საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 30.11.2005
საქმის ნომერი
2კ-458დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.11.2005

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 458-დად 30 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),დ. სულაქველიძე

განიხილა გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორ კ. ღ-ის კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 23 სექტემბრის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული დ. მ. პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999წ. 28 ივნისის განაჩენით დ. მ. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის II ნაწილის I პუნქტით, 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960წ. რედაქცია) და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით.

მსჯავრდებული დ. მ-. სასჯელს იხდის 1998წ. 16 დეკემბრიდან. დანიშნული სასჯელის სამი მეოთხედი მოიხადა 2005წ. 16 სექტემბერს.

2005წ. 21 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროს ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. მ-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 23 სექტემბრის დადგენილებით წარდგინება დაკმაყოფილდა და მსჯავრდებული დ. მ-ი პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი კ. ღ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს დ. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ სასამართლოს დადგენილების გაუქმებასა და მის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულებას იმ მოტივით, რომ მას ჩადენილი აქვს მძიმე დანაშაული და მოსახდელად დარჩა სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი.

პროკურორმა ო. რ-მ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით დ. მ-ს მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდიდა 1998წ. 16 დეკემბრიდან. დანიშნული სასჯელიდან მოსახდელი დარჩა 2 წელი, 2 თვე და 23 დღე.

დ. მ-ს, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელის 3/4 მოხდილი აქვს, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად.

ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაცია დ. მ-ს ახასიათებს დადებითად. იგი აღნიშნულ დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა 2005წ. 3 სექტემბრიდან. დახასიათების მიხედვით, დ. მ-ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მსჯავრდებულებსა და თანამშრომლებთან ურთიერთობაში თავაზიანია, სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა, წახალისებულია ერთხელ.

ზემოაღნიშნული გარემოებების, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ დ. Mმ-ს ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, პირველადაა სამართალში, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ იგი დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გაათავისუფლა.

პალატას მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს დადგენილება მსჯავრდებულ დ. Mმ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე სწორია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე, 610-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 23 სექტემბრის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებული დ. მ. პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.