საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 29.11.2005
საქმის ნომერი
2კ-126კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.11.2005

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 126-კოლ 29 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,მ. ისაევი

განიხილა ... რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ლ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 27 მაისის განაჩენზე გ. გ-ს მიმართ.

სასამართლო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საბრალდებო დასკვნით, გ. გ-ს ბრალი ედებოდა იმაში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო და არ გამოუწვევია სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

აღნიშნული კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში:

ქ. ... მცხოვრებ გ. გ-ს და მის ყოფილ მეუღლე ლ. გ-ს შორის მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე აფთიაქის კუთვნილებასთან დაკავშირებით ხანგრძლივი დროის მანძილზე არსებობდა კონფლიქტური ურთიერთობა. 2003წ. 20 ნოემბერს გ. გ-მ შეიტყო, რომ ლ. გ-მ გაყიდა აფთიაქის ინვენტარის ნაწილი. ამ საკითხის გასარკვევად იგი მეორე დღეს, დაახლოებთი 10.30 საათზე შევიდა აფთიაქში და იქ მყოფ პირებს სთხოვა დაეტოვებინათ იქაურობა, რის შემდეგ დარწმუნდა, რომ ინვენტარის ნაწილი ადგილზე არ იყო და მიმართა ყოფილ მეუღლეს, აეხსნა მიზეზი. ლ. გ-მ უთხრა, რომ ინვენტარი აფთიაქის თანამშრომლის _ მ. ყ-ს ბინაში ინახებოდა. ამასთან ყვირილით მიმართა, რომ იქ შესვლის უფლება არ ჰქონდა და მოუწოდა დაეტოვებინა იქაურობა. მათ ერთმანეთს უცენზურო სიტყვებით მიმართეს, რა დროსაც გ. გ-მ განიზრახა ლ. გ-ს ჯანმრთელობის დაზიანება, ხელი ჩაავლო მხარში და დაუწყო ცემა. ლ. გ-მ სახეზე ხელების აფარებით სცადა მისგან თავის დაცვა, მაგრამ როდესაც იგრძნო მოსალოდნელი საშიშროება, ჯიბიდან ამოიღო თავდაცვის მიზნით წინასწარ შეძენილი ქლორაცეტოფენონის, ე.წ. „ჩერიომუხას“ ბალონი და გ. გ-ს ქმედების შეწყვეტის მიზნით შიგთავსი თვალებში შეასხურა. გ. გ-მ დაიყვირა: „ეს რა შემასხიო“ და სცადა ლ. გე-სათვის ბალონის წართმევა, რა დროსაც განაგრძო მისი ცემა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულმა მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ნახეთქი ჭრილობები თხემისა და სახის არეში, ასთენო-დეპრესიული სინდრომი, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი დროით მოშლა.

წინასწარმა გამოძიებამ გ. გ-ს ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიას.

სასამართლო კოლეგიის 2005წ. 27 მაისის განაჩენით გ. გ.ე წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. ამასთან, უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა დაზარალებულ ლ. გ-ს სამოქალაქო სარჩელი.

პროკურორი მ. ლ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს განაჩენის, როგორც უკანონოს, გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის გადაცემას შემდეგი მოტივებით:

განაჩენის აღწერილობითი ნაწილი რადიკალურად ეწინააღმდეგება სამოტივაციო ნაწილს. სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ დაკითხულ პირთაგან, გარდა გ. გ-ს და ლ. გ-სა, არცერთი არ წარმოადგენს მომხდარი ფიზიკური შეხლა-შემოხლის თვითმხილველს, უშუალოდ ჩხუბის შემსწრე მოწმე საქმეზე არ არსებობს. ამასთან, მოყვანილია გ. გ-ს დედის ჩვენება, რომლის მიხედვით მან დაინახა, რომ შვილი და ყოფილი რძალი ჩხუბობდნენ და ამ უკანასკნელმა გ. გ-ს თვალებში რაღაც ბალონი შეასხა. მოწმე მ. ყ. წინასწარი გამოძიებისას განმარტავს, რომ დაზარალებული იდგა ზურგით კედლის მხარეს და სახეზე ხელს იფარებდა, ხოლო გ. გ. მასზე გადაფარებული იყო, ესმოდა დარტყმის ხმა. გ. გ-ს დედა არ უარყოფს, რომ მისი შვილი აფთიაქში შევიდა ყოფილი მეუღლის სასამართლოში წასაყვანად. ეჭვგარეშეა, რომ გ. გ. მოქმედებდა მიზანმიმართულად და უსწორდებოდა დაზარალებულს, რისთვისაც თავიდან მოიშორა თვითმხილველები. კედელთან მიმწყვდეული იყო ლ. გ. და სახიდან სისხლი მანამდე მოსდიოდა, ვიდრე თავდასხმის მოგერიების მიზნით ბალონის შიგთავსს შეასხურებდა გ. გ-ს. უსაფუძვლოა ამ უკანასკნელის ვერსია, თითქოს ლ. გ-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა თავდასხმის ინსცენირებას, რადგან ამას აზრი არ ჰქონდა მოწმეთა გარეშე. დაზარალებულმა ბალონი შეიძინა თავდაცვის მიზნით, რადგან ქ. კასპში ახლობელი არ ჰყავდა და შევიწროების ფაქტს სხვა დროსაც ჰქონდა ადგილი. თვით გ. გ-ის ჩვენებით ყოფილმა მეუღლემ თავი დაარტყა რკინის კარს და დარაბას, რომლებიც ერთმანეთს მიეჯახა და დაზარალებულს მათ შორის მოჰყვა თავი. ასეთ შემთხვევაში, გ. გ-ს უნდა გაეთვალისწინებინა შედეგის განხორციელების გარდუვალობა. უკიდურეს შემთხვევაში, მან შეგნებულად დაუშვა და გულგრილად მოეკიდა შედეგს. ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული დაზარალებულის ჩვენების სრული უგულვებელყოფა და გ. გ-ს განმარტების სარწმუნოდ მიჩნევა. განაჩენში არასწორადაა მითითებული, რომ დაზარალებულს, გარდა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულისა, სხვა დაზიანებები არ აღენიშნება, მაშინ, როცა ლ. გ-სათვის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით და, დამდგარი შედეგის მიხედვით, არ ეწინააღმდეგება გ. გ-სათვის შერაცხულ ბრალდებას. ამ უკანასკნელის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია როგორც მისი და დაზარალებულის, ასევე მოწმეთა ჩვენებებით და ექსპერტიზის დასკვნით.

სასამართლო პალატის სხდომაზე პროკურორმა პ. მ-მ საჩივარს მხარი დაუჭირა, მოითხოვა გ. გ-ს მიმართ განაჩენის გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად გორის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემა იმ მოტივით, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

ადვოკატმა ლ. ტ-მ საჩივარს მხარი არ დაუჭირა და იშუამდგომლა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დადგენილი განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ იგი კანონიერი და სამართლიანია.

ადვოკატ ლ. ტ-ს მოთხოვნას დაეთანხმა გ. გ.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს, გააანალიზა საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო კოლეგიამ მართებულად მიუთითა, რომ საქმეზე არ არსებობს, მოწმე, რომელიც აღწერდა ჩხუბის დროს ლ. გ-ს და გ. გ-ს მოქმედებას. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მოწმე მ. ყ-მ განმარტა შემდეგი: როდესაც გ. გ. შევიდა აფთიაქში, არ შეუმჩნევია, რომ იგი აგრესიულად იყო განწყობილი. ცოლ-ქმარმა კამათი დაიწყო, რაც ჩხუბში გადაიზარდა. არ უნახავს, თუ ვინ ვის ურტყამდა. ნახა მხოლოდ, რომ მოჩხუბრები ერთმანეთს ეჭიდებოდნენ. მიხვდა, რომ სიტუაციას ვერ განმუხტავდა და გარეთ გავიდა, რათა დასახმარებლად ვინმე მოეხმო.

სასამართლოში დაკითხვისას გ. გ-ს დედამ _ თ. გ- განმარტა, რომ დაინახა, როგორ შეასხა მის შვილს ლ. გ-მ ბალონის შიგთავსი. გ. გ. ცდილობდა ბალონი წაერთმია. მოჩხუბრები ტრიალებდნენ. ვერ გაარჩია ვინ ვის ურტყამდა, მაგრამ დაინახა, რომ მის შვილს ლ. გ-ს ხელი ეჭირა.

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლ. გ-მ აჩვენა, რომ ყოფილი მეუღლე აფთიაქში შესვლისას აგრესიულად იყო განწყობილი. გ. გ-მ იგი კედელს მიახეთქა და დაზიანება მაშინ მიიღო. ამის შემდეგ გ. გ-მ წააქცია და სასტიკად სცემა. ბალონის შიგთავსი მას შემდეგ შეასხა, როდესაც ამ უკანასკნელმა ხელი გაარტყა.

სასამართლო სხდომაზე გ. გ-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და აჩვენა, რომ მეუღლესთან მივიდა იმ მიზნით, რათა იგი დასწრებოდა სასამართლო სხდომას, რომელზეც მათი სამოქალაქო დავა იხილებოდა. აფთიაქიდან გამოსვლისას გამოჰყვა ლ. გ. და შეასხა ცრემლსადენი გაზი, რის გამოც მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა, ხოლო მარცხენაში კი იგრძნო ძლიერი წვა და ტკივილი. ხელში სწვდა ლ. გ-ს და ბალონის წართმევის მიზნით ორჯერ მოიქნია. ამ უკანასკნელმა თავი მიარტყა რკინის კარს და დარაბას. კარი და დარაბა ერთმანეთს მიეჯახა და დაზარალებულს მათ შორის მოჰყვა თავი. დაზიანებები გამოიწვია სწორედ რკინის კარის ბასრი პირის ზემოქმედებამ.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ლ. გ-ს აღენიშნებოდა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ნახეთქი ჭრილობები თხემის და სახის არეში, ასთენო-დეპრესიული სინდრომი. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

თვით გ. გ-მაც მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მას აღენიშნებოდა მარჯვენა თვალის ლორწოვანის და რქოვანას II ხარისხის ქიმიური დამწვრობა, რაც მიყენებულია ქიმიური ნივთიერების ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანების ნაკლებად მძიმე ხარისხს.

კომპლექსური სასამართლო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, გამოსაკვლევად წარდგენილი ბალონის შიგთავსი შეიცავს ქლორაცეტოფენონს, რომელიც იწვევს თვალისა და სასუნთქი გზების ძლიერ გაღიზიანებას და მისი დიდი ოდენობით ჩასუნთქვა საშიშია ჯანმრთელობისათვის. მიეკუთვნება მომწამლავ ნივთიერებათა ჯგუფს.

საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ლ. გ-ს სახიდან სისხლი უფრო ადრე მოსდიოდა, ვიდრე ბალონის შიგთავსს შეასხამდა გ. გ-ს. კერძოდ, მოწმე მ. ყ-მ განმარტა, რომ აფთიაქიდან გასვლისას ლ. გ-ს სახეზე სისხლი არ შეუმჩნევია. ამ მომენტში მოესმა გ. გ-ს ხმა: “რა შემასხიო”.

საკასაციო საჩივარში პროკურორი აღნიშნავს, რომ “თვით გ. გ-ს ჩვენებით, ხელში სწვდა, ორჯერ მოიქნია, რა დროსაც ლ. გ. თავით დაეჯახა რკინის კარს და დარაბას. მას უნდა გაეთვალისწინებინა ასეთი შედეგის განხორციელების გარდუვალობა, უკიდურეს შემთხვევაში, შეგნებულად დაუშვა და გულგრილად მოეკიდა მას”. გ. გ.ე ჩვენებაში მიუთითებს, რომ როდესაც ლ. გ-მ შეასხა ცრემლსადენი გაზი, მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა, ხოლო მარცხენაში კი იგრძნო ძლიერი წვა და ტკივილი. ამის გამო ყოფილ მეუღლეს ხელში სწვდა და ბალონის წართმევის მიზნით ორჯერ მოიქნია.

გ. გ-ს და ლ. გ-ს ჩვენებები ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება. ფაქტია, რომ ჯანმრთელობის დაზიანება ორივე მათგანმა მიიღო.

საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი დგინდება მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კოლეგიამ სწორად შეაფასა საქმეში არსებული მასალები და მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

პროკურორ მ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 27 მაისის განაჩენი გ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.