საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 29.11.2005
საქმის ნომერი
2კ-145კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.11.2005

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 145-კოლ 29 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ შ. სოხაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 16 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 16 ივნისის განაჩენით შ. სოხაძეს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის მე-19,137-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე წარმოებით შეწყდა; შ. სოხაძის დანაშაულებრივი ქმედება სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 141-ე მუხლზე და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მსჯავრდებულ შ. სოხაძეს ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა მცირეწლოვან მ. სირაძის გაუპატიურების მცდელობა და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება.

წინასწარმა გამოძიებამ შ. სოხაძის ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მე-19,137-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მხარეთა კამათის სტადიაზე, სახელმწიფო ბრალმდებელმა ი. კუხალეიშვილმა განაცხადა, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დასტურდება შ. სოხაძის მიერ სსკ-ის მე-19,137-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც ამ ნაწილში უარი თქვა ბრალდებაზე. დაზარალებული მ. სირაძე, მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ფხაკაძე და კანონიერი წარმომადგენელი ც. რევაზიშვილი დაეთანხმნენ სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას და უარი განაცხადეს შ. სოხაძისათვის სსკ-ის მე-19,137-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარდგენილი ბრალდების მხარდაჭერაზე. საქართველოს სსსკ-ის 24-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 28-ე მუხლის I ნაწილის „პ” ქვეპუნქტის, 28-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 446-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებაზე პროკურორის უარის შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარდაჭერაზე უარი თქვა დაზარალებულმაც, სასამართლო წყვეტს სისხლის სამართლის საქმის წარმოებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ შ. სოხაძეს მოუხსნა სსკ-ის 19,137-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.

რაც შეეხება განსასჯელ შ. სოხაძისათვის საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, ამ ნაწილში სახელმწიფო ბრალმდებელმა ი. კუხალეიშვილმა, ზემდგომი პროკურორის წერილობითი თანხმობით, შეცვალა ბრალდება განსასჯელის სასარგებლოდ და მოითხოვა მისი ქმედების სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან ამავე კოდექსის 141-ე მუხლზე – გარყვნილ ქმედებაზე გადაკვალიფიცირება. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 24-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებელმა წარმოადგინა ბრალდების ახალი წერილობითი ფორმულირება, რომლის მიხედვითაც, შ. სოხაძეს ბრალი დასდო იმაში, რომ მან ჩაიდინა ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან. საქართველოს სსსკ-ის 450-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან პროკურორმა შეცვალა ბრალდება მსჯავრდებულის სასარგებლოდ, სასამართლო კოლეგიამ საქმე განიხილა მხოლოდ ამ ბრალდების ფარგლებში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 16 ივნისის განაჩენით შ. სოხაძეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, რაც გამოიხატა შემდეგში:

2004წ. 22 მაისს, დაახლოებით 10 საათზე, ქ. ქუთაისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე, კინოთეატრ „სულიკოს” მიმდებარე ტერიტორიაზე, შ. სოხაძემ შენიშნა მცირეწლოვანი მ. სირაძე, რომელიც ¹35 საშუალო სკოლაში ცეკვის გაკვეთილზე მიდიოდა. შ. სოხაძემ განიზრახა რა გარყვნილი ქმედების ჩადენა წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ მ. სირაძესთან, აედევნა მას, გაიყვანა ¹35 საშუალო სკოლის ეზოს უკან, მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩაუწია ქვედა საცვალი და თითით დაუწყო სასქესო ორგანოზე მოფერება. ამ მომენტში მ. სირაძემ იყვირა, რის შემდეგაც შ. სოხაძე გაიქცა დანაშაულის ადგილიდან და მიიმალა.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული შ. სოხაძე ითხოვს კოლეგიის განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ საქმის შეწყვეტას საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, რასაც ასაბუთებს შემდეგი მოტივებით:

განაჩენი მის მიმართ არის უკანონო და დაუსაბუთებელი; საქმეში არ მოიპოვება მისი ბრალის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებანი; განაჩენი ემყარება მხოლოდ მცირეწლოვანი დაზარალებულის – მ. სირაძის ჩვენებებს, მაშინ, როდესაც საქმეზე დაკითხული მრავალი მოწმე ადასტურებს, რომ იმ პერიოდში, როდესაც ეს დანაშაული მოხდა, იგი (შ. სოხაძე) იყო ¹1 სამშობიარო სახლის ეზოში მდებარე ნაკვეთში.

ადვოკატები – ი. კუპრავა და თ. ასლანიკაშვილი მხარს უჭერენ საკასაციო საჩივარს.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პროკურორი რ. ჩივიაშვილი ითხოვს შ. სოხაძის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა პოზიცია და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულმა შ. სოხაძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მცირეწლოვან მ. სირაძის მიმართ გარყვნილი ქმედება არ ჩაუდენია, მასთან რაიმე შეხება არ ჰქონია და იგი პირველად პოლიციის განყოფილებაში ნახა.

პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა რა მსჯავრდებულ შ. სოხაძის ჩვენებები, განაჩენს სწორად დაუდო საფუძვლად დაზარალებულ მ. სირაძის მიერ წინასწარ გამოძიებასა და სასამართლო განხილვის დროს მიცემული ჩვენებები. ამ ჩვენებების მიხედვით, რომლის რეალობაში ეჭვის შეტანის საფუძველს საქმის მასალები არ იძლევა, დაზარალებულმა დამაჯერებლად ამხილა შ. სოხაძე დანაშაულში, მანვე ამოიცნო იგი, დაუპირისპირდა მას და განმარტა, რომ მის მიმართ დანაშაული ჩაიდინა სწორედ შ. სოხაძემ, რომელიც ამოიცნო გარეგნობით – თვალებით, სახით, ჩაცმულობითაც და ასევე იმით, რომ „შრამი” ჰქონდა მარჯვენა ხელზე.

სასამართლო განხილვის დროს დაზარალებული მ. სირაძე ფსიქოლოგ ბელა წულუკიძის თანდასწრებით დააპირისპირეს მსჯავრდებულ შ. სოხაძესთან. მან დაადასტურა, რომ სწორედ ამ უკანასკნელმა ჩაიდინა მის მიმართ დანაშაული.

ის, რომ დაზარალებულმა მ. სირაძემ სწორად ამოიცნო მსჯავრდებული შ. სოხაძე და ამხილა იგი ჩადენილ დანაშაულში, დასტურდება დაზარალებულის კანონიერი წარმომადგენლის – ც. რევაზიშვილის ჩვენებებითაც, რომლის თანახმად, მისი შვილი – მ. სირაძე 2004წ. 22 მაისს, დაახლოებით 09.40 საათზე, წავიდა სკოლაში ცეკვის გაკვეთილზე. სახლში იგი დაახლოებით 12.00 საათზე აცახცახებული და შეშინებული დაბრუნდა. მის შეკითხვაზე, თუ რატომ იყო ასეთ მდგომარეობაში, მ-მ უპასუხა, რომ სკოლაში არსებულ სპორტულ მოედანთან უკნიდან მიეპარა უცხო მამაკაცი, რომელიც აღმოჩნდა შ. სოხაძე; თავდაპირველად მან ფული მოსთხოვა, შემდეგ კი წაიყვანა სკოლის კედელთან, კუთხეში, ჩახადა ქვედა საცვალი და თითით დაუწყო სასქესო ორგანოზე ფერება. შეშინებულმა ბავშვმა ყვირილი ატეხა, რა დროსაც შ. სოხაძე იქაურობას გაერიდა.

ც. რევაზიშვილის განცხადებით, მ-მ იმთავითვე დეტალურად აღწერა დამნაშავე, რომ იგი იყო 40-45 წლის, დაბალი ტანის, შავგვრემანი პირისახის, შავი, მოკლედ შეჭრილი თმით, თაფლისფერი თვალებით, გაუპარსავი წვერით, რომ ეცვა შავი, მოკლემკლავიანი „საროჩკა”, შავი ჯინსის შარვალი და ფეხსაცმელი. აქვე მიუთითა, რომ დამნაშავეს მარჯვენა ხელზე ჰქონდა „შრამი”. მომხდარის შესახებ იმავე დღესვე განაცხადეს პოლიციაში და ითხოვეს დახმარება.

ც. რევაზიშვილმა აჩვენა ისიც, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს შ. სოხაძე, რომლის ამოცნობაც მისი თანდასწრებით ჩატარდა. მ. სირაძემ შ. სოხაძე ამოიცნო გარეგნულად მსგავს სამ მამაკაცს შორის. შემდგომ მისი და ფსიქოლოგის თანდასწრებით შ. სოხაძესთან დაპირისპირებისას მ-მ ისევ დაადო ხელი შ. სოხაძეს და მიუთითა, რომ დანაშაული ნამდვილად მან ჩაიდინა. ასეთივე შინაარსის ჩვენებები მისცა მოწმე ა. სირაძემაც, რომელმაც მიუთითა, რომ, გარდა იმისა, რომ მ. სირაძე დეტალურად აღწერდა მსჯავრდებულის გარეგნობას, აცხადებდა, რომ შესძლებდა მის ამოცნობას, განმარტავდა, რომ მას ჰქონდა არასასიამოვნო სუნი.

საქმის მასალებით დადგენილია რომ დაზარალებულ მ. სირაძის მიერ აღწერილი დამნაშავის გარეგნული მონაცემები დაემთხვა შ. სოხაძის მონაცემებს – დაკავებისას მას ჰქონდა წვერი, ეცვა შავი ფერის პერანგი და შავი ფერის ჯინსის შარვალი. სამედიცინო შემოწმების აქტის მიხედვით, დაკავებისას შ. სოხაძე მართლაც იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში.

ის, რომ დაზარალებულმა მ. სირაძემ სწორად ამოიცნო და ამხილა შ. სოხაძე ჩადენილ დანაშაულში, დასტურდება იმითაც, რომ დაზარალებულმა მ. სირაძემ ჯერ კიდევ შ. სოხაძის დაკავებამდე მიუთითა, რომ დამნაშავეს მარჯვენა ხელზე ჰქონდა ანაცრელის მსგავსი ნაწიბურივით დაზიანება. საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შ. სოხაძეს სწორედ ამ სახის დაზიანება აქვს სხეულზე, კერძოდ, მას მარჯვენა წინამხრის უკანა ზედაპირზე, ქვედა მესამედში, აღენიშნება მრგვალი ფორმის, მოთეთრო ელფერის, რბილი კონსისტენციის ნაწიბური, ზომით 0,8X0,8 სმ, რომელიც წარმოადგენს ჭრილობის შეხორცების კვალს და ხანდაზმულობით არანაკლებ ერთი წლისაა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორი შეფასება მისცა დაზარალებულ მ. სირაძის ჩვენებებს, რომლის რეალობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, პალატას არ გააჩნია, მით უფრო, რომ საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულ მ. სირაძის ფსიქიკური ფუნქციები მიმდინარეობს და განვითარებულია ასაკის შესატყვისად; გონებრივი განვითარების დონე შეესატყვისება მიღებულ ცოდნას; არ გამოვლენილა წარმოსახვის (ფანტაზიის) ისეთი უნებლიე მოქმედებები, რომლებიც შეზღუდულია რეალური სინამდვილის ასახვით ან სცილდება მის შინაგან სამყაროს.

საკასაციო პალატამ გამოიკვლია მსჯავრდებულ შ. სოხაძის მიერ წამოყენებული ვერსია ალიბის თაობაზე და თვლის, რომ დაზარალებულ მ. სირაძის ჩვენებებს უპირატესობა უნდა მიენიჭოს ალიბის დამადასტურებელ სხვა მოწმეთა ჩვენებებთან შედარებით, რამდენადაც დაზარალებულმა მ. სირაძემ როგორც გამოძიებაში, ისე სასამართლო კოლეგიაში საქმის განხილვისას დამაჯერებლად ამხილა შ. სოხაძე მის მიერ ჩადენილ დანაშაულში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას დადასტურებულად მიაჩნია მსჯავრდებულ შ. სოხაძის მიერ ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედების ჩადენა, წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან; ამდენად, საკასაციო საჩივრის არგუმენტაციას შ. სოხაძის მიმართ სასამართლო კოლეგიის განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის თაობაზე პალატა არ იზიარებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 16 ივნისის განაჩენი შ. სოხაძის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.