საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 15.11.2005
საქმის ნომერი
2კ-173კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.11.2005

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 173-კოლ 15 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),მ. გოგელია

განიხილა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე. ტურაშვილის, დაზარალებულ ფ. ქადაგიძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ფოლადაშვილის, მსჯავრდებულ თ. შოშიაშვილის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 5 აგვისტოს განაჩენზე გ. ბორძიკიძის, მ. დადალაურის, ლ. ქააძისა და თ. შოშიაშვილის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 5 აგვისტოს განაჩენით მიესაჯათ:

გ. ბორძიკიძეს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “თ” ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით, სსკ-ის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. გ. ბორძიკიძე გამართლდა სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2004წ. 24 აგვისტოდან.

მ. დადალაურს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “თ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2004წ. 24 აგვისტოდან.

ლ. ქააძეს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “თ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2004წ. 24 აგვისტოდან.

თ. შოშიაშვილს საქართველოს სსკ-ის 25, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “თ” ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2004წ. 17 აგვისტოდან.

მ. დადალაური, ლ. ქააძე და თ. შოშიაშვილი გამართლდნენ სსკ-ის 19,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

განაჩენით მსჯავრდებულებს მსჯავრი დაედოთ შემდეგი დანაშაულის ჩადენაში:

გ. ბორძიკიძეს უყვარდა თანასოფლელი ფ. ქადაგიძე და სურდა მისი ცოლად შერთვა. ვინაიდან მშობლები წინააღმდეგი იყვნენ, ფ. ქადაგიძეც თავს იკავებდა. გ. ბორძიკიძემ განიზრახა მისი მოტაცება და ამ მიზნით იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა მეგობრებს _ ნ. შათიაშვილს, მ. დადალაურს და ლ. ქააძეს. მათ 2004წ. 21 აპრილს, დაახლოებით 17 საათზე, ახმეტის რაიონის სოფ. ზემო ალვანის გზიდან მოიტაცეს ფ. ქადაგიძე, რომელსაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ჩასვეს გ. ბორძიკიძის ავტომანქანაში. და წაიყვანეს თელავის რაიონის სოფ. კონდოლში მცხოვრებ თ. შოშიაშვილის სახლში. თ. შოშიაშვილმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა, რომ ფ. ქადაგიძე მოტაცებული იყო, აღმოუჩინა დახმარება და მიიღო ისინი სახლში. მეორე დღეს გ. ბორძიკიძემ ფიზიკური ძალადობისა და დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა ფ. ქადაგიძესთან. 22 აგვისტოს, საღამოს, გამტაცებლებმა ფ. ქადაგიძე დააბრუნეს სახლში, ვინაიდან მან უარი განაცხადა გ. ბორძიკიძესთან დარჩენასა და ქორწინებაზე.

საკასაციო საჩივრით თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორი ე. ტურაშვილი ითხოვს განაჩენის გაუქმებას. პროკურორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად გაამართლა გ. ბორძიკიძე სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, ხოლო მ. დადალაური, ლ. ქააძე და თ. შოშიაშვილი _ სსკ-ის 19,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. პროკურორის აზრით, მსჯავრდებულებს დანიშნული აქვთ მეტისმეტად მსუბუქი სასჯელი. იმავე მოტივებით დაზარალებული ფ. ქადაგიძე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. ფოლადაშვილი ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელმეორედ განხილვას.

მსჯავრდებული თ. შოშიაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ მას ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია და უკანონოდ არის მსჯავრდებული. პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა პ. მსხილაძემ პროკურორ ე. ტურაშვილის საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

დაზარალებულმა ფ. ქადაგიძემ და მისმა ინტერესების დამცველმა კ. ფოლადაშვილმა მხარი დაუჭირეს თავიანთ საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მსჯავრდებულმა თ. შოშიაშვილმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ყურაშვილმა მხარი დაუჭირეს თავიანთ საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მსჯავრდებულებმა _ გ. ბორძიკიძემ, მ. დადალაურმა, ლ. ქააძემ და მათმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა _ მ. პოპიაშვილმა, დ. ბაკურაძემ, მ. ყურაშვილმა საკასაციო საჩივრებს მხარი არ დაუჭირეს და მოითხოვეს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს. პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ თ. შოშიაშვილის საკასაციო საჩივარს მის მიმართ განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ. საჩივრის მოტივები, რომ თითქოს მას განაჩენით შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია და უკანონოდ არის მსჯავრდებული, უსაფუძვლოა. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უდავოდ არის დადგენილი, რომ მსჯავრდებული თ. შოშიაშვილი დაეხმარა მსჯავრდებულებს _ გ. ბორძიკიძეს, მ. დადალაურსა და ლ. ქააძეს ფ. ქადაგიძის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან ქადაგიძე ერთი დღის განმავლობაში გააჩერა თავის სახლში. პალატა თვლის, რომ თ. შოშიაშვილის ქმედებას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული. პალატა ასევე არ ეთანხმება პროკურორ ე. ტურაშვილისა და დაზარალებული ქადაგიძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ფოლადაშვილის საკასაციო საჩივრების მოთხოვნას მსჯავრდებულების მიმართ განაჩენის გაუქმებისა და საქმის ხელმეორედ განხილვის მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების შესახებ.

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მსჯავრდებულების როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი და მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები. სასამართლო გამოძიებით ვერ იქნა მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ გ. ბორძიკიძის მიერ სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, ხოლო მ. დადალაურის, ლ. ქააძისა და თ. შოშიაშვილის მიერ 19,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. რაც შეეხება სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლო კოლეგიამ იგი, როგორც ზედმეტად წარდგენილი, მოუხსნა მსჯავრდებულებს, ვინადიან სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “თ” ქვეპუნქტი მოიცავს ზემოთ ხსენებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.

სასამართლო კოლეგიამ გაითვალისწინა რა მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, ასევე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ მსჯავრდებულები წარსულში ნასამართლევები არ არიან, მხედველობაში მიიღო მათი დადებითი დახასიათება და ოჯახური მდგომარეობა, რომ მ. დადალაურს კმაყოფაზე ჰყავს ავადმყოფი მშობლები, ლ. ქააძეს და თ. შოშიაშვილს _ მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები და სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც არ არის მეტისმეტად მსუბუქი და აშკარად უსამართლო.

ამდენად, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 5 აგვისტოს განაჩენი კანონიერია და არ არსებობის მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 5 აგვისტოს განაჩენი გ. ბორძიკიძის, მ. დადალაურის, ლ. ქააძისა და თ. შოშიაშვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.