საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 31.03.2004
საქმის ნომერი
2კ-28კოლ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.03.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 28-კოლ 31 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ნ. გვენეტაძე

განიხილა მსჯავრდებულების – ზ. და თ. ჯა-ებისა და დაზარალებულ ლ. ყ-ის ადვოკატ ა. ზ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 18 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 18 ნოემბრის განაჩენით ზ. ჯ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” და “ე” ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად შეეფარდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;

თ. ჯ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით ზ. და თ. ჯ-ებს მსჯავრი დაედოთ შემდეგში:

ზ. ჯ-ლს უყვარდა არასრულწლოვანი, 19--წ. -- იანვარს დაბადებული ლ. ყ-ლი, რომელიც, თავის მხრივ, ზ. ჯ-ლს პასუხობდა, რომ არ სურდა გათხოვება და სთხოვდა, მისთვის თავი დაენებებინა. ამის გამო ზ. ჯ-მა, რომლისთვისაც ცნობილი იყო ლ. ყ-ის ასაკი, გადაწყვიტა მისი მოტაცება, ცოლად შერთვის მიზნით. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ის წინასწარ შეუთანხმდა თავის ძმას _ თ. ჯ-ლს და სხვა პირებს. 2002წ. 10 იანვარს, დაახლოებით 13 საათზე, ზ. და თ. ჯ-ები, სხვა პირებთან ერთად, ქ. თბილისში, ---სა და ---ს გამზირების გადაკვეთაზე, დახვდნენ ლ. ყ-ლს და მის თანაკურსელ თ. ჩ-ეს, როდესაც ისინი გამოდიოდნენ სასწავლებლიდან _ სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯიდან. ლ. ყ-ლი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, მოიტაცეს და ოთხი დღის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ლ. ყ-ლი სახლში დაბრუნდა მხოლოდ მშობლებისა და ნათესავების ჩარევის შედეგად.

2002წ. 18 ნოემბერს, 15 საათსა და 30 წუთზე, ზ. ჯ-მა, გამოიძებით დაუდგენელ პირებთან ერთად, სამედიცინო კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიიდან დედის _ ც. ყ-ის თანდასწრებით, განმეორებით გაიტაცა ლ. ყ-ლი, ძალის გამოყენებით ჩასვა იგი დაუდგენელ ავტომანქანაში და უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება სამი დღის განმავლობაში. ამჯერადაც ლ. ყ-ლი ოჯახს დაუბრუნდა მხოლოდ მშობლებისა და პოლიციის ჩარევის შედეგად.

თავიანთ საკასაციო საჩივარში ზ. და თ. ჯ-ები უთითებენ, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ ფაქტობრივ გარემოებებს, საქმე განიხილა ტენდენციურად, ცალმხრივად, არ გაითვალისწინა, რომ მათ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ; ლ. ყ-ლი თანახმა იყო, ცოლად გაყოლოდა ზ. ჯ-ლს და მხოლოდ მისი მშობლების ინიციატივით მოხდა საქმის აღძვრა. კასატორები თვლიან, რომ საკასაციო პალატა საქმის მასალების ობიექტური ანალიზის შედეგად მათ მიმართ საქმეს შეწყვეტს.

ლ. ყ-ის ადვოკატი თავის საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ მსჯავრდებულების დანაშაულებრივი ქმედება და მათი პიროვნებები სასამართლომ არასწორად შეაფასა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მათ მიმართ შეფარდებული სასჯელი არის აშკარად ლმობიერი. ამ მოტივით დაზარალებულის ადვოკატი ა. ზ-ლი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის განმეორებითი განხილვისათვის საოლქო სასამართლოში დაბრუნებას.

მსჯავრდებულები _ ზ. და თ. ჯ-ები, მათი ადვოკატი ი. მ-ძე მხარს უჭერენ საკასაციო საჩივარს.

დაზარალებული ლ. ყ-ლი და მისი ადვოკატი ა. ზ-ლი ასევე მხარს უჭერენ თავიანთ საკასაციო საჩივრებს.

პროკურორი ე. ქ-ვა ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულების _ ზ. და თ. ჯ-ების სასიკეთოდ, სახელდობრ: ზ. ჯ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის 4 წლამდე, ხოლო თ. ჯ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის 3 წლამდე შემცირებას.

სამოტივაციო ნაწილი:

გამოიკვლია რა საქმის მასალები, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულების _ ზ. და თ. ჯ-ების სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებული ზ. ჯ-ლი და დაზარალებული ლ. ყ-ლი იყვნენ ნაცნობები და ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. ამ ურთიერთობით დაიმედებულმა ზ. ჯ-მა გადაწყვიტა ლ. ყ-ის წაყვანა მისი ცოლად შერთვის მიზნით, რაც განახორციელა კიდეც, სახელდობრ: ზ. ჯ-მა 2002წ. 10 იანვარს ძმასთან – თ. ჯ-თან და სხვა პირებთან ერთად, ხოლო იმავე წლის 18 ნოემბერს სხვა პირებთან ერთად სასწავლებლიდან მომავალი ლ. ყ-ლი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ავტომანქანაში ჩასვა. მართალია, მსჯავრდებულები ამტკიცებენ, რომ მათ ლ. ყ-ის მიმართ ძალა არ გამოუყენებიათ და იგი წაიყვანეს მისი ნების შესაბამისად, მაგრამ პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ როგორც პირველ, ისე მეორე ეპიზოდებში ადგილი ჰქონდა ლ. ყ-ის ნების საწინააღმდეგო მოქმედებას, მის გატაცებას მასთან ქორწინების მიზნით, რაც წარმოადგენს თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემადგენლობას, მაგრამ დაზარალებულის შემდგომი ქცევა ადასტურებს, რომ ავტომანქანაში მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასმის შემდეგ მის მიმართ რაიმე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება არ განხორციელებულა. წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ლ. ყ-ლი გატაცების შემდეგ ყოველგვარი იძულების გარეშე შეურიგდა ზ. ჯ-თან ცოლქმრულ ურთიერთობაში ყოფნის იდეას, რის გამოც მისი შემდგომი მდგომარეობა არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფლების უკანონო აღკვეთად.

მოწმეების – ზ. ბ-ის, ი. ხ-ის, ი. გ-ის, კ. მ-ის ჩვენებებით ირკვევა, რომ მოტაცების შემდეგ ლია ყაზარაშვილს არავინ ეპყრობოდა ცუდად. იგი ჩვეულებრივ ადამიანურ ურთიერთობაში იმყოფებოდა როგორც ზ. ჯ-თან, ასევე მის გარშემო მყოფ სხვა პირებთან. იგი სამარშრუტო ტაქსით თავისუფლად გადაადგილდებოდა ზ. ჯ-თან ერთად. ოჯახებში, სადაც ისინი ჩერდებოდნენ, ყოველთვის იყვნენ ოჯახის სხვა წევრები, მათ შორის _ ქალებიც. მუქარასა და დაშინებას ლ. ყ-ის მიმართ არავინ ადასტურებს, მას დახმარება არავისთვის უთხოვია, პირიქით, მოწმეები განმარტავენ, რომ იმართებოდა სადღესასწაულო სუფრები მათ დაქორწინებასთან დაკავშირებით, სადაც ლ. ყ-ლი გამოხატავდა ჩვეულებრივ ადამიანურ ემოციებს, სიხარულს. აღნიშნულზე მიუთითებს საქმეში არსებული არაერთი ფოტოსურათიც. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ზ. ჯ-სა და ლ. ყ-ლს შორის ადგილი ჰქონდა ნებაყოფლობით სქესობრივ კავშირს, ამ ფაქტს თავად ლ. ყ-იც არ ხდის სადავოდ.

როგორც მოწმე ი. გ-სა და მსჯავრდებულების ჩვენებებიდან ირკვევა, ლ. ყ-თან სალაპარაკოდ მამამ _ ჰ. ყ-მა (აღნიშნული განაცხადა სასამართლო პროცესზე) გაგზავნა თავისი მეგობრები (ბ-ლი, გ-ძე და მესამე პირი, რომლის გვარი არ დაასახელა), რომლებიც გაესაუბრნენ დაზარალებულს და არაერთხელ ჰკითხეს, ხომ არ უნდოდა სახლში დაბრუნება, რაზეც ამ უკანასკნელმა კატეგორიული უარი განაცხადა.

ზემოაღნიშნული გარემოებები სააპელაციო პალატამ თ. და ზ. ჯ-ების მიმართ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღო. საკასაციო პალატა კი თვლის, რომ ეს გარემოებები საფუძვლად უნდა დაედოს მსჯავრდებულთათვის სასჯელის შემსუბუქებას.

პალატა ითვალისწინებს იმასაც, რომ მსჯავრდებულები არიან ახალგაზრდები (21, 22 წლისანი); თ. ჯ-ლი მონაწილეობდა ლ. ყაზარაშვილის მოტაცების მხოლოდ ერთ ეპიზოდში, ჰყავს მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი; მათი წარსული არაფრითაა შებღალული; მსჯავრდებულთა ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ საკასაციო პალატას საფუძველს აძლევს მიიჩნიოს, რომ სასჯელის მიზნებისათვის, მათ შორის, მათი რესოციალიზაციისათვის მათ მიერ რეალურად მოხდილი სასჯელი – 1 წელი და 4 თვე _ საკმარისია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულთა ბრალის ხარისხისა და პიროვნებების გათვალისწინებით, შესაძლებელია, ზ. ჯ-ლს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 3 წლამდე, თ. ჯ-ლს კი სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე _ 2 წლამდე, მათ მიმართ გამოყენებულ იქნეს სსკ-ის 63-64-ე მუხლები და დანიშნული სასჯელი შეეცვალოთ პირობით, იმავე დროით გამოსაცდელი ვადის დაწესებით.

ზემოაღნიშნულის გამო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ზ. და თ. ჯ-ების მიმართ განაჩენის გაუქმების თაობაზე მათ მიმართ შეფარდებული სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 18 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს:

მსჯავრდებულ ზ. ჯ-ლს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “ე” ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 3 წლამდე. სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადის დაწესებით;

მსჯავრდებულ თ. ჯ-ლს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა _ სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს 2 წლამდე. სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადის დაწესებით;

მსჯავრდებულები _ თ. და ზ. ჯ-ები პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.

მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ბიუროს მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.