საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 29.11.2005
საქმის ნომერი
2კ-233აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.11.2005

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 233-აპ 29 ნოემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე და მომხსენებელი),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 17 დეკემბრის განაჩენით მ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 12 ივლისის განაჩენით ნაწილობრივ დაემატა დანიშნული სასჯელის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 15 ნოემბრის განჩინებით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი, მოუხდელი ნაწილის 6 თვე და მ. მ-ას საბოლოოდ მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ქალთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის საერთო ვადაში ჩაეთვალა 2004წ. 12 მაისიდან იმავე წლის 27 მაისამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 15 დღე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 2 წელი 5 თვე და 15 დღე.

მ. მ-ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

განაჩენით მ. მ-ას მსჯავრი დაედო მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის არაერთგზის დაუფლებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2003წ. ივნისის თვეში მ. მ-ა დაუკავშირდა თავის ნაცნობს, მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგს ნ. ს-ლს და შესთავაზა იტალიაში კონცერტის მოსაწყობად მუსიკალური ჯგუფის შეკრება და ჯგუფთან ერთად იტალიაში რამდენიმე პირის წაყვანა. ნ. ს-ლმა მუსიკალური ჯგუფის შეკრებაზე უარი უთხრა, რადგან არდადეგების გამო მუსიკალურ ჯგუფს ვერ შეკრებდა, ხოლო იტალიაში მუშაობის მსურველების მოძებნაში დახმარება აღუთქვა. თავის მხრივ ნ. ს-ლმა თავის ნაცნობს ქეთო გ-ნს შეატყობინა აღნიშნულის შესახებ და 2003წ. ივნისის დასაწყისში თავის საცხოვრებელ ბინაში შეახვედრა მ. მ-ას. ამ უკანასკნელმა მოატყუა ქ. გ-ნი, შეპირდა თითქოს იტალიაში გამგზავრებისათვის საჭირო დოკუმენტებს თავად მოამზადებდა. დაპირდა ქ. რომში მაღალი ანაზრაურებით ოჯახში მოსამსახურედ მუშაობას დააწყებინებდა, რაშიც ქ. გ-ნს მისთვის უნდა გადაეხადა 1800 აშშ დოლარი. ამ თანხიდან გამგზავრებამდე მოითხოვა 600 აშშ დოლარის თითქოსა და სხვადასხვა საკითხების მოსაგვარებლად წინასწარ გადახდა, ხოლო დანარჩენ 1200 აშშ დოლარს დაარწმუნა, რომ იტალიაში მიღებული ხელფასით გადაუხდიდა. ქ. გ-ნმა სარწმუნოდ მიიღო მ. მ-ას ცრუ დაპირებები, წინადადებას დათანხმდა და მეორე დღეს 300 აშშ დოლარი ანუ 645,5 ლარი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გადასცა მ. მ-ას, ხოლო დანარჩენი 300 აშშ დოლარის შეგროვება და გადაცემა მალევე აღუთქვა, ვინაიდან ქ. გ-ნმა აღნიშნული 300 აშშ დოლარი ვერ შეაგროვა. დახლოებით ერთ კვირაში მ.მ-ამ თითქოს აუცილებელი ხარჯებისათვის სასწრაფოდ 100 აშშ დოლარის მიცემა მოსთხოვა, რის გამოც ქ. გ-ნი იძულებული გახდა დაუყოვნებლივ იაფად გაეყიდა თავისი საოჯახო ნივთები და იმავე დღეს თავის საცხოვრებელ ბინაში მეზობლების: ზ. ბუცხრიკიძის, ვ. აფრიდონიიძის, ე. ბრეგვაძის თანდასწრებით მ. მ-ას გადასცა 200 ლარი.

2003წ. 17 ივნისს მ. მ-ა ქ. გ-ნის მეშვეობით დაუკავშირდა საზღვარგარეთ დასაქმების მსურველ ჯ.ო ა-ეს, რომელიც ასევე მოატყუა თითქოს იტალიაში სამუშაოდ გაამგზავრებდა და შეპირდა, რომ საჭირო დოკუმენტებს თვითონ გაამზადებდა და ქ. რომში მაღალი ანაზღაურებით ოჯახში მოსამსახურედ მუშაობას დააწყებინებდა, რისთვისაც ჯ. ა-ეს მისთვის 1800 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. ამ თანხიდან გამგზავრებამდე თითქოს სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად მასაც მოსთხოვა 600 აშშ დოლარის წინასწარ გადახდა, ხოლო დანარჩენ 1200 აშშ დოლარს დაარწმუნა, რომ ჯ. ა-ე იტალიაში აღებული ხელფასით გადაიხდიდა. ჯ. ა-ე ამ წინადადებას დათანხმდა, მაგრამ მოთხოვნილი თანხა ვერ იშოვა და იძულებული გახდა უარი ეთქვა შემოთავაზებაზე. მ.მ-ას წინასწარ განზრახული ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ისარგებლა ჯ.ო ა-ის ნდობით და დაარწმუნა თითქოს შეძლებდა პირველ ეტაპზე მცირე თანხის საფასურად სულ 250 აშშ დოლარად მის იტალიაში სამუშაოდ გამგზავრებას, რადგან თითქოს ჯგუფის საბოლოო დაკომპლექტებისათვის საჭირო იყო მხოლოდ ეს თანხა, ხოლო დანარჩენ 1550 აშშ დოლარს ჯ. ა-ე იტალიაში ჩასვლისას აღებული ხელფასიდან გადაუხდიდა. მოტყუებულმა ჯ. ა-ემ აღნიშნული თანხა 250 აშშ დოლარი ანუ 536,25 ლარი ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ ცენტრალური ავტოსადგურის მოსაცდელ დარბაზში გადასცა მ. მ-ას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა ამ თანხას.

აღნიშნული ქმედებით მ. მ-ა მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ქ. გ-ნის კუთვნილ 846,5 ლარს და ჯ. ა-ის 536,35 ლარს, სულ 1382,75 ლარს, რაც მ. მ-ამ გამოძიების პროცეში დაზარალებულებს აუნაზღაურა.

მსჯავრდებული მ. მ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენებას იმ მოტივით, რომ არის 65 წელს მიღწეული პირველი ჯგუფის ინვალიდი და დაზარალებულებს მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ, რადგან ზარალი ანაზღაურებული აქვთ.

მსჯავრდებულ მ. მ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატი მ. ასათიანი ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს არასაპატიმრო ღონისძიებების შეფარდებას.

პროკურორი ვ. ვაჭარაძე არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უდავოდაა დადგენილი, რომ მ. მ-ამ ჩაიდინა სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - თაღლითობა, რაც გამოიხატა მართლსაწინააღმდეგოდ და მოტყუებით ქ. გ-ნის კუთვნილი 846,5 ლარს და ჯ. ა-ის კუთვნილი 536,35 ლარის, (სულ 1382,75 ლარის) დაეუფებაში.

მ.მ-ას ბრალი შერაცხული დანაშაულის ჩადენაში დადასტურებულია მ.მ-ას მიერ სასამართლოზე მიცემული აღიარებითი ჩვენებით, ასევე მოწმეების: ნ.ს-ლის, ვ.ა-ის გ.ჭყონიას, რ.ჩეჩელაშვილის, დაზარალებულების: ჯ.ა-ის, ქ.გ-ნის დაკითხვის ოქმებითა და მსჯავრდებულთან დაზარალებულების დაპირისპირების ოქმებით.

სააპელაციო სასამართლომ მ. მ-ას მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ის, რომ არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მიყენებული ზიანი დაზარალებულებს აუნაზღაურა. ამასთან, დაზარალებულებს მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. მ-ას არ გააჩნია პასუხისმგებლობის განსაკუთრებული შემამსუბუქებელი გარემოებები და მიაჩნია, რომ მის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის მკაცრი, შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს; აქედან გამომდინარე, თვლის, რომ განაჩენი მ. მ-ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 აპრილის განაჩენი მ. მ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.