განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 27.01.2005
საქმის ნომერი
2კ-54-I-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
27.01.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 54I 27 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა გურჯაანის რაიონული პროკურორის მოადგილის _ ზ. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 სექტემბრის განჩინებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 მაისის დადგენილება ი. ხ-ს ბრალდების საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნით ი. ხ-ს ბრალი დაედო შემდეგი ქმედების ჩადენაში:

2003წ. 15 დეკემბრის კახეთის რეგიონალურ გაზეთ “იმედში” გამოქვეყნდა ინფორმაცია სათაურით “ვინ იქნება საკადრო ცვლილებების მორიგი მსხვერპლი”. პუბლიკაციაში უარყოფით ასპექტში მოხსენიებული იყო ახალგაზრდული დეპარტამენტის ... განყოფილების გამგე _ ი. ხ-ი. მან შეიტყო აღნიშნულის შესახებ და განიზრახა გაზეთ “იმედის” ჟურნალისტის გ. მ-ს ცემა. ამ მიზნით 2003წ. 18 დეკემბერს ... გამგეობის აპარატის უფროსის _ ლ. თ-ს კაბინეტში მყოფ გ. მ-ს დაუწყო ხელებითა და ფეხებით ცემა. ცემისას თავისა და სახის არეში ჩაარტყა გასაღები, რითაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნულის გამო ი. ხ.ს მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოძიებამ დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის I ნაწილით და იგი ამავე მუხლით იქნა სამართალში მიცემული.

საქართველოს უზენესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით პროკურორი ზ. ბ. ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას. იგი მიუთითებს, რომ ი. ხ-ს მიმართ გამოძიების მიერ როგორც მოპოვებული მტკიცებულებები, ასევე წარდგენილი ბრალდება არის ამომწურავი და სრულად ასახავს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, ურთიერთგანაწყენებული, არარეალური და დაუზუსტებელი გამოთქმებისათვის მნიშვნელობის მიცემა შეუძლებელს გახდის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ზ. ბ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის მოსაზრება და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 452-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო განხილვისას გამოვლინდა, რომ განსასჯელმა კვლავ ჩაიდინა დანაშაული ან დანაშაული ჩაიდინა პირმა, რომლისთვისაც ბრალდება არ წაუყენებიათ, ბრალდების მხარის (პროკურორის, დაზარალებულის ან მისი წარმომადგენლის) დასაბუთებული შუამდგომლობით სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს აბრუნებს დამატებითი გამოძიებისათვის. თუ განსახილველ და გამოვლენილ დანაშაულებრივ ქმედებათა შორის კავშირი არ არსებობს, სასამართლო განჩინებით (დადგენილებით) პროკურორი აცნობებს გამოვლენილ ახალ ფაქტებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს კანონის ეს მოთხოვნა არ დაუცავს, კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ დამატებითი გამოძიებისას უნდა გაირკვეს, ხომ არ ჩაუდენია ი. ხ-ს უფრო მძიმე დანაშაული, კერძოდ, ხულიგნობა.

პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება მოითხოვა, რათა განსასჯელ ი. ხ-ს წარდგენოდა საქართველოს სსკ-ის 148-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება (ცილისწამება), რაზედაც სასამართლომ თავისი დადგენილებით უარი უთხრა. ამის შემდეგ მხარეთა კამათში დაზარალებულმა ზოგადად აღნიშნა, რომ ი. ხ-ს ჩადენილი აქვს ხულიგნობა და ამ მოტივით იშუამდგომლა საქმის გამოძიებაში დაბრუნება. პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის შუამდგომლობა საპროცესო კანონის მოთხოვნათა მიხედვით უნდა ყოფილიყო დასაბუთებული, მოცემულ შემთხვევაში კი ასეთი დასაბუთება საქმეში არ მოიპოვება. როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა გ. მ-მ მხოლოდ ზოგადად აღნიშნა, რომ ის არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას, რადგან ი. ხ-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ხულიგნობას და იშუამდგომლა საქმის გამოძიებისათვის დაბრუნება.

სასამართლოს მითითება, რომ თითქოს არ შემოწმებულა განსასჯელ ი. ხ-ს მითითება, რომ დაზარალებულ გ. მ-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა გამოძალვას, საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი ვერ გახდება. თუკი ასეთი გარემოება საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისას იქნება გამორკვეული, სასამართლომ თავისი დადგენილებით მასალები უნდა გაუგზავნოს პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.

პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე უნდა ჩატარდეს სრულყოფილი სასამართლო გამოძიება, უნდა შემოწმდეს საქმეზე წამოჭრილი ვერსიები და მიღებულ შედეგებს მიეცეს შეფასება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 მაისის დადგენილება ი. ხ-ს ბრალდების საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ, გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლეს.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.