საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 26.12.2005
საქმის ნომერი
2კ-285აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.12.2005

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 285-აპ 26 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია,რ. ნადირიანი

განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატორის პროკურორ ზ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 13 ივნისის განაჩენზე ვ. მ-ს მიმართ.

სასამართლო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საბრალდებო დასკვნით, ვ. მ-ს ბრალი ედებოდა მასში, რომ საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის რაიმე გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ეს ქმედება კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში:

ქ. რუსთავში, ... მცხოვრები ვ. მ- დანიშნული იყო საქართველოს განათლების სამინისტროს აღმასრულებელი სამდივნოს კონტროლის ბიუროს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ამ სამინისტროს 2003წ. 17 დეკემბრის ¹241 ბრძანების საფუძველზე, ვ. მ-მა დაიწყო რუსთავის მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლის 2002წ. 1 იანვრიდან 2004წ. 1 იანვრამდე პერიოდის სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური რევიზია. რევიზიის დაწყებამდე, 2003წ. 18 დეკემბერს, რუსთავის საქალაქო პროკურატურის თანამშრომლებმა, სხვა საბუღალტრო დოკუმენტებთან ერთად, საბავშვო სახლიდან ამოიღეს ბავშვების ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანების წიგნი, რომელიც 20 დეკემბერს ხელწერილით ჩაიბარა ვ. მ-მა. ამ უკანასკნელმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, იცოდა, რომ აღნიშნული წიგნის გარეშე გაჭირდებოდა საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნის გაცემა, რაც დადასტურდა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტის 2004წ. 31 აგვისტოს ¹20/01/13-1619 შუამდგომლობით. მსჯავრდებულმა თავისთვის და რუსთავის მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლის დირექტორ ი. ი-სათვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, გაურკვეველ ვითარებაში გაანადგურა ბრძანების წიგნი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

წინასწარმა გამოძიებამ ვ. მ-ს ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა და საქმე განსახილველად გადაეცა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

საქალაქო სასამართლოს 2005წ. 28 მარტის განაჩენით, ვ. მ-ს ქმედება სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და მიესაჯა 6 თვით და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა მსჯავრდებულს დაეწყო 2004წ. 17 სექტემბრიდან და გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

რუსთავის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ. დ-მა განაჩენი გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მოითხოვა მისი გაუქმება, ვ. მ-ს ქმედების სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირება და სასჯელად 2 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ივნისის განაჩენით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

პროკურორი ზ. ბ-ძე საკასაციო საჩივრით მოითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის, როგორც უკანონოს და დაუსაბუთებლის, გაუქმებას და ხელახლა განსახილველად საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, შემდეგი მოტივებით:

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში არ მოიპოვება ვ. მ-ის განზრახ მოქმედების მტკიცებულება, რაც დაუსაბუთებელია. საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ დოკუმენტაცია ჰქონდა ვ. მ-ს და მსჯავრდებული არ ყოფილა ისეთ ვითარებაში, რომ სავარაუდოდ გულგრილობით დაეკარგა იგი. დადგენილია აგრეთვე, რომ ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი ვ. მ-ს აღწერილი და შეფუთული ჩაბარდა, რაც სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა.

სასამართლო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა პ. მ-ძემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ დოკუმენტაცია ჰქონდა ვ. მ-შვილს და იგი არ ყოფილა ისეთ ვითარებაში, რომ სავარაუდოდ გულგრილობით დაეკარგა იგი. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი ვ. მ-ს აღწერილი და შეფუთული ჩაბარდა.

ადვოკატმა თ. ვ-ამ საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ იგი კანონიერი და დასაბუთებულია, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული ვ. მ.

სასამართლო პალატამ მოისმინა მხარეთა მოსაზრება, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილი გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განზრახ ბოროტად გამოყენებას, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად. ვ. მ-მა სასამართლოში განმარტა, რომ არ გამოიჩინა წინდახედულობა და სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო, გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა ბრძანების წიგნი. პროკურორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული არ ყოფილა ისეთ ვითარებაში, რომ სავარაუდოდ გულგრილობით დაეკარგა დოკუმენტაცია. სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვისას დამტკიცდა პირის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე. სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ვ. მ-ს განზრახ მოქმედებას თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად. ამდენად, სასამართლო გამოძიებით სრულყოფილადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არსებითად არ დარღვეულა, ვ. მ-ს ქმედება სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა და შეკრებილ მტკიცებულებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, მისი პიროვნების და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, კანონიერი და სამართლიანია. განაჩენის გაუქმების საუძველი არ მოიპოვება.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 13 ივნისის განაჩენი ვ. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.