საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 03.11.2005
საქმის ნომერი
2კ-103კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.11.2005

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 103-კოლ 3 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ვ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 20 აპრილის განაჩენზე ვ. კ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 20 აპრილის განაჩენით ვ. კ. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის II ნაწილით (2002წ. 4 ივლისის კანონი), 19,223-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ვ. კ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2004წ. 22 ივლისიდან.

ვ. კ-ს მსჯავრი დაედო უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობის მცდელობისათვის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ. კ. იყო რა რუსეთის კაზაკთა კავშირის ყუბანის საჯარისო ანაპა-ტამანის “...” კაზაკთა ატამანის უფროსის მოადგილე, 2004წ. 15 და 16 ივლისს დაესწრო კაზაკთა გაერთიანებულ ყრილობას ქ. ანაპაში, სადაც გადაწყდა საქართველოში, კერძოდ კი ქ. ცხინვალში დაახლოებით 100-150 კაზაკის გაგზავნა ქართველთა წინააღმდეგ საბრძოლველად. ვ. კ-მ განიზრახა ცხინვალის რეგიონში მოქმედ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა, რათა დახმარებოდა მათ ქართველების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ის 2004წ. 21 ივლისს ქ. ანაპიდან ჩავიდა ქ. ვლადიკავკაზში, საიდანაც, საქართველოში შემოსასვლელი სათანადო ვიზის გარეშე, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ... პასპორტის გამოყენებით, იმავე დღეს, როკის გვირაბის გამოვლით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვარი და გაემგზავრა ქ. ცხინვალის მიმართულებით, მაგრამ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ვერ შეძლო ქ. ცხინვალში ჩასვლა, რადგანაც 2004წ. 21 ივლისს გორის რაიონის სოფ. კეხვში გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, რითიც აღკვეთეს მისი დანაშაულებრივი განზრახვა.

საკასაციო საჩივარში ადვოკატი ა. ს. აღნიშნავს, რომ საქმეში საერთოდ არ არსებობს იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ ვ. კ-მ ჩაიდინა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობის მცდელობა. ამდენად, კასატორი თვლის, რომ სასამართლო კოლეგიის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ითხოვს მის გაუქმებას საქართველოს სსკ-ის მე-19,223-ე მუხლის მეორე ნაწილით ვ. კ-ს მსჯავრდების ნაწილში; რაც შეეხება სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილს, ამ ნაწილში კასატორი ითხოვს ვ. კ-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის დანიშვნას.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებული ვ. კ. და მისი ადვოკატი ა. ს. მხარს უჭერენ საჩივარს და ითხოვენ მის დაკმაყოფილებას.

პროკურორი ა. ს. შუამდგომლობს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის მასალები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ვ. კუზნეცოვის ქმედებებს. წინასწარ გამოძიებაში მსჯავრდებულმა ვ. კ-მ როგორც ეჭვმიტანილის, ისე ბრალდებულის სახით დაკითხვისას აღიარა ჩადენილი დანაშაული და განმარტა, რომ 2004წ. 15-16 ივლისს ქ. ანაპაში შედგა კაზაკთა გაერთიანებული დიდი ყრილობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ... მხარის გუბერნატორი ტ.. იგი აგროვებდა ქ. ცხინვალში საომრად გასაგზავნ ახალგაზრდა მამაკაცებს. მისი მონაცემებით, შეგროვდა 100-150 კაცი, რომლებიც შემოვლითი გზით უნდა შესულიყვნენ ქ. ცხინვალში. პირადად ის გაემგზავრა უფრო ადრე, დაასწრო თავის მეგობრებს და წამოვიდა ოსი ხალხის დასახმარებლად _ ქართველების წინააღმდეგ საბრძოლველად. მისთვის ცნობილი იყო, რომ საქართველოში შემოსასვლელად საჭირო იყო სათანადო ვიზა, რაც შეგნებულად არ გააკეთა.

სასამართლოში მსჯავრდებულმა ვ. კ-მ უარყო წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, კერძოდ, მან თავი დამნაშავედ ცნო მხოლოდ საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში. რაც შეეხება უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობის მცდელობას, მან განმარტა, რომ ამ ეპიზოდში აღიარებითი ჩვენებები დააწერინეს უცნობმა ქართველმა პოლიციელებმა, სინამდვილეში ასეთი ჩვენებები მას არ მიუცია.

პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სათანადოდ გააანალიზა მსჯავრდებულ ვ. კ-ს ზემოთ მითითებული ჩვენებები და საფუძვლიანად დაეყრდნო მის აღიარებით ჩვენებებს, მით უფრო, რომ ისინი მიცემულია თარჯიმნისა და ადვოკატის თანდასწრებით და არ არსებობს მათში ეჭვის შეტანის საფუძველი.

გარდა აღიარებითი ჩვენებებისა, ვ. კ-ს მიერ დანაშაულის რეალურად ჩადენას პალატა დადასტურებულად მიიჩნევს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებითაც, სახელდობრ, მოწმეების _ ზ. გ-ს, გ. ბ-ს, ა. რ-ს, გ. ზ-ს, ბ. ბ-სა და სხვათა ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმითა და ამოღებული ნივთების დათვალიერების ოქმით, 2004წ. 23 ივლისის პასპორტისა და კაზაკთა მოწმობის დათვალიერების ოქმებით, საიდანაც ირკვევა, რომ ვ. კ-ს პასპორტში არ არის ჩარტყმული საქართველოში შემოსასვლელად ნებართვის მიმცემი სათანადო ვიზა და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი შტამპები, ხოლო ვ. კ-ს სახელზე გაცემული კაზაკთა ატამანის ... მოწმობიდან ირკვევა, რომ იგი ეკუთვნის რუსეთის კაზაკთა კავშირის ყუბანის საჯარისო ანაპა-ტამანის “...” კაზაკთა ატამანის უფროსის მოადგილეს ფინანსურ დარგში ვ. კ-ს.

პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კოლეგიამ სწორად არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში ვ. კ-ს მონაწილეობის მცდელობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ ცნობას იმის თაობაზე, რომ 2004წ. 17 ივლისს კაზაკთა რაიონული საზოგადოების ატამანთა საბჭოზე საქართველოში კაზაკთა გაგზავნის საკითხი არ განხილულა, პალატა თვლის, რომ ეს გარემოება არ ცვლის იმ მტკიცებულებების სისწორეს, რომლებიც ადასტურებენ ვ. კ-ს ბრალდებას _ განზრახვას, მონაწილეობა მიეღო შეიარაღებულ ფორმირებაში საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად.

პალატა ასევე თვლის, რომ მსჯავრდებულ ვ. კ-ს სასჯელი შეეფარდა სწორად, ჩადენილი ქმედებების სიმძიმისა და პიროვნების შესაბამისად, ამდენად, არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივებს ვ. კ-ს მიმართ სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 20 აპრილის განაჩენი ვ. კ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.