საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 24.03.2005
საქმის ნომერი
2კ-35აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 35-აპ 24 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე

განიხილა მსჯავრდებულ ლ. პირველის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 სექტემბრის განაჩენი მის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 სექტემბრის განაჩენით ლ. პირველს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 188-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. განაჩენით ლ. პირველს დაზარალებულ ვ. მღვდლიშვილის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 850 ლარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ნოემბრის განაჩენით კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განაჩენი ლ. პირველის მიმართ დარჩა უცვლელად.

განაჩენით ლ. პირველს მსჯავრი დაედო დამამძიმებელ გარემოებებში ყაჩაღობის ჩადენისა და სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებისათვის, რაც ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში:

2004წ. 25 აპრილს ქ. თბილისში ლ. პირველი და სხვა პირი ყაჩაღურად თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლ ვ. მღვდლიშვილს, რომელსაც დანის გამოყენების მუქარით გასტაცეს 7 ლარი და ავტომანქანა “ვაზ-2106”. ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე ლ. პირველმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის სწორი მართვა და იგი შეაჯახა ბოძს, რის შედეგადაც ავტომანქანა დაზიანდა და დაზარალებულმა ვ. მღვდლიშვილმა მიიღო 850 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, აღიარებს და ინანიებს დანაშაულს და ა. შ.

შესაგებლით დაზარალებული ვ. მღვდლიშვილი ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას. იგი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს მისთვის ზიანი არ აუნაზღაურებია და, ამდენად, არ ეთანხმება საკასაციო საჩივარს მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქების შესახებ.

პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა დ. მესტვირიშვილმა საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, თვით მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებებით, დაზარალებულ ვ. მღვდლიშვილის განმარტებებით ლ. პირველის მიერ მასზე შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული. პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ლ. პირველის მიმართ სასჯელის შემსუბუქების შესახებ. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა რა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, მათ შორის _ მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება, მისი ოჯახური მდგომარეობა, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ლ. პირველს დაუნიშნა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არ არის მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო.

პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ნოემბრის განაჩენი ლ. პირველის მიმართ კანონიერია და არ არსებობს მისი შეცვლისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ნოემბრის განაჩენი ლ. პირველის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.