საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 40I 14 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა გამართლებულ ა. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი ა. ც-ს მიმართ, ასევე დადგენილება ზ. ც-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რაიონული სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ა. ც-სა და ზ. ც-ს ბრალი ედებათ შემდეგი დანაშაულის ჩადენაში:
2002წ. 28 აგვისტოს დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე, ყვარლის რაიონის სოფ. ... მცხოვრები ა. ვ..ი, მთვრალი, თავისი კუთვნილი ავტომანქანა “მოსკვიჩით”, ასევე მთვრალ ახლობლებთან _ გ. გ-სა და პ. მ-თან ერთად მოძრაობდა სოფ. ენისელიდან შილდის მიმართულებით. ა. ვ-ს გაუთავდა საწვავი და ავტომანქანა გააჩერა სოფ. ენისელის ცენტრში, ყვარელი-თელავის გზის ნაპირას. ავტომანქანიდან ამოიღო პლასტმასის ბალონი და გაემართა ბენზინის საყიდლად იმავე გზის პირას, დაახლოებით 125 მეტრის დაშორებით მცხოვრებ, საწვავით მოვაჭრე გ. ც-ს სახლთან. ა. ვ-ს უკან გაჰყვა გ. გ-ც. ა. ვ-ი მივიდა გ. ც-ს სახლთან და დაუძახა მის უფროს ვაჟს, ა. ც-ს. იმ დღეს სოფ. ენისელში აღინიშნებოდა ქრისტიანული დღესასწაული _ მარიამობა და ც-ებს ოჯახში ლხინის სუფრა ჰქონდათ გაშლილი. ა. ც. იყო ნასვამი. დაძახების შემდეგ ქუჩაში გამოსულ ა. ც-ს ა. ვ-მა სთხოვა, მიეყიდა რამდენიმე ლიტრი ბენზინი, რაზედაც ა. ც-მ უპასუხა, რომ გასაყიდი ბენზინი არ ჰქონდა. ა. ვ-მ არ დაიჯერა მისი ნათქვამი, დაჟინებით მოსთხოვა ბენზინი და აუხსნა, რომ საწვავის უქონლობის გამო მანქანა გაჩერებული ჰქონდა. ა. ც-მ კვლავ განუცხადა უარი, რაზეც ისინი შეკამათდნენ. ხმაურზე სახლიდან გამოვიდნენ ა. ც-ს მშობლები _ გ. და ზ. ც-ები და ა. ვ-ს მოსთხოვეს წასვლა. ხმაურზე მათთან მივიდა დ. M., რომელიც კარგად იცნობდა როგორც ა. ვ-ს, ისე ა. ც-ს. დ. Mმ-მ გაიგო რა კამათის მიზეზი, სთხოვა ა. ც-ს, ვ-სთვის საწვავი მიეცა. ამ დროს მათთან მივიდა იქვე მყოფი გ. გ, რომელსაც ხელში ეჭირა ფული, ჩაერია საუბარში და სთხოვა ა. ც-ს, მიეყიდა მათთვის ბენზინი. ა. ც-მ ბენზინის გაყიდვაზე გ. Gგ-საც უარი უთხრა და თან დასძინა, რომ ჰყავდა სტუმრები და რამდენიმე ლიტრი ბენზინის გამო რატომ აწუხებდნენ. გ. Gგ ამ საუბრის შემდეგ გაეცალა მათ, ხოლო ა. ც-ს პასუხით უკმაყოფილო ა. ვ-ი მიუბრუნდა დ. Mმ-ს და უთხრა, ვიცი, რომ აქვთ ბენზინი და ხვალ, რომ გამოიტანენ, რა უნდა მითხრანო და ც-ს შეაგინა. შეგინებისთანავე ა. ც-მ სახეში გაარტყა ა. ვ-ს, რომელმაც საპასუხოდ გაარტყა ხელი და დაიწყეს ჩხუბი. მათ გასაშველებლად შუაში ჩადგა დ. მ და ა. ვ გაიყვანა დაახლოებით 25 მეტრის მოშორებით. შეამჩნია რა გ. Gგ-მ, რომ ა. ვ-ს დ. Mმ. აკავებდა და ძალით მიჰყავდა უკან, ეგონა, რომ ეს უკანასკნელი ა. ვ-ს ეჩხუბებოდა. გაიქცა და ხელი გაარტყა მისგან ზურგით მდგარ დ. Mმ-ს. გარტყმის შედეგად დ. მ წაიქცა. ამ მომენტში ა. ც-მ, რომელიც მიჰყვა უკან გ. Gგ-ს, ამ უკანასკნელისა და ა. ვ-ს საქციელით განაწყენებულმა, შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოიღო დანა და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით დაარტყა გ. Gგ-ს კისრის მარჯვენა გვერდითი ზედაპირის შუა მესამედში. დანის დარტყმისთანავე ა. ც-მ სახის არეში ხელიც გაარტყა გ. Gგ-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაეცა. ამ დროს ფეხზე წამოდგა რა დ. მ, რომელმაც არ იცოდა, რომ გ. Gგ. დაჭრილი იყო, ფეხი ამოარტყა წაქცეულ გ. გ-ს გვერდში. ა. ვ-მ გააჩერა დ. მ, რა დროსაც ა. ც-მ ფეხით დაუწყო ცემა წაქცეულ გ. გ-ს სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რითაც მას მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. ყოველი ამის დანახვაზე იქვე მდგარი ა. ვ მივიდა ა. ც-თან და ხელის გარტყმით მოაშორა იგი გ. გ-ს. ამ დროს ა. ვ-ს დაუწყეს ჩხუბი და ცემა ა. ც-ს მშობლებმა. ჩხუბის დროს ა. ვ-მ ხელი ჰკრა გ. ც-ს, რომელიც წაიქცა და სახის არეში მიიღო დაზიანება. ხმაურზე იქ მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა და მეზობლებმა სახლში შეიყვანეს მოჩხუბარი ც-ები და შეეცადნენ მათ დაწყნარებას, რითაც ისარგებლა ა. ვ-მ და გადაწყვიტა, მიხმარებოდა დაჭრილ გ. გ-ს, რომელიც ვეღარ იპოვა.
ხმაურზე ეზოში შემოსულმა ზ. ც-მ შეამჩნია რა, რომ მამას, გ. ც-ს, შუბლის არეში მიღებული ჰქონდა დაზიანება, საიდანაც მოსდიოდა სისხლი და შეიტყო, რომ დაზიანება მიაყენა ა. ვ-მ, განიზრახა შური ეძია და მოეკლა იგი. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად გამოვიდა ეზოდან, აუღელვებლად მიუახლოვდა ჯერ კიდევ შემთხვევის ადგილზე მყოფ ა. ვ-ს და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ერთხელ დაარტყა დანა კისრის მარცხენა გვერდით, უკანა ზედაპირზე, რითაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ზ. ც კი გაიქცა შემთხვევის ადგილიდან და შევიდა თავის საცხოვრებელ სახლში.
დაჭრილი გ. გ გამვლელი ავტომანქანით წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგარამ იგი გზაში გარდაიცვალა. პოლიციის თანამშრომლებმა ა. ვ-ც გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
ა. ც-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ხოლო ზ. ცა-ს საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით.
აღნიშნული საქმე განიხილა გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ და 2003წ. 20 ნოემბრის განაჩენით ა. ც გამართლებულ იქნა წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო იმავე სასამართლოს 2003წ. 20 ნოემბრის დადგენილებით ზ. ც-ს სისხლის სამართლის საქმე დაუბრუნდა კახეთის საოლქო პროკურატურას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, რასაც საფუძვლად დაედო შემდეგი მითითებები:
სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გამოძიება ჩატარდა არასრულყოფილად, სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, გამოძიებამ ვერ წარმოადგინა ბრალდების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რის გამოც ა. ც გაამართლა, ზ. ც-ს მიმართ კი მიიჩნია, რომ შეუძლებელია იყო როგორც გამამართლებელი, ისე გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
სასამართლომ დაზარალებულ ა. ვ-ს ჩვენებების ანალიზის საფუძველზე დაასკვნა, რომ ზ. ც-მ, გარდა შერაცხული ბრალდებისა, ჩაიდინა ასევე გ. გ-ს მკვლელობა და წინასწარ გამოძიებას მიუთითა, გაარკვიოს მოწმეთა ჩვენებების ცვლილების მიზეზი, იმსჯელოს მათი პასუხისმგებლობის შესახებ, სამართლებრივი შეფასება მისცეს როგორც ამ ჩვენებებს, ისე საქმეში არსებულ ოქმს, რომელიც შედგენილია გურჯაანის რაიონული პროკურორის მიერ და რომელსაც ხელს აწერენ როგორც პოლიციის თანამშრომლები, ისე ა. ვ-ს მკურნალი ექიმი, სადაც ა. ვ. გ. გ-ს დანის დარტყმაში ამხელს ზ. ც-ს.
დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ წინასწარ გამოძიებაში დარღვეულია ზ. ც-ს დაცვის უფლება, რადგანაც ზ. ც თავს არ ცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და საქმის მასალების გაცნობისას განმარტავდა, რომ თუ შუამდგომლობა ექნებოდა, მას წარმოადგენდა მისი ადვოკატი. ადვოკატმა კი ბრალდებულისა და მისი დამცველისათვის საქმის წარდგენის შესახებ ოქმზე გააკეთა შემდეგი განაცხადი “გავეცანი საქმის მასალებს და ბრალდებულთან შეთანხმებით გამოძიების ამ ეტაპზე არანაირი შუამდგომლობა არ გაგვაჩნია, შუამდგომლობას წარმოვადგენთ სასამართლო სხდომაზე”, რაც მას არ გაუკეთებია.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი ა. ც-ს მიმართ და დადგენილება ზ. ც-ს მიმართ საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კახეთის რაიონული პროკურორის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა გ. გ-მ და დაზარალებულმა ა. ვ-მ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 28 ივლისის განჩინებით დააკმაყოფილა კერძო და სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა, გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი ა. ც-ს მიმართ, დადგენილება ზ. ც-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე რაიონული სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ივლისის განჩინება ა. ც-ს მიმართ, გამამართლებელი განაჩენის გაუქმების ნაწილში გაასაჩივრა ა. ც-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ზ-მ. საკასაციო საჩივრით იგი ითხოვს ა. ც-ს მიმართ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას. ზ. ც-ს განჩინება საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. ზ-მ დააზუსტა საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა ა. ც-ს მიმართ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის. გამართლებული ა. ც მხარს უჭერს საჩივარს.
პროკურორმა კ. მ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 ივლისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
რაიონულმა სასამართლომ ა. ც-ს მიმართ გამამართლებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო მოწმეების _ პ. მ-ს, ი. კ-ს, პოლიციის მუშაკების _ გ. წ-ს, ვ. გ-ს, რ. ჭ-ს, მ. ბ-ს, ა. ბ-ს, დ. ბ-ს და სხვათა ჩვენებები. იმავე სასამართლომ დააბრუნა რა საქმე დადგენილებით დამატებით გამოძიებაში ზ. ც-ს მიმართ. ეჭვქვეშ დააყენა ზემოთ მითითებულ მოწმეთა ჩვენებები, მათ მიერ ჩვენებათა შეცვლის მიზეზების გამორკვევა და მათი შეფასება დაავალა გამოძიებას. ასეთ ვითარებაში პალატა თვლის, რომ სწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვის დროს ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები, შეამოწმოს საქმეზე წამოჭრილი ყველა ვერსია და საქმის ერთობლივი მასალების შეფასების შემდეგ მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 ივლისის განჩინება, რომლითაც გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი ა. ც-ს მიმართ და დადგენილება ზ. ც-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ და საქმე დაუბრუნდა იმავე რაიონული სასამართლოს სხვა შემადგენლობას, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.