განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 30.03.2004
საქმის ნომერი
2კ-28დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.03.2004

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 28-დად 30 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა სააქციო საზოგადოება “---” აქციონერთა წარმომადგენლის, ადვოკატ მ. ლ-ის საჩივარი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის პროკურატურის 2003წ. 3 სექტემბრის დადგენილება სააქციო საზოგადოება “---" ადმინისტრაციისა და “---” ბანკის ხელმძღვანელობის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 30 მარტს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურას დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებით მიმართეს სს “---” აქციონერებმა. განცხადების თანახმად, სს “---" აქციების უმრავლესობა უკანონოდ შეიძინა “---” ბანკმა და უკანონოდ მოიპოვა საზოგადოების საკონტროლო პაკეტი. მომჩივანი აქციონერები განცხადებაში უთითებდნენ, რომ მას შემდეგ, რაც “---” ბანკმა მოიპოვა დომინირებული მდგომარეობა, მან ეს გამოიყენა და საზოგადოების დირექტორად დანიშნა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად აირჩია მისთვის სასურველი და მისი პოლიტიკის გამტარებელი პირები. განცხადების თანახმად, ამ პირებმა საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ და თავისი გამორჩენის, ასევე “---” ბანკისათვის გამორჩენის მიღების მიზნით გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება და განზრახ განახორციელეს ისეთი მოქმედებები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. განცხადების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების და საზოგადოების დირექტორის მართლსაწინააღმდეგო ქმედება იმაში გამოიხატა, რომ კომერციულ პარტნიორებთან იდებოდა საზოგადოებისათვის წამგებიანი ხელშეკრულებები; საზოგადოების ინტერესების დასაცავად არც ერთი კომერციული პარტნიორისა თუ სხვა ორგანიზაციისათვის არ წარუდგენიათ პრეტენზიები ზარალის ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან ამგვარი გარიგებები იდებოდა “---” ბანკის ორგანიზაციებთან ან ამ ბანკის პირველი პირების ნათესავებთან. განცხადებაში მომჩივანი აქციონერები უთითებენ, რომ საზოგადოებისათვის წამგებიანი ხელშეკრულებები კომერციულ პარტნიორებთან იდებოდა იმ განზრახვით, რომ ასეთ საქმიანობას ზიანი მოეტანა საზოგადოებისათვის. ისინი ასევე აღნიშნავდნენ, რომ საბჭოს წევრები და საზოგადოების დირექტორი აქციონერთა გვერდის ავლით, პირადი ინტერესებისათვის ასხვისებდნენ საზოგადოების ძირითად სახსრებს. მომჩივანთა მითითებით, მოხდა წყნეთის ფილიალის, თბილისის სასაწყობო მეურნეობის გასხვისება, მაგრამ გასხვისებით მიღებული თანხა საზოგადოებას არ მოხმარებია.

განცხადებით მომჩივანი აქციონრები უთითებდნენ, რომ აღნიშნული მოქმედებით სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და საზოგადოების დირექტორი ჩადიოდნენ დანაშაულს, კერძოდ კი თავის უფლებამოსილებას იყენებდნენ საზოგადოების საწინააღმდეგოდ თავისათვის და “---” ბანკისათვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2003წ. 2 სექტემბერს თბილისის პროკურატურამ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურიდან გამოითხოვა სს “---” აქციონერთა განცხადება. პროკურატურამ შეამოწმა საჩივარში მითითებული ცნობები დანაშაულის შესახებ და დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

სააქციო საზოგადოება “---”, შემდგომში სს “---”, მდებარეობს --- 1995წ. 5 აგვისტოს სააქციო საზოგადოებამ რეგისტრაცია გაიარა თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში, ხოლო შემდგომ კი, კანონმდებლობის შესაბამისად, ხელახლა რეგისტრაციაში გატარდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ ¹--/-- სამეწარმეო რეესტრში.

სს “---” საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 145743243 ათასი კუპონით და გამოშვებულ იქნა 145543 აქცია, საიდანაც 7400 აქცია, ანუ 50,77% გადაეცა კოლექტივს პირდაპირი შესყიდვის უფლებით.

აღნიშნული 7400 აქცია კოლექტივმა გამოისყიდა 1996წ. აგვისტოს, რაც დასტურდება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996წ. 9 აგვისტოს ¹--/-- ბრძანებით. ამ ბრძანებით სამინისტრომ დაუდასტურა საზოგადოებას აღნიშნულ აქციებზე საკუთრების უფლება, რის შესახებ საზოგადოებას ეცნობა იმავე წლის 12 აგვისტოს ¹--/-- წერილით, ხოლო აქციათა დანარჩენი პაკეტი დარჩა ქონების მართვის სამინისტროს, ანუ სახელმწიფო საკუთრებაში.

სახელმწიფომ თავისი წილი აქციებისა სხვადასხვა დროს გასაყიდად გამოიტანა სპეციალიზებულ საბაზრო აუქციონზე. 1995წ. 31 ოქტომბერს ჩატარებულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს 6400 აქცია, გაიყიდა 52494, საიდანაც 30510 აქცია შეიძინა “---” ბანკმა. 1996წ. 7 თებერვალს აუქციონზე გამოიტანეს დარჩენილი 12350 აქცია, რომელიც მთლიანად შეიძინა იმავე ბანკმა.

გარდა აღნიშნულისა, სხვა აქციონერებისაგან ამავე პერიოდისათვის ბანკმა შეიძინა დამატებით 31410 აქცია. მთლიანობაში ბანკმა შეიძინა 74270 აქცია, ანუ საწესდებო კაპიტალის 50,96% და მოიპოვა საზოგადოების საკონტროლო პაკეტი. გარდა ამისა, ბანკმა სხვა აქციონერებისაგან 1996წ. 31 დეკემბრამდე მინდობილობით მიიღო კიდევ 19200 აქცია (13,17%).

საბოლოოდ, აქციონერთა ნახევარმა თავისი აქციები მართვის უფლებით გადასცა “---” ბანკს, რითაც მან მოიპოვა სააქციო საზოგადოების რეალური მართვა.

აღნიშნულის გამო 273 აქციონერიდან 15 აქციონერი უკმაყოფილო დარჩა და პრეტენზიები წაუყენა “---” ბანკს, ვინაიდან ეს უკანასკნელი არავითარ კრედიტს და დახმარებას არ აძლევდა საქონლის შესაძენად, ხოლო მათ კი არანაირი მატერიალური საშუალება არ გააჩნდათ, რათა ეწარმოებინათ კომერციული საქმიანობა, რაც, შესაბამისად, სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობის მხრიდან იწვევდა ხსენებულ თანამშრომელთა ეტაპობრივ შემცირებას იმის განმარტებით, რომ, ვინაიდან პრაქტიკულად ვერ ახორციელებდნენ თავიანთ საქმიანობას, როგორც აქციონერები, დივიდენდებს მიიღებდნენ მუშაობის გარეშე.

ვინაიდან “---”, როგორც სავაჭრო ორგანიზაციის, მუშაობა არარენტაბელური იყო და მოგებას ვერ იღებდა, დღის წესრიგში დადგა სააქციო საზოგადოების ლიკვიდაციის საკითხი, რასაც 273 აქციონერიდან არ დაეთანხმა 15 აქციონერი და ლიკვიდაციის პროცედურასთან დაკავშირებით საჩივრები შეჰქონდათ სასამართლო ინსტანციებში, თუმცა მათ შორის წარმოშობილი დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით არსებითად არ გადაწყვეტილა.

2002წ. 12 აგვისტოს შედგა სს “---” აქციონერთა საერთო კრება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება სააქციო საზოგადოების ლიკვიდაციის შესახებ. ლიკვიდაციის განხორციელება დაევალა სს “---” დირექტორს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ნომებრის ¹-- დადგენილებით სს “---” ლიკვიდირებულ იქნა. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ ქონების განაწილება აქციონერებს შორის უნდა განხორციელებულიყო “მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 14.3 მუხლის მიხედვით, ანუ ლიკვიდაციის შესახებ მესამე პუბლიკაციიდან 1წ. გასვლის შემდეგ (მესამე ლიკვიდაცია გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” ¹-- (--) გამოქვეყნდა 2002წ. 22 აგვისტოს), რადგან სააქციო საზოგადოებას არ ჰყავდა კრედიტორები, არ ჰქონდა სახელმწიფოს ან მესამე პირების მიმართ დავალიანება და სააქციო საზოგადოების ქონება უნდა განაწილებულიყო აქციონერებს შორის.

2003წ. 21 იანვარს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს განჩინებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ, ვინაიდან სააქციო საზოგადოება “---” არ ჰყავს კრედიტორები, არა აქვს სახელმწიფოსა და მესამე პირების მიმართ დავალიანება, ჩატარებულია აუდიტორული შემოწმება უძრავ-მოძრავი ქონების შეფასებისა და რეალური ღირებულების დადგენის მიზნით, სს “---” ქონების განაწილება აქციონერებს შორის განხორციელებულიყო 2003წ. 1 თებერვლიდან.

ამავე რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 მარტის განჩინებით გადაწყდა, რომ სს “---” ლოკვიდატორად დანიშნულიყო ნ. ს-ძე.

პროკურატურამ დადგენილ გარემოებებს მისცა შეფასება და მიიჩნია, რომ საჩივარში მითითებული განმარტება, რომ დაირღვა მომჩივანთა უფლებები თავისთავად არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და არ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ასეთი ფაქტის არსებობის შესახებ. რაც შეეხება განცხადების ავტორთა მიერ საჩივარში მითითებულ მოსაზრებას, რომ ადგილი ჰქონდა დარღვევებს, პროკურატურამ ჩათვალა, რომ ეს საკითხი წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების დავის საგანს და უნდა გადაწყდეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის თაობაზე სს “---" ადმინისტრაციისა და დომინირებული აქციონერის “---” ბანკის ხელმძღვანელობის მიმართ.

კასატორი სს “--” აქციონერთა ინტერესების წარმომადგენელი, ადვოკატი მ. ლ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოსა და თბილისის პროკურატურის აღნიშნული დადგენილებების გაუქმებას და მასალების სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაგზავნას პროკურატურისათვის, იმ საფუძვლით, რომ თბილისის პროკურატურამ სრულყოფილად არ შეამოწმა დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებაში მითითებული გარემოებები, რომლითაც დგინდება, რომ “---” ბანკის მიერ საზოგადოების დირექტორად დანიშნულ და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად არჩეულმა პირებმა საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ და თავისი გამორჩენის მიღების, ასევე “---” ბანკისათვის გამორჩენის მიღების მიზნით გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება და განზრახ განახორციელეს ისეთი მოქმედებები, რამაც სააქციო საზოგადოებას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. კასატორის განმარტებით, პროკურატურამ არ შეამოწმა მათ მიერ განცხადებაში მითითებული ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებები, რითაც უტყუარად დადგინდებოდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრების და საზოგადოების დირექტორის მართლსაწინააღმდეგო ქმედებები. კასატორის განმარტებით, შემოწმებისას პროკურატურას არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია იმ საკითხებზე, რომ საზოგადოების დირექტორის მიერ კომერციულ პარტნიორებთან განზრახ იდებოდა საზოგადოებისათვის წამგებიანი ხელშეკრულებები, მას საზოგადოების ინტერესების დასაცავად არც ერთი კომერციული პარტნიორისა თუ სხვა ორგანიზაციისათვის არ წარუდგენია პრეტენზიები ზარალის ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან ამგვარი გარიგებები იდებოდა “---” ბანკის ორგანიზაციებთან ან ამ ბანკის პირველი პირების ნათესავებთან. კასატორის განმარტებით, არც პროკურატურის და არც სასამართლო დადგენილებებში არ არის ნამსჯელი მათ მიერ მითითებულ იმ საკითხზე, რომ საზოგადოებისათვის წამგებიანი ხელშეკრულებები კომერციულ პარტნიორებთან იდებოდა იმ განზრახვით, რომ ასეთ საქმიანობას ზიანი მოეტანა საზოგადოებისათვის, ასევე იმ საკითხზე, რომ საბჭოს წევრებისა და საზოგადოების დირექტორის მიერ აქციონერთა გვერდის ავლით პირადი ინტერესებისათვის წარმოებდა საზოგადოების ძირითადი სახსრების გასხვისება. კასატორის მითითებით, მოხდა წყნეთის ფილიალის, თბილისის სასაწყობო მეურნეობის გასხვისება, მაგრამ გასხვისებით მიღებული თანხა საზოგადოებას არ მოხმარებია.

კასატორებმა _ მ. ხ-მა, რ. ლ-ემ, მ. გ-ემ, ნ. ბ-ემ, ვ. მ-მა, ა. გ-ემ, ვ. ჭ-ემ და ლ. ნ-ლმა მხარი დაუჭირეს მათი ინტერესების წარმომადგენელი ადვოკატის მოთხოვნას.

პროკურორმა თ. პ-ამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს იმ მოტივით, რომ პროკურატურამ სრულყოფილად მოიკვლია განცხადებაში მითითებული გარემოებები და სწორი დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ განცხადებაში მითითებული საკითხები წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების დავის საგანს და უნდა გადაწყდეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

“---” ბანკის წარმომადგენელმა ნ. ს-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და აღნიშნა, რომ პროკურატურამ სრულყოფილად მოიკვლია განცხადებაში მითითებული გარემოებები და კანონიერი დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, სს “---” დირექტორს და “---” ბანკის ხელმძღვანელობას რაიმე დანაშაული არ ჩაუდენიათ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს _ კასატორებს _ მ. ხ-სა და რ. ლ-ეს, მათი ინტერესების წარმომადგენელს, ადვოკატ მ. ლ-ეს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც პროკურატურის და რაიონული სასამართლოს დადგენილებებიდან ირკვევა, პროკურატურამ დანაშაულის შესახებ ცნობების შემოწმებისას მოიკვლია მხოლოდ ის მასალები, რომლებიც ადასტურებდნენ, თუ როდის გაიარა რეგისტრაცია სს “---”, რა თანხით განისაზღვრა საზოგადოების კაპიტალი, რა რაოდენობის აქციები იქნა გამოსყიდული კოლექტივის მიერ, როგორ და აქციათა რა რაოდენობა შეიძინა “---” ბანკმა, როგორ მოხდა საზოგადოების ლიკვიდაცია. პროკურატურამ იმსჯელა მის მიერ მოპოვებულ ზემოთ მითითებულ მასალებზე, ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საჩივრის ავტორებს აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით სამოქალაქო წესით სარჩელი აქვთ შეტანილი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში და გააკეთა დასკვნა, რომ საკითხები, თუ “---” ბანკს რამდენად კანონიერად ჰქონდა შეძენილი აქციები, ასევე რამდენად კანონიერად მოხდა სააქციო საზოგადოების ლიკვიდაცია, წარმოადგენს სამოქალაქო დავის საგანს. საკასაციო პალატა თვლის, რომ დანაშაულის შესახებ ცნობების შემოწმებისას სრულყოფილად არ გამოკვლეულა მომჩივანთა განცხადებაში მითითებული მთელი რიგი გარემოებები. კერძოდ, აქციონერები უთითებენ, რომ მას შემდეგ, რაც “---” ბანკმა მოიპოვა დომინირებული მდგომარეობა, მან ეს გამოიყენა და საზოგადოების დირექტორად დანიშნა, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად აირჩია მისთვის სასურველი და მისი პოლიტიკის გამტარებელი პირები, რომლებმაც საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ და თავისი გამორჩენის მიღების, ასევე “---” ბანკისათვის გამორჩენის მიღების მიზნით გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება და განზრახ განახორციელეს ისეთი მოქმედებები, რამაც საზოგადოებას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. პალატა თვლის, რომ არ გამოკვლეულა და შეფასება არ მისცემია განცხადებაში მითითებულ იმ გარემოებებს, განზრახ იდებოდა თუ არა საბჭოს წევრების და საზოგადოების დირექტორის მიერ კომერციულ პარტნიორებთან საზოგადოებისათვის წამგებიანი ხელშეკრულებები, ასევე არ შემოწმებულა განცხადების ავტორთა მითითება იმის თაობაზე, რომ საზოგადოების ინტერესების დასაცავად არც ერთი კომერციული პარტნიორისა თუ სხვა ორგანიზაციისათვის არ წარუდგენიათ პრეტენზიები ზარალის ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან ამგვარი გარიგებები იდებოდა “---” ბანკის ხელმძღვანელების პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე არ გამოკვლეულა განცხადებაში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ საზოგადოებისათვის წამგებიანი ხელშეკრულებები კომერციულ პარტნიორებთან იდებოდა იმ განზრახვით, რომ ასეთ საქმიანობას ზიანი მოეტანა საზოგადოებისათვის, რომ საბჭოს წევრებისა და საზოგადოების დირექტორის მიერ აქციონერთა გვერდის ავლით პირადი ინტერესებისათვის წარმოებდა საზოგადოების ძირითადი სახსრების გასხვისება, რომ მოხდა წყნეთის ფილიალის, თბილისის სასაწყობო მეურნეობის გასხვისება, მაგრამ ამით მიღებული თანხა საზოგადოებას არ მოხმარებია.

ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული საკითხები უნდა შემოწმდეს, მიეცეს სამართლებრივი შეფასება და მოპოვებული მასალების საფუძველზე გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე" ქვეპუნტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სააქციო საზოგადოება “---” აქციონერთა ინტერესების წარმომადგენლის, ადვოკატ მ. ლ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 დეკემბრის დადგენილება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის პროკურატურის 2003წ. 3 სექტემბრის დადგენილება სს “---" ადმინისტრაციისა და “---” ბანკის ხელმძღვანელობის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და საქმის მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდეს ქ. თბილისის პროკურატურას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.