საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 05.10.2005
საქმის ნომერი
2კ-112კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.10.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 112-კოლ 5 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თ. ლალიაშვილი,ნ. გაბრიჩიძე

განიხილა მსჯავრდებულ ზ. ს-ს საკასაციო საჩივარი სქაართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 5 მაისის განაჩენზე, რომლითაც ზ. ს. ამჟამად პატიმარი, ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, 109-ე მუხლის „კ“ და „ო“ ქვეპუნქტებით, 19, 109-ე მუხლის „ა“, „კ“, „ო“ ქვეპუნქტებით და ერთობლივად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა საპყრობილის პირობებში.

მსჯავრდებული ზ. ს. პატიმრობაში იმყოფება 2004წ. 21 ივნისიდან.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ზ. ს-მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა; მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ხულიგნური ქვენაგრძნობით, არაერთგზის; მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში _ ორი ან მეტი პირისა, ხულიგნური ქვენაგრძნობით, არაერთგზის, კერძოდ:

....... წელს დაბადებულ, ქ. ... მცხოვრებ ზ. ს-ს ახმეტის რაიონის სასამართლოს 1999წ. 11 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძვ. რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლის ვადით, რაც, იმავე კოდექსის 46-ე (ძვ. რედაქცია) მუხლის შესაბამისად, შეეცვალა პირობით, ოთხი წლის გამოსაცდელი ვადით.

ზ. ს., მიუხედავად ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისა, არ დაადგა გამოსწორების გზას და პირობითი მსჯავრის მოქმედების ვადაში კვლავ ჩაიდინა დანაშაული. 2001წ. 25 ივლისს ქ. ახმეტაში მ. ბ-მ და ზ. ს-მ ბადურაშვილის საცხოვრებელ ბინაში საღამოს მიიღეს ალკოჰოლური სასმელი და დათვრნენ. ნასვამებს მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება, რაც გადაიზარდა ჩხუბში. იმის გამო, რომ ზ. ს. ამ პერიოდში იმყოფებოდა ბადურაშვილების ოჯახში, სიტუაცია განიმუხტა და იგი წამოვიდა მათი სახლიდან. ზ. ს. განმსჭვალული იყო რა მ. ბ-ს მიმართ შურისძიების მოტივით, განიზრახა მისი მოკვლა. დანაშაულებრივი ჩანაფიქრის _ მ. ბ-ს განზრახ მოკვლის მიზნით იმავე ღამეს, არაერთგზის მივიდა მის სახლთან და უხმობდა მ. ბ-ს გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ სცადა მ. ბ-სთან შეხვედრა, ვერ მოახერხა. ზ. ს. განმსჭვალული იყო რა შურისძიების მოტივით მ. ბ-ს მიმართ, უცდიდა ხელსაყრელ მომენტს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2001წ. 29 ივლისს, დაახლოებით 3 საათზე, მ. ბ-ს ზ. ს. დახვდა ქ. ახმეტაში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის შორიახლოს. განზრახული ჰქონდა რა მისი მოკვლა, ხელთარსებული დანით სიცოცხლისათვის სახიფათო მიდამოში, მუცლის არეში, მუცლის მარცხენა ნახევარში, ჭიპის გვერდზე და ოდნავ ზემოთ მიაყენა სწორკიდიანი, 3X2 სმ, ჭრილობა დიდი ბადექონის, კუჭის წინა კედლის, კუჭის დიდი სიმრუდის კუჭ-კოლინჯის, იოგის დაზიანებით, რომელიც მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

ზ. ს. დარწმუნდა რა იმაში, რომ განზრახვა მოიყვანა სისრულეში, რადგანაც მ. ბ. ძირს უგონოდ დაეცა და წინააღმდეგობა შეწყვიტა, მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. დაჭრილი ბ. გადაყვანილ იქნა თელავის რაიონულ საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. აღნიშნულით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.

ზ. ს-ს ჩადენილი ჰქონდა რა განზრახ მკვლელობა, აგრძელებდა დანაშაულებრივ საქმიანობას და არაერთგზის, დამამძიმებელ გარემოებაში ჩაიდინა განზრახ მკვლელობა. 2004წ. 20 ივნისს, დაახლოებით 21 საათზე, ზ. ს. მთვრალი მივიდა გარდაბნის რაიონის სანერგე მეურნეობაში მდებარე გ. ე-ს კუთვნილ სახლში, სადაც ქეიფობდნენ თვით გ. ე., ა. გ., კ. ყ., გ. კ., ზ. ზ., ლ. ტ. და მისი ნაცნობი მ. პ.

ხსენებულმა პირებმა იგი მიიპატიჟეს და მანაც კვლავ განაგრძო ალკოჰოლური სასმლის _ ღვინის მიღება.

სუფრის მსვლელობისას, დაახლოებით 23 საათზე, თამადას _ გ. ე-ს ზ. ს-მ სთხოვა ერთი სადღეგრძელოს შესმა, რაზედაც გ. ე-საგან მიიღო უარი.

ამაზე განაწყენებულმა ზ. ს-მ უმოტივოდ დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება სუფრის წევრებს. მისი უმოტივო გინების საფუძველზე სუფრასთან მყოფი პირები სიტუაციის განმუხტვის მიზნით ადგნენ სუფრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ზ. ს. განაწყენებული იყო გ. ე-ზე, ხულიგნური ქვენაგრძნობით, არაერთგზის, თანნაქონი დანა დაარტყა ნ. პ-ს კისერში, რითაც კისრის მარცხენა ნახევრის ქვემო მესამედში მიაყენა განივი ჭრილობა, რომლის არხის მიმართულებაა წინიდან უკან, ოდნავ ზემოდან ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ. სიკვდილის უშუალო მიზეზი არის მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული კისრის არეში შემავალი ლავიწქვეშა არტერიის დაზიანებით.

მიღებული დაზიანების შედეგად მ. პ. საავადმყოფოში გარდაიცვალა 2004წ. 22 ივნისს.

ზ. ს. მოქმედებდა რა ხულიგნური ქვენაგრძნობით, არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მოკვლის სისრულეში მოსაყვანად, დარწმუნდა იმაში, რომ პ. ძირს უსულოდ ეგდო, ორი ან მეტი პირის ხულიგნური ქვენაგრძნობით, არაერთგზის მკვლელობის სისრულეში მოყვანის მიზნით, ხელთარსებული დანით წავიდა კ. ყანჩელაშვილისაკენ. მოქმედებდა რა პირდაპირი განზრახვით, ორი ან მეტი პირის მკვლელობის სისრულეში მოსაყვანად რამდენჯერმე მოუქნია დანა კ. ყ-ს. ზ. ს-მ თავისი დანაშაულებრივი განზრახვა _ დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მკვლელობა _ ბოლომდე სისრულეში ვერ მოიყვანა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რადგან კ. ყ-მ მოახერხა იქვე არსებული ხის ნაჭრის გამოყენებით მოძალადე ზ. ს-ს მოგერიება. აღნიშნულით ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „კ“ და „ო“ ქვეპუნქტებით, მე-19, 109-ე მუხლის „ა“, „კ“ და „ო“ ქვეპუნქტებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ზ. ს. ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მ. ბ-ს მკვლელობა ჩადენილი აქვს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, ხოლო მ. პ-ს მკვლელობა ჩადენილ იქნა გაუფრთხილებლობით; რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობას, ასეთი მას არ ჩაუდენია და ამ ნაწილში საქმე უნდა შეწყდეს. საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რის გამოც დაადგინა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი.

დამატებით წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ა. ითხოვს ზ. ს-ს მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას. იგი მიუთითებს, რომ სასამართლო კოლეგიამ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის მასალები, მთელი სისრულით არ გამოიკვლია საქმეზე წამოჭრილი ყველა ვერსია, რის გამოც დადგენილი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ლ. ა-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან დეტალურად გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლო გამოძიება ჩატარებულია არასრულყოფილად, ამიტომ სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქმის გარემოებათა მთელი სისრულით და ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად შესაძლებელი იქნება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. მითუმეტეს, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ზ. სამხარაძეს განზრახ არ მოუკლავს მ. ბ., ხოლო მ. პ. მოკლულ იქნა გაუფრთხილებლობით; რაც შეეხება კ. ყ-ს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ასეთი საქმის მასალებით არაა დადგენილი, ხოლო თვით კ. ყ., როგორც დაზარალებული, საბრალდებო დასკვნის სიაშიც არ ყოფილა შეყვანილი.

მსჯავრდებული ზ. ს. დაეთანხმა ადვოკატ ლ. ა-ს მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება. მან აღნიშნა, რომ მ. ბ. განზრახ არ მოუკლავს, ასევე მისი გაუფრთხილებლობით გარდაიცვალა მ. პ.; რაც შეეხება კ. ყ-ს, მისი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, რაც ამ უკანასკნელმა სასამართლო პროცესზეც დაადასტურა.

დაზარალებულის უფლებამონაცვლეებმა კანონიერად მიიჩნიეს მსჯავრდებულ ზ. ს-ს მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლეს მისი უცვლელად დატოვება.

პროკურორმა რ. ს-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია ზ. ს-ს მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო და დამატებითი საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე მსჯავრდებულ ზ. ს-ს მიმართ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს მსჯავრდებულმა ზ. ს-მ მ. ბ-ს მკვლელობა ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების პირობებში, რადგან ასეთი არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და ეწინააღმდეგება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმის მასალებით დადგენილია და თვით მსჯავრდებული ზ. ს-ც არ უარყოფდა, რომ მას და მ. ბ-ს 2001წ. 21 ივლისს მოუხდათ შელაპარაკება, რა დროსაც მ. ბ-მ ხელი გაარტყა ზ. ს-ს. დადგენილია ის გარემოებაც, რომ ზ. ს. შურისძიების მოტივით ცდილობდა, სამაგიერო გადაეხადა მ. ბ-სათვის. ეს გარემოება დადასტურებულია მოწმეების _ მ. -ს და ლ. ს-ს ჩვენებებით. მოწმე ლ. ს-მ დაადასტურა, რომ მისი შვილი ზ. ს. ამბობდა, რომ არ აპატიებდა მ-ს მის ნამოქმედარს.

დადგენილია ის გარემოება, რომ 2001წ. 29 ივლისს, 03 საათზე, მსჯავრდებული ზ. ს. ქ. ახმეტაში, ... სახლთან დახვდა მ. ბ-ს, რომელსაც განზრახ მოკვლის მიზნით მუცლის არეში დაარტყა დანა, მიაყენა მას მძიმე დაზიანება და ეს უკანასკნელი რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

პალატა თვლის, რომ ამ ეპიზოდში მსჯავრდებულ ზ. ს-ს ქმედება სავსებით კანონიერად დაკვალიფიცირდა სსკ-ის 108-ე მუხლით.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს ზ. ს-მ მ. პ-ს მკვლელობა ჩაიდინა გაუფრთხილებლობით. საქმის მასალებით, მათ შორის _ კ. ყ-ს ჩვენებით უტყუარადაა დადგენილი, რომ მ. პ-ს დანის ყელის არეში ჩარტყმით მიაყენა დაზიანება, რის შედეგად ეს უკანასკნელი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ 22 ივნისს, მიღებული დაზიანებების გამო, გარდაიცვალა.

ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა ზ. ს-მ დამამძიმებელ გარემოებებში ჩაიდინა მ. პ-ს მკვლელობა, ასევე დადგენილია მოწმეების _ გ. ე-სთავის, ა. გ-ს, გ. კ-სა და ა. ჩ-ს ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით.

პალატა ასევე არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მითითებას, რომ თითქოს მსჯავრდებულს არ ჰქონია კ. ყ-ს მოკვლის განზრახვა და მისი ქმედება მკვლელობის მცდელობით არ უნდა დაკვალიფიცირებულიყო.

საქმის განხილვისას, მართალია, კ. ყ-მ ნაწილობრივ შეცვალა წინასწარი გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენება, მაგრამ სასამართლო კოლეგიამ საქმეში არსებულ სხვა მასალებთან ერთად შეაჯერა კ. ყ-ს მიცემული ჩვენებები და სავსებით კანონიერად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კ. ყ-ს მკვლელობის მცდელობას.

მართალია, საბრალდებო დასკვნის დანართში კ. ყ. შეყვანილია მოწმეთა სიაში, მაგრამ ის წინასწარი გამოძიების სტადიაზე ცნობილი იყო დაზარალებულად, დაიკითხა დაზარალებულის სახით, გაეცნო საქმის მასალებს. მისი, როგორც დაზარალებულის, უფლებები შეზღუდული არ ყოფილა და ამ მოტივით განაჩენის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

პალატა თვლის, რომ მჯავრდებულ ზ. ს-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, მისი ქმედებები სამართლებრივად სწორად არის შეფასებული, სასჯელიც მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მხედველობაში მიღებით აქვს განსაზღვრული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი და ადვოკატის დამატებითი საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 5 მაისის განაჩენი ზ. ს-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.