საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 41-კოლ 1 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ა. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართილს საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 17 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 17 დეკემბრის განაჩენით ა. პ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
გასაჩივრებული განაჩენით ა. პ-ლს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გადაზიდვაში.
მასვე მსჯავრი დაედო არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვასა და გადაზიდვაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2001 წელს, თვე და რიცხვი დაუდგენელია, ა. პ-მა ე.წ. “---ზე” 150 ლარად უკანონოდ შეიძინა 0,87 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება “---” და გადმოზიდა ქ. თბილისში. ამ ნივთიერების ნაწილი პ-მა მოიხმარა, დარჩენილი ნაწილი კი შეინახა ჟილეტის წინა, მარჯვენა ჯიბეში. 2001წ. 25 ოქტომბერს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ა. პ-ლი პოლიციის მუშაკებმა დააკავეს ქეთევან წამებულის ქუჩაზე. პირადი ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა უკანონოდ შენახული 0,87 ნარკოტიკული საშუალება “---”.
მანვე 2002წ. 24 მარტს განმეორებით, ახმეტის რაიონის სოფ. ---ში გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 15,455 გრამი ნარკოტიკული საშუალება “---”, რაშიც გადაიხადა 1200 ლარი. ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ა. პ-ლი იმავე დღეს პოლიციის მუშაკებმა დააკავეს გარდაბნის რაიონის სოფ. ---თან ე.წ. ---ის საგუშაგოზე. პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან ამოღებულ იქნა 15,455 გრამი “---”.
საკასაციო საჩივარში ადვოკატი ა. კ-ძე აღნიშნავს, რომ წინასწარი გამოძიება საქმეზე ჩატარდა სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევით; ამდენად, განაჩენი, რომელიც ემყარება საპროცესო ნორმების დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, უნდა გაუქმდეს და ა. პ-ის მიმართ საქმე წარმოებით შეწყდეს.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატი ა. კ-ძე მხარს უჭერს საკასაციო საჩივარს; ამასთან, საფუძვლიანად მიიჩნევს პალატის სხდომაზე წარმოდგენილ შუამდგომლობებს ა. პ-ის მიმართ სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.
პროკურორმა ე. ქ-ამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო პალატამ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გააანალიზა ადვოკატ ა. კ-ის საკასაციო საჩივრის მოტივები გამოძიებაში დაშვებული პროცესუალური დარღვევების შესახებ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევა, რომელიც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას და ა. პ-ის მიმართ საქმის შეწყვეტას, მით უფრო, რომ ადვოკატ ა. კ-ს საჩივარში მითითებული საკითხების შესამოწმებლად საქმე ერთხელ უკვე იყო დაბრუნებული დამატებით გამოძიებაში თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 6 ნოემბრის განჩინებით, რომელიც უცვლელად დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2003წ. 16 იანვრის განჩინებით.
ა. პ-ის მიმართ განაჩენი დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
თვით მსჯავრდებულ ა. პ-ის ჩვენებებს, სადაც იგი თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს ნარკოტიკული საშუალების _ 0,87 გრ “---ის” უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის ფაქტს. მართალია, მსჯავრდებულმა ა. პ-მა თავი არ ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. (მისი განმარტებით, 15,455 გრ. ნარკოტიკული საშუალება ჯიბეში ჩაუდეს პოლიციის მუშაკებმა), მაგრამ სასამართლო პროცესზე დაადასტურა ჩხრეკის დამსწრეთა და პოლიციის მუშაკთა ჩვენებები მისგან ნარკოტიკული ნივთიერების ამოღების ფაქტთან დაკავშირებით.
გარდა მსჯავრდებულ ა. პ-ის მიერ ბრალის ნაწილობრივი აღიარებისა, მის მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურებულია წინასწარ გამოძიებაში მიცემული აღიარებითი ჩვენებებით, სადაც მან თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ასევე პოლიციის მუშაკების _ ა. წ-ის, რ. ჭ-ის, მოწმის სახით დაკითხული დამსწრეების _ დ. დ-ის, ა. ბ-ის, მოწმეების _ ჯ. ბ-ის, ი. ბ-ისა და სხვათა ჩვენებებით, ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით.
პალატა თვლის, რომ ზემოთ მითითებული მტკიცებულებებით უდავოდაა დადასტურებული ა. პ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
ამასთან ერთად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. პ-ლს საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელი უნდა შეუმცირდეს 5 წლამდე.
პალატა მსჯავრდებულ ა. პ-ის მიმართ სასჯელის შემსუბუქების საფუძვლად მიიჩნევს შემდეგს:
პალატა თვლის, რომ სასამართლომ ა. პ-ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას მიუთითა, მაგრამ ფაქტობრივად არ გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი შემდეგი გარემოებები:
სასამართლო სამედიცინო-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ა. პ-ლი არის ნარკომანი. ამასთან, იგი მეორე ჯგუფის ინვალიდია, დიაგნოზით: ბრონქიალური ასთმა ხშირი შეტევებით, ღვიძლის ციროზი, რაც ნარკომანიის საწინააღმდეგო იძულებითი მკურნალობის შეფარდებისათვის საწინააღმდეგო ჩვენებაა. საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმასაც, რომ სხდომაზე წარმოდგენილ შუამდგომლობებს ხელს აწერენ სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდის პრეზიდენტი, ადამიანის უფლებისა და პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ კონვენციებით გათვალისწინებული უფლებების დაცვის საერთაშორისო პრეზიდენტი და ითხოვენ ა. პ-ის მიმართ სასჯელის შემსუბუქებას. ისინი უთითებენ, რომ ა. პ-ლი არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, მეორე ჯგუფის ინვალიდია, აქვს ბრონქიალური ასთმა, ღვიძლის ციროზი, ასოს ოლეოგრანულობა, ჩაუტარდა ოპერაცია, სიმსივნური ქსოვილების რეზექცია, ასოს პლასტიკა, იგი არაერთხელ აღმოაჩინეს უგონო მდგომარეობაში. დიაგონოზია: მწვავე ტოქსიკური ინტოქსიკაცია, ტოქსიკური ნეფრიტი, ტოქსიკური ჰემოლიზი. ა. პ-ლი დღესაც აგრძელებს სიმპტომატურ მკურნალობას სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით, თუმცა _ უშედეგოდ. პატიმრის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. პატიმრობის პერიოდში არ მიუღია არც ერთი შენიშვნა, ხასიათდება დადებითად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და იმის მხედველობაში მიღებით, რომ ა. პ-ლი თავად არის ნარკომანი და მისთვის აღმოჩენილი ნარკოტიკული ნივთიერება “---” განკუთვნილი იყო პირადი მოხმარებისათვის, პალატა შესაძლებლად მიიჩნევს მის მიმართ სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 17 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს: ა. პ-ლს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მისჯილი სასჯელი _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა _ სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით შეუმცირდეს 5 წლამდე.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.