 2005წ. 2 სექტემბერს.

2005წ. 4 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ¹8 დაწესებულების ადმინისტრაციამ წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს და ითხოვა ხ. ო-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 23 სექტემბრის დადგენილებით წარდგინება არ დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებული ხ. ო. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ მოხდილი აქვს შეფარდებული სასჯელის ნახევარი.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. Gგ-მ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

პროკურორმა ო. რ-მ იშუამდგომლა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 23 სექტემბრის დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა წარმოდგენილი საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა პოზიცია და მიიჩნია, რომ სასამართლოს დადგენილება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებული ხ. ო. სასჯელს იხდის ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მართალია, მას მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 1/2, რაც, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთ-ერთი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ ხ. ო-ს დარჩენილი აქვს სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი – 1 წელი, 3 თვე და 2 დღე, აგრეთვე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის მხედველობაში მიღებით, სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია ამ ეტაპზე მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

ამდენად, პალატა თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 23 სექტემბრის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე, 610-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 23 სექტემბრის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ ხ. ო-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე, დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.