საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 06.04.2004
საქმის ნომერი
2კ-9-I-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.04.2004

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 91 6 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,დ. სულაქველიძე

განიხილა მ. კ-ას კერძო საკასაციო საჩივარი აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც გაუქმდა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2003წ. 22 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენი მ. კ-ას მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. ასევე გაუქმდა იმავე სასამართლოს 2003წ. 15 ივლისის დადგენილება დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ. ასევე გაუქმდა 2003წ. 23 სექტემბრის კერძო დადგენილება.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნით მ. კ-ას ბრალი დაედო იმაში, რომ წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფთან ერთად, ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

მ. კ-ია მუშაობდა რა სს “---ის” დაცვისა და ინკასაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, სს “---სა” და შპს “---ს” შორის 1999წ. 2 აპრილს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სპეციალური ავტომანქანით პერიოდულად, ამავე ბანკის დაცვისა და ინკასაციის დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებთან ერთად, შპს “---იდან” ეწეოდა ოქროს დორე შენადნობის მიღებას, გადმოზიდვასა და სს “---ის” საცავში შენახვას, რომლის კარის სამივე საკეტი ინახებოდა მასთან და კარზე არსებული სიგნალიზაციის კოდის ნომერი იცოდა მხოლოდ მან. მიღებიდან მეორე დღეს ოქროს შენადნობს გადასცემდა სპეცკავშირის საფელდეგერო სამსახურის თანამშრომლებს ინგლისში გაგზავნის მიზნით.

მ. კ-ას დამოუკიდებლად ჰქონდა საშუალება, შესულიყო ბანკის საცავში და ამ გარემოების გამოყენებით მან, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, განიზრახა, დაუფლებოდა შპს “---ის” კუთვნილ ქონებას დიდი ოდენობით.

2001წ. 28 ნოემბერს, 15 საათზე, მ. კ-ია სს “---ის” დაცვისა და ინკასაციის დეპარტამენტის უფროს ლ. გ-თან ერთად, სპეცავტომანქანით ჩავიდა ბოლნისის რაიონის დაბა ---ში და შპს “---ის” ე.წ. “---ში” დ. გ-თან ერთად, შპს “---ის” საწარმო პროცესების მენეჯერ მ. პ-საგან შესაბამისი მიღება-გადაბარების აქტით მიიღო ოთხი ზოდი ოქროს შენადნობი. თითოეულ ზოდს ჰქონდა ინდივიდუალური ნომრის აღმნიშვნელი შპს “---ის” დამღა: ¹--, --, --, -- და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფერადი ლითონების სასინჯი ინსპექციის დამღა. ¹-- ზოდის წონა შეადგენდა --,-- კგ-ს, ¹-- ზოდისა _ --,-- კგ-ს, ¹-- ზოდის _ --,-- კგ-ს, ხოლო ¹-- ზოდისა _ --,-- კგ-ს. ზემოაღნიშნული ზოდები მ. კ-ას, დ. გ-ისა და შპს “---ის” ოთხი თანამშრომლის თანდასწრებით ცალ-ცალკე იქნა აწონილი ელექტროსასწორზე, მოთავსდა სპეციალურ ხის ყუთებში, რომლებზეც აღნიშნული იყო შესაბამისი ზოდის ნომერი, დაილუქა შპს “---ის” პლომბით და იმავე დღეს, დაახლოებით 17 საათზე, მ. კ-ამ შეინახა სს “---ის” საცავში. იცოდა რა ოთხივე ზოდის ზუსტი წონა, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე საღამოს გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, ტყვიისაგან ყალიბში ჩამოასხა ¹-- და ¹-- ყუთებში მოთავსებული ოქროს შენადნობთა ზოდების ფორმისა და წონის ზოდები და მეორე დღეს, 2001წ. 29 ნოემბერს, დილის საათებში, შევიდა სს “---ის” საცავში, ტექნიკური საშუალების გამოყენებით გახსნა ¹-- და ¹-- ყუთები, ამოიღო ორივე ოქროს შენადნობი, წონით 27,404 კგ, ღირებული 171,013,17 აშშ დოლარად და მათ მაგივრად მოათავსა წინასწარ გამზადებული ტყვიის ზოდები. ამის შემდეგ მ. კ-ამ ისევ შეაკეთა და დალუქა ზემოაღნიშნულ ყუთებზე იგივე დამღები ისე, რომ დამღის დარღვევის აღმოჩენა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელი იყო, ხოლო გატაცებული ოქროს ზოდები გადამალა გამოძიებით დაუდგენელ ადგილას. 12 საათზე ოთხივე ყუთი გადააბარა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სპეცკავშირის თანამშრომლებს-ფელდეგერებს, რომლებმაც, შპს “---ის” კომერციულ მენეჯერ გ. ყ-თან ერთად, ყუთები გადაზიდეს ---ის ტერიტორიაზე მდებარე შპს “---ში”, სადაც საავიაციო ფრენის უსაფრთხოებისა და საბაჟო სამსახურის თანამშრომლების მიერ შემოწმების მიზნით გაიხსნა ¹-- ყუთი, რომელშიც ოქროს ნაცვლად აღმოჩნდა ტყვიის ზოდი. ამის შემდგომ პოლიციის მუშაკებმა გახსნეს დანარჩენი ყუთები და ¹-- ყუთშიც აღმოჩნდა ანალოგიური ტყვიის ზოდი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით მ. კ-ია ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, ხოლო სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენისა და იმავე სასამართლოს დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ 2003წ. 15 ივლისის დადგენილების, ასევე 2003წ. 22 სექტემბრის კერძო დადგენილების _ უცვლელად დატოვებას. იგი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დეტალურად გამოიკვლია საქმის მასალები, შეამოწმა ყველა გარემოება და, სავსებით სამართლიანად, დაადგინა გამამართლებელი განაჩენი; ამასთან, ვინაიდან მტკიცებულებათა უმრავლესობა მოპოვებული იყო საპროცესო კანონის დარღვევით, სრულიად კანონიერად, ასეთი მასალები ცნობილ იქნა დაუშვებელ მტკიცებულებად. მ. კ-ია კერძო საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე არ განიხილა მთელი სისრულით და მიიღო ყოვლად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

პალატის სხდომაზე მ. კ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ქ-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან კერძო საკასაციო საჩივარს მხარი ცვლილებით დაუჭირა, იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემის შესახებ.

ადვოკატის მოთხოვნას დაეთანხმა მ. კ-ია. მან აღნიშნა, რომ იგი უკანონოდ იქნა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, რაც სავსებით დადასტურდა საქმის რაიონულ სასამართლოში განხილვისას. მ. კ-ამ აღნიშნა, რომ არ არსებობს არავითარი საფუძველი საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებისათვის.

პროკურორმა ლ. ა-მა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. მან აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებულია იმ გარემოებებზე, რომელთა შემოწმება აუცილებელია დამატებითი გამოძიების მეშვეობით, მით უმეტეს, ეჭვს არ იწვეს ის გარემოება, რომ ოქროს შენადნობი შეცვლილ იქნა ტყვიის ზოდებით, რასაც სჭირდება დამატებითი გამოკვლევა და შეფასება. პროკურორმა იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებაში დეტალურად მიუთითა იმ საკითხების შემოწმების აუცილებლობის შესახებ, რომელთა გარკვევას მნიშვნელობა აქვს საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად.

პალატა აღნიშნავს, რომ დამატებითი გამოძიების გზით უნდა გაირკვეს, თუ როგორ მოხვდა ¹-- და ¹-- ყუთებში ოქროს ზოდების ნაცვლად ტყვიის ზოდები. ის ფაქტი, რომ ოქროს ზოდები შეცვლილ იქნა ტყვიის ზოდებით, საჭიროებს დამატებით შემოწმებას და შეფასებას.

პალატა თვლის, რომ დამატებითმა გამოძიებამ დეტალურად უნდა შეასრულოს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებული გარემოებები, რის შემდეგაც მიღებულ შედეგებს უნდა მიეცეს სათანადო სამართლებრივი შეფასება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 თებერვლის განჩინება მ. კ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.