საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 30.11.2005
საქმის ნომერი
2კ-43-I-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.11.2005

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 431 30 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,ნ. გაბრიჩიძე

განიხილა დაზარალებულ ი. გ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 აგვისტოს განჩინებაზე, რომლითაც გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 15 ივნისის განაჩენი ზ. ნ-ს მიმართ და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. ნ. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 15 ივნისის განაჩენით ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისჯილი აქვს ჯარიმა 50 დღიური ანაზღაურების ოდენობით, დღიური ანაზღაურების 2 ლარზე გაანგარიშებით სულ 100 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განაჩენით ზ. ნ-ს მსჯავრი დაედო თვითნებობისათვის, ე.ი. ნამდვილად თავისი და თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში: მან 2002-2004 წლებში შპს „გარჯაში“ (რომლის დირექტორიც იყო დაზარალებული ი. გ.) თავისი ფიზიკური შრომის აუნაზღაურებელი გასამრჯელოს ანგარიშში, შპს-ს ქონებიდან 2003წ. ნოემბერში, დაზარალებულ ი. გ-სთან შეუთანხმებლად, თვითნებურად წაიღო 75 ლარის ღირებულების 250 კგ სიმინდი, ხოლო 2004წ. 25 იანვარს კი ასევე თვითნებურად წაიყვანა 800 ლარად ღირებული ერთი დეკეული, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით დაზარალებული ი. გ. ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 15 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას. მიუთითებს, რომ რაიონულმა სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებანი და სამართლებრივად სწორად შეაფასა.

ზ. ნ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ჩ. შესაგებლით არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. ადვოკატს მიაჩნია, რომ ზ. ნ-ს დანაშაული არ ჩაუდენია და ამიტომ მის მიმართ საქმე უნდა შეწყდეს.

პალატის სხდომაზე ზ. ნ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი განჩინება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.

აღნიშნულ მოთხოვნას დაეთანხმა განსასჯელი ზ. ნ.

პროკურორმა რ. ჩ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში დეტალურად არის მითითებული იმ საკითხების შემოწმების აუცილებლობის შესახებ, რაც რაიონულმა სასამართლომ უნდა გამოარკვიოს და შეაფასოს.

პალატა თვლის, რომ რაიონულმა სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას დეტალურად უნდა გამოიკვლიოს საქმის მასალები, მთელი გულმოდგინებით შეამოწმოს საქმეზე წამოჭრილი ყველა გარემოება და ამის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს ზ. ნ-ს ბრალეულობის საკითხი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დაზარალებულ ი. გ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 აგვისტოს განჩინება ზ. ნ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.