საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 23I 24 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა დაზარალებულის უფლებამონაცვლეების _ მ. ლ-სა და თ. ჭ-ს, პროკურორ მ. კ-სა და განსასჯელ თ. ტ-ს კერძო საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 4 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც თ. ტ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა თბილისის პროკურატურას. თ. ტ-ს აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა _ შეეცვალა შინაპატიმრობით და გათავისუფლდა წინასწარი პატიმრობიდან.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ტ-ს საბრალდებო დასკვნით ბრალი ედება იმაში, რომ ანგარებით ჩაიდინა ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა; მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, კერძოდ: 1996-97 წლებში კომერციული მიზნით ქ. მოსკოვში იმყოფებოდნენ და სასურსათო პროდუქტების ბიზნესს ერთობლივად ეწეოდნენ ქ. თბილისში მცხოვრებნი _ თ. ტ., გ. ჭ. და დ. ჩ. 1997 წელს თ. ტ-მ, ზემოაღნიშნული პირების ნებართვის გარეშე აიღო დიდი ოდენობით საერთო თანხა და გაემგზავრა აშშ-ში. გ. ჭ. და დ. ჩ., შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩენილნი და თ. ტ-ზე განაწყენებულნი, დაბრუნდნენ ქ. თბილისში.
1998წ. ზაფხულში თ. ტ. დაბრუნდა ქ. თბილისში. მას შეხვდნენ გ. ჭ., დ. ჩ. და მოსთხოვეს ვალის დაბრუნება. ვითომდა ვალის დასაბრუნებლად, თ. ტ-მ 1998წ. 23 სექტემბერს გ. ჭ. და დ. ჩ. დაიბარა ქ. თბილისში, ... მდებარე თავის საცხოვრებელ სახლთან. თ. ტ-სთან შესახვედრად დ. ჩ-სა და მ. ჭ-ს გაჰყვა ამ უკანასკნელის მეგობარი ლ. ბ. დაახლოებით 3 საათსა და 30 წუთზე თავისი საცხოვრებელი სახლის წინ თ. ტ. შეხვდა გ. ჭ-ს, დ. ჩ-სა და ლ. ბ-ს. იმისათვის, რათა თავი აერიდებინა ვალის დაბრუნებისაგან, ანგარების მოტივით, თ. ტ-მ განიზრახა მოეკლა ისინი. ამ მიზნით მან თანნაქონი, სხვადასხვა სისტემის, დაუდგენელი ტიპის, 38 მმ და 6,35 მმ კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღებიდან, რომლებიც აღნიშნული იარაღისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალასთან (ვაზნებთან) ერთად წარსულში მართლსაწინააღმდეგოდ ჰქონდა შეძენილი, ამასთან _ მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა, მრავალჯერ გასროლით თავის, გულმკერდისა და კიდურების არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა დ. ჩ-ს, გ. ჭ-სა და ლ. ბ-ს, რის შემდეგ მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. დ. ჩ., გ. ჭ. და ლ. ბ. ადგილზევე გარდაიცვალნენ.
ჩადენილი ქმედებისათვის თ. ტ-ს წინასწარმა გამოძიებამ წარუდგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “ა” და “ი” ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.
სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმე თ. ტ-ს ბრალდების გამო უნდა წარიმართოს დამატებითი გამოძიებისათვის, ვინაიდან საქმეზე ჩატარებული გამოძიება ცალმხრივია, არსებითად არასრულია და იგი არ შეიძლება სასამართლოს სხდომაზე შეივსოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით პროკურორი მ. კ. ითხოვს სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, იგი მიუთითებს, რომ სასამართლო კოლეგიამ მტკიცებულებები ობიექტურად არ გააანალიზა, არ შეაჯერა სხვა მტკიცებულებებთან და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების უხეში დარღვევით თ. ტ-ს მიმართ გამოიტანა აშკარა უკანონო და დაუსაბუთებელი განჩინება.
დაზარალებულის უფლებამონაცვლეები _ თ. ჭ. და მ. ლ. კერძო საკასაციო საჩივრებით ითხოვენ სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმებას, ამასთან, თ. ტ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების შერჩევას და საქმის ხელახალი განხილვისათვის სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას. ისინი მიუთითებენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისი იყო თ. ტ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, ამასთან, განსასჯელმა შეგნებულად აარიდა თავი გულმკერდისა და მუცლის ღრუს ტომოგრაფიულ გამოკვლევას, რაც გამოაშკაარავებდა მის სიმულაციას.
დაზარალებულის უფლებამონაცვლეები მიიჩნევენ, რომ საქმეში არსებული წინააღმდეგობები შესაძლებელია გადაიჭრას საქმის სასამართლო განხილვისას, განჩინებაში მითითებულ სხვა საკითხთა შემოწმებაც არ სცილდება სასამართლო შესაძლებლობის ფარგლებს.
თ. ტ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ჯ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმებას და საქმის შეწყვეტას, იგი მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება არავითარი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ თ. ტ-მ ჩაიდინა დანაშაული.
პალატის სხდომაზე პროკურორმა მ. კ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა თავის მიერ წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
დაზარალებულის უფლებამონაცვლეებმა _ მ. ლ-მ და თ. ჭ-მ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები, მხარი დაუჭირეს თავიანთ კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ.
ადვოკატმა გ. ჯ-მ აღნიშნა, რომ საქმეში არ მოპოვება უტყუარი საბუთი იმის შესახებ, რომ თ. ტ-მ ჩაიდინა სამი პირის მკვლელობა. მან იშუამდგომლა სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ, რასაც დაეთანხმა განსასჯელი თ. ტ-ც.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებული განჩინება თ. ტ-ს მიმართ არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ეთანხმება სასამართლო კოლეგიის განჩინების მითითებას იმის შესახებ, რომ წინასწარ გამოძიებას არ აუხსნია მკვლელობის მექანიზმი. ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილი წინააღმდეგობანი ვერც საქმის სასამართლო განხილვისას გადაიჭრა. მკვლელობის მექანიზმის ახსნას კი მნიშვნელობა აქვს საქმეზე ობიქტური გადაწყვეტილების მისაღებად.
სასამართლო კოლეგიის განჩინებაში დეტალურადაა მითითებული, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს ზემოაღნიშნული საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასებისათვის. აღნიშნული საკითხის შემოწმება კი სცილდება სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს.
დამატებითი გამოძიების დროს ასევე სრულყოფილად უნდა შემოწმდეს საკითხი, თუ როდის იქნა დაკავებული თ. ტ., რა საფუძვლით იყო დაკავებული და ამ საკითხთან არსებული წინააღმდეგობები უნდა გადაიჭრას.
პალატა თვლის, რომ დამატებითი გამოძიების სტადიაზე დეტალურად უნდა შემოწმდეს სასამართლო კოლეგიის განჩინებაში მითითებული გარემოებები და მიღებული შედეგები შეფასდეს.
ამ ეტაპზე ვერ დაკმაყოფილდება ვერც ერთი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, რადგან საქმეზე უნდა ჩატარდეს დამატებითი გამოძიება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 4 აპრილის განჩინება თ. ტ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.