საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 35-კოლ 22 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,მ. ისაევი
განიხილა ადვოკატ ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 30 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც ხ. ა-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელს იხდის 2003წ. 8 ივნისიდან.
საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ხ. ა-ვს არ ჩაუდენია განაჩენით მასზე შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები.
იმავე განაჩენით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ხულიგნობის ჩადენისათვის მსჯავრდებულნი არიან ქ. მ-ვი და ე. ი-ვი, რომლებიც განაჩენს არ ასაჩივრებენ.
დამატებით წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი მ. ჩ-ნი ითხოვს ხ. ა-ს მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის გადაცემას ხელახალი სასამართლო განხილვისათვის.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის მიხედვით დადგენილად მიჩნეულია შემდეგი:
2002წ. 30 აგვისტოს, ერთ-ერთ ქორწილში მომხდარი კონფლიქტის დროს, დაიღუპა ს. მ-ვი, ხოლო ლ. მ-მა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება. აღნიშნულის გამო მ-ებსა და მ-ებს შორის ჩამოვარდა მტრობა, თუმცა მათი კონფლიქტი ფიზიკურ შეურაცხყოფაში არ გადაზრდილა.
2003წ. 7 ივნისს, დაახლოებით 16 საათზე, მარნეულის რაიონის სოფ. ---ში მდებარე რესტორნის ერთ-ერთ კუპეში სადილობდნენ ა. და ნ. მ-ები მეგობარ გოგონებთან _ მ. ხ-სა და დ. გ-სთან ერთად. დაახლოებით 17-დან 18 საათამდე შუალედში იმავე რესტორანში მივიდნენ ე. ა-ვი, ე. მ-ვი, ქ. მ-ვი, ბ. მ-ვი, ლ. მ-ვი, ტ. მ-ვი, ე. ი-ვი, ე. ა-ვი და ა. ფ-ვი, რომლებიც დასხდნენ რესტორნის ეზოში მაგიდასთან და დაიწყეს ქეიფი.
ტ. მ-მა გაიგო რა, რომ ა. და ნ. მ-ები გოგონებთან ერთად იმყოფებოდნენ რესტორანში, გაუგზავნა მათ ერთი ბოთლი არაყი. მცირე ხნის შემდეგ ა. მ-ვი და მ. ხ-ვა წავიდნენ სადახლოს ბაზრობაზე. ტ. მ-ვი შევიდა კუპეში მყოფ დ. გ-სა და ნ. მ-ვთან, დალოცა ისინი და დაბრუნდა თავის მაგიდასთან. ე. ა-მა გაიგო, რომ ნ. მ-ვი იმყოფებოდა რესტორანში, მივიდა კუპესთან, წიხლი ჰკრა კარს, შეაგინა ნ. მ-ვს, გაიყვანა იგი გარეთ და დაუწყო ცემა. ე. ა-ვს მიეხმარა ქ. მ-ვი, მაგრამ ისინი გააშველეს ე. და ლ. მ-ებმა. რამდენიმე წუთის შემდეგ რესტორანში სასადილოდ მივიდნენ ე., ე. და ი. მ-ები. მათი დანახვისთანავე ქ. მ-ვი წამოდგა მაგიდიდან, მიუახლოვდა მათ და მოსთხოვა, დაეტოვებინათ რესტორანი. მას შემდეგ, რაც მ-ებმა უარი განაცხადეს რესტორნის დატოვებაზე, ე. ა-მა ი. მ-ვს უთხრა: მამაშენი მე მოვკალი, შენც მოგკლავო და დაუწყო ცემა. ი. მ-ვს ცემა დაუწყეს ქ. და ე. მ-ებმაც. ე. ა-ვს ხელში ეჭირა ქვა და ურტყამდა წაქცეულ ი. მ-ვს, ხოლო ქ. და ე. მ-ები ხელებითა და ფეხებით სცემდნენ მას. პარალელურად ტ., ბ. და ლ. მ-ები, ე. ა-ვი, ე. ი-ვი და ა. ფ-ვი თავს დაესხნენ და ცემა დაუწყეს ე., ე., ნ. და ა. მ-ებს, აგრეთვე _ მაგარამ მ-ვს, რომელიც რესტორანში მივიდა იმიტომ, რომ გაიგო, იქ მის შვილებს სცემდნენ. მათ შორის ჩხუბი გრძელდებოდა 20-25 წუთის განმავლობაში. ჩხუბის დროს რესტორნის ეზოში ავტომანქანა “ვაზ-2106”-ითYშევიდა ხ. ა-ვი, რომელსაც ე. ი-მა მობილური ტელეფონით შეატყობინა, რომ მისი ძმა _ ე. ა-ვი რესტორანში ჩხუბობდა. ხ. ა-მა მოჩხუბართა შორის დაინახა ე. მ-ვი, რომლის ოჯახზეც გაბრაზებული იყო და განიზრახა, მისთვის დაეჯახებინა ავტომანქანა, რა დროსაც გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ითვალისწინებდა სასიკვდილო შედეგის დადგომის გარდუვალობას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მან მანქანა მიმართა ე. მ-საკენ, დაეჯახა მას, ათრია და ავტომანქანა გააჩერა მხოლოდ 10-15 მეტრის გავლის შემდეგ. ჩამოვიდა რა მანქანიდან, აიღო შეშის ნაპობი, რომელიც ჯერ წაქცეულ ე. მ-ვს დაარტყა კისერში, შემდეგ _ მაგარამ მ-ვს ზურგში და ე. მ-ვს _ მარცხენა იდაყვის არეში.
ავტომანქანის დაჯახების შედეგად ე. მ-მა მიიღო ღვიძლის, ელენთისა და თირკმლის გაგლეჯა, სხვა მრავლობითი დაზიანება და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ზემოაღნიშნულ ჩხუბში ი. მ-მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე; მაგარამ, ე. და ნ. მ-ებმა კი _ ნაკლებად მძიმე დაზიანება.
პალატის სხდომაზე ადვოკატებმა _ მ. ჩ-მა და ი. ბ-მა დააზუსტეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნება იმ მოტივით, რომ ხ. ა-ის შერაცხადობის დადგენის მიზნითY უნდა ჩატარდეს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა; ასევე შესაბამისი ექსპერტიზით გამოკვლეულ იქნეს იმ ავტომანქანის ტექნიკური გამართულობა, რომელსაც შემთხვევის დროს ხ. ა-ვი მართავდა.
ადვოკატთა შუამდგომლობას მხარი დაუჭირა მსჯავრდებულმა ხ. ა-მა.
დაზარალებულებმა _ მაგარამ, ი., ე., ა. და ნ. მ-ებმა და მათმა ადვოკატებმა _ ნ. ა-მა და გ. ხ-მა ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
დაზარალებულთა მოთხოვნას მხარი დაუჭირა პროკურორმა ბ. გ-ემ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილ საჩივართა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონდებლობის დაცვით.
სასამართლო კოლეგიამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გამოკვლეულ მტკიცებულებებს და დაადგინა კანონიერი და სამართლიანი განაჩენი, რომლის გაუქმების ან შეცვლის კანონიერი საფუძველი პალატას არ გააჩნია.
განაჩენით ხ. ა-ს მიმართ შერაცხული ბრალდება დადასტურებულია დაზარალებულების _ ი., ე., მ., ნ. და ა. მ-ების, მოწმეების _ ა. ლ-ის, რ. ნ-ის, გ. ს-ას, ზ. ა-ის და ნ. ნ-ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებით და სხვა მტკიცებულებებით.
პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის გამოკვლევის თაობაზე სრულიად უსაფუძვლოა.
საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ რესტორან “---ის” ტერიტორიაზე შემთხვევის ღამესვე მივიდა საგზაო პოლიციის თანამშრომელი გ. ს-ია, რომელმაც შეამოწმა ავტომანქანის ტექნიკური გამართულობა და დარწმუნდა რა, რომ ავტომანქანა ტექნიკურად სრულიად გამართული იყო, გამომძიებლებთან _ ზ. ა-თან და ნ. ნ-თან ერთად ჩაჯდა იმავე ავტომანქანაში, საჭესთან დაჯდა მანქანის მფლობელი ზ. მ-ვი და ყველანი მივიდნენ ქ. მარნეულში, შინაგან საქმეთა სამმართველოს ეზოში, სადაც დააყენეს ავტომანქანა. შემთხვევის ადგილიდან ქ. მარნეულამდე მათ გაიარეს დაახლოებით 30 კილომეტრი. შემთხვევიდან ერთ თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, ავტომანქანის დანაშაულის იარაღად და ნივთიერ მტკიცებულებად ცნობის დადგენილების გაფორმების დროს, აღმოჩნდა, რომ მანქანას გადაჭრილი ჰქონდა სამუხრუჭე შლანგი და მოშლილი _ სიჩქარის გადაცემის სისტემა. ეს ფაქტი სრულყოფილად გამოიკვლია სასამართლო კოლეგიამ და სრულიად საფუძვლიანად დაასკვნა, რომ ზემოაღნიშნული დაზიანებები შემთხვევის დროს ავტომანქანას არ გააჩნდა.
პალატა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის მოტივით განაჩენის გაუქმების მოთხოვნას.
გამოძიებისა და საქმის სასამართლო განხილვის დროს ხ. ა-ის ფსიქიკური დაავადების თაობაზე არავითარი ეჭვი არ გამოთქმულა.
ამჟამად დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმობის ასლი, რომლის მიხედვით ხ. ა-ვი 2002წ. თებერვლამდე იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 1990წ. 20 იანვარს მომხდრი ტრაგიკული მოვლენების შემსწავლელი კომისიის წევრი, სრულიადაც არ იძლევა მისი ფსიქიკური გამოკვლევის რაიმე საფუძველს. ასევე, განაჩენის გაუქმებას არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ავადმყოფობის ისტორიის ის ამონაწერი, რომლის მიხედვით, 2002წ. 28 ივნისს ხ. ა-მა აზერბაიჯანის რესპუბლიკური ფსიქიატრიული საავადმყოფოს დისპანსერულ განყოფილებას მიმართა. აღნიშნული საბუთის მიხედვით, მას დარღვეული არა აქვს მეხსიერება, გარშემო მყოფებს ცნობს, გაღიზიანებული აქვს მხოლოდ ემოციონალური სფერო, ადვილად ღიზიანდება, უჩივის თავის ტკივილსა და უძილობას. ექიმთან გასაუბრების შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ამის შემდეგ ანალოგიური დახმარებისათვის მას სამედიცინო დაწესებულებისათვის აღარ მიუმართავს. იგი ჩვეულებრივი რიტმით აგრძელებდა ცხოვრებას.
პალატამ სარევიზიო წესით შეისწავლა განაჩენის კანონიერება სხვა მსჯავრდებულთა (ქ. მ-ვი, ე. ი-ვი) მიმართ და მიიჩნევს, რომ განაჩენი მათ მიმართაც კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ადვოკატების _ ი. ქ-ის, მ. ჩ-სა და ი. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 30 დეკემბრის განაჩენი ხ. ა-სა და სხვათა მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.