საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 16.06.2005
საქმის ნომერი
2კ-78აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 78-აპ 16 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),თ. ილიაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ რ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ქ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 25 მარტის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ზემოთ მითითებული განაჩენით, რ. ჩ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” და “გ” პუნქტებით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლით.

განაჩენით რ. ჩ-ს მსჯავრი დაედო შემდეგ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულისათვის:

2002წ. 26 სექტემბერს შპს ზუგდიდის ტელერადიოკომპანია “ოდიშია” ეთერში გავიდა ინფორმაცია პოლიციის მუშაკების მიერ ჯ. ნ-ს მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირების დაკავების შესახებ. 2002წ. 27 სექტემბერს, აღნიშნული ინფორმაციის პირველწყაროს დადგენის მიზნით, ტელერადიოკომპანია “ოდიშის” საპატიოტ პრეზიდენტის _ გ. ქ-ს კაბინეტში მივიდნენ ჯ. ნ-ს ჭირისუფლები, რომლებიც პრეტენზიას გამოთქვამდნენ წინა დღით გადაცემულ ინოფრმაციასთან დაკავშირებით. სიტუაციის შემდგომი გართულების თავიდან ასაცილებლად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის _ ე. ჯ-ს სიტყვიერი ბრძანებით, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილის _ რ. ჩ-ს ხელმძღვანელობით შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ პოილციის თანამშრომლები. რ. ჩ-მ ტელერადიოკომპანია “ოდიშის” თანამშრომლებსა და ჯ. ნ-ს ჭირისუფლებს შორის კონფლიქტის აღკვეთის დროს უხეშად დაარღვია რა “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებისა და ამავე კანონის მე-8 მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები, გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, რა დროსაც ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ტელერადიოკომპანია “ოდიშის” საპატიო პრეზიდენტს _ გ. ქ-ს, ხოლო შემდეგ ხელი გაარტყა მას სახის არეში და ფეხებით სცემა ქვედა კიდურებში. ამის შედეგად რ. ჩ-მ გ. ქ-ს ქვედა ტუჩისა და მარცხენა წვივის არეში სისხლჩაქცევისა და ნაჭდევის სახით მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რასაც მისი მოშლა არ მოჰყოლია. რ. ჩ-ს, გ. ქ-ს კაბინეტიდან გასვლისას, შემოხვდა ამ უკანასკნელის შვილი _ ლ. ქ-, რმოელსაც ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

რ. ჩ--ს დანაშაულებრივმა ქმედებას დაახლოებით ნახევარ საათს გასტანა, რაც შემდგომ აღკვეთეს მოლიციის მუშაკებმა.

მსჯავრდებულის ადვოკატი თ. ქ- მიიჩნევს რა, რომ ჩ-ს მიმართ გამოტანილი უნდა ყოფილიყო გამამართლებელი განაჩენი, უთითებს შემდეგ გარემოებებზე:

სასამართლომ, ბრალდების მხარის ინიციატივით, დაკითხა 17 მოწმე, რომელთაგან ყველა დაზარალებულ ქ-სთან დაკავშირებულია სამსახურებრივად ან ნათესაურად. მათი ჩვენებები მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივია, რაც ეჭვს ბადებს, რომ ისინი ამ შემთხვევის მოწმე საერთოდ არ ყოფილან;

სასამართლომ არ გაიზიარა იმ მოწმეთა ჩვენებები, რმოლებიც როგორც წინასწარ გამოძიებაში, ასევე სასამართლო სხდომაზე თანმიმდევრულად ადასტურებენ, რომ ტელეკომპანიაში წესრიგის დასაცავად მისულ პოლიციელებს, კერძოდ, ჩ-ს, არავითარი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია ქ-სათვის;

სასამართლომ, მართალია, დაკითხა დაცვის მხარის ინიციატივით წარმოდგენილი მოწმეები, მაგრამ არ გაიზიარა მათი ჩვენებები იმ მოტივით, რომ ისინი დაინტერესებული პირები არიან;

სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა დაცვის მხარის მიერ სასამრათლოში წარმოდგენილი მტკიცებულება, გაზეთ “დილის გაზეთის” პუბლიკაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ტელეკომპანია “ოდიშის” ჟურნალისტებსა და თვით ქ-ს მიკერძოებული დამოკიდებულება აქვთ ჩიქობავასადმი;

სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ გ. ქ, როგორც შს სამმართველოს თანამშრომელი, 2002წ. 27 სექტემბერს, შემთხვევის დროს, უნდა ყოფილიყო სამსახურში, რამდენადაც იგი იმ დროს იყო არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექტორი. მართალია, იგი არის ტელეკომპანია “ოდიშის” ფაქტობრივი მფლობელი, მაგრამ მისი ნებისმიერი მონაწილეობა ტელეკომპანიის საქმიანობაში არის “პოლიციის შესახებ” კანონისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დარღვევა;

სასამართლომ ასევე არ შეაფასა, რომ რ. ჩ-მ უკანონო ჩხრეკა ჩაუტარა ქ-ს. სასამართლომ იგნორირება გაუკეთა იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც უთითებენ, რომ გ. ქ მათზე, როგორც ჟურნალისტებზე, ახორციელებდა ზეწოლას, არათა მათ მიეცათ ჩ-ს მამხილებელი ჩვენებები, რაც ფაქტობრივად ადასტურებს იმას, რომ გ. ქ-მ მოახიდან დანაშაულის ინსცენირება.

ზემოაღნიშნული არგუმენტებიდან გამომდინარე, ადვოკატი თ. ქ თვლის, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე ტენდენციურია, არასწორადაა გაანალიზებული და შეფასებული საქმის მასალები, დარღვეულია საქართველოს კონსტიტუცია, რის შედეგადაც რ. ჩ-ს მიმართ არასწორად იქნა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. ადვოკატი ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას.

თავისი შესაგებლით ადვოკატ თ. ქ-ს საკასაციო საჩივარზე დაზარალებული გ. ქ- ითხვოს რ. ჩ-ს მიმართ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 25 მარტის განაჩენის დატოვებას.

პროკურორმა პ. მ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა სასამართლო კოლეგიის განაჩენის უცვლელად დატოვება იმ საფუძვლით, რომ სასამართლო გამოძიებისას სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის ყველა გარემოება. სასამართლო კოლეგიამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და სწორად დასდო მსჯავრი რ. ჩ-ს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ გამოიკვლია რა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე სწორია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებული რ. ჩ- წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა და განმარტავდა, რომ ინციდენტის დროს მოქმედებდა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სურდა მხარეთა შორის დაპირისპირების თავიდან აცილება, არავითარი ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია დაზარალებულისათვის.

სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მსჯარვდებულის ჩვენებები და გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო შემდეგი მტკიცებულებები:

დაზარალებულმა გ. ქ-მ წინასწარ გამოძიებაში განმარტა შემდეგი: იგი არის ტელეკომპანია “ოდიშის” საპატიო პრეზიდენტი. 2002წ. 27 სექტემბერს “ოდიშის” შენობასთან თავი მოიყარეს წინა დღეს გასული ინფორმაციით უკმაყოფილო პირებმა, რომლებიც ითხოვდნენ ნ-ს მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ვინაობის დასახელებას. იგი, როგორც “ოდიშის” საპატიო პრეზიდენტი, ცდილობდა მათ დარწმუნებას და ინციდენტის აღმოფხვრას. ამ დროს მის ოთახში გამოცხადდა რ. ჩ-, რომელიც აგრესიული იყო მის მიმართ განწყობილი, აგინა მას, შეაფურთხა სახეში და ეუბნებოდა, რომ მისი (ქ-იას) შვილები იყვნენ ჰომოსექსუალისტები, რასაც დაუდასტურებდა ვიდეოკასეტით. ქ-იამ განმარტა, რომ იძულებული გახდა, შესაშინებლად რ. ჩ-ს შუბლის გახვრეტით დამუქრებოდა, რაზეც ამ უკანასკნელმა გაჩხრიკა, რამდენჯერმე მიარტყა ფეხი და ხელი გაარტყა სახეში. ასეთი შეურაცხმყოფელი ვითარება გაგრძელდა საკმაო ხანს, რა დროსაც რ. ჩ-მ ასევე შეურაცხყოფა მიაყენა გ. ქ-ს შვილს. ქ-მ განმარტა, რომ რ. ჩ-ს ასეთმა საქციელმა მას მძიმე მორალური ტრავმა მიაყენა. ეს ჩვენება ბ. ქ-მ გაიმეორა რ. ჩ-სთან დაპირისპირების დროსაც.

სასამართლო კოლეგიამ გამოიკვლია საქმის გარემოებები და დაკითხა მოწმეები როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხრიდან.

რ. ჩ-ს მიერ დანაშაულის ჩადენა დაადასტურეს ინციდენტის უშუალო თვითმხილველმა მოწმეებმა _ გ. მ-ამ, ხ. თ-მ, ნ. მ-მ, პ. კ-მ, ი. -მ, დ. გ-ამ, გ. დ-მ და სხვებმა. ამ მოწმეთაგან რამდენიმე დაპირისპირებულია რ. ჩ-სთან და მათი ჩვენებები თანმიმდევრული და დამაჯერებელია. საკასაციო პალატა თვლისბ რომ სასამართლომ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც უშუალოდ იმყოფებიან ტელეკომპანიის შენობაში და არიან მომხდარი ინციდენტის თვითმხილველები, მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმეები რ. ჩ-ს ქმედებას აღწერენ როგორც აგრესიულს. ისინი ადასტურებენ იმასაც, რომ მან გ. -ს შვილებს ჰომოსექსუალისტები უწოდა და გაიძახოდა, რომ აქვს ამის დამადასტურებელი ვიდეოკასეტა.

განაჩენით რ. ჩ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის აღწერას მთლიანად ადასტურებენ სხვა მოწმეებიც, რომელთა უმეტესობა იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და არ არის რაიმე საფუძველი ეჭვქვეშ დადგეს მათ მიერ მიცემული ჩვენებების სისწორე. ამდენად, მოწმეების: გ. გ-ს, კ.-კ.-ა-ს, მ. ს-ს, ე. ხ-ს, მ.ღ-ს, მ. ხ-ს და სხვათა მომხდარი შემთხვევა სამართლებრივად სწორად შეაფასა.

საკასაციო პალატა თვლის: საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულია, რომ რ. ჩ-ს მიერ დანაშაულის ჩადენა მოხდა საჯარო ადგილას, მას ესწრებოდა მრავალი მოქალაქე, კოლეგიამ მრავალი მათგანი დაკითხა, საქმეშია მათი რ. ჩ-სთან დაპირისპირებმს ოქმები და კოლეგიას საფუძვლიანად აქვს გამოკვლეული ყველა ეს მტკიცებულება.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივრის ავტორს, რომ კოლეგიამ დაკითხა მხოლოდ ბრალდების მხარის მოწმეები. საქმეზე დაკითხული არიან დაცვის მხარის მოწმეებიც, რომელთა ჩვენებები სასამართლომ შეაფასა ობიექტურად, მით უფრო, რომ ამ მოწმეთა ნაწილი დანაშაულის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია.

სასამართლო კოლეგიამ, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებები.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ საქმის გარემოებები გამოიკვლია ყოველმხრივ; მართალია, მან მთლიანად არ გაიზიარა დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები, მაგრამ ეს ახსნილია იმით, რომ ისინი რ. ჩ-სა და გ. ქ-ს შორის შელაპარაკებასა და შეურაცხყოფას არ ესწრებოდნენ, იმ დროს უშუალოდ არ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე.

სასამართლო კოლეგიის სხდომის ოქმით დასტურდება, რომ რ. ჩ-მ სასამართლოს წარუდგინა ვიდეოკასეტა, რომელიც, მისი განმარტებით, ადასტურებდა, რომ გ. ქ-ს შვილები ჰომოსექსუალისტები იყვნენ. მართალია, კასეტა არ ერთვის საქმეს, მაგრამ სასამართლო კოლეგიამ სწორად მიუთითა, რომ დამაჯერებელია, ჩიქობავას ხალხის თანდასწრებით ეწოდებინა ქ-იას შვილებისათვის ჰომოსექსუალისტები, რითაც შეურაცხყო გ. ქ-ს ღირსება. მართალია, რ. ჩ და საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ნაწილი ადასტურებენ, რომ გ. ქ- შუბლის გახვრეტით დაემუქრა რ. ჩ-ს, მაგრამ საკასაციო პალატა თვლის, რომ ეს გამოწვეული იყო მისთვის და მისი შვილებისათვის მიყენებული უხამსი შეურაცხყოფის საპასუხოდ.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის ზემოაღნიშნული გარემოებები სწორად არის შეფასებული, განაჩენი დასაბუთებულია და, ამდენად, არ არსებობს საფუძველი მისი გაუქმებისა და საქმის შეწყვეტისათვის.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005წ. 25 მარტის განაჩენი რ. ჩ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.