საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 44-აპ 6 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. გ-ძე თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2003წ. 4 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლითა (1960წ. 30 დეკემბრის რედაქცია) და 236-ე მუხლის პირველი ნაწილის “მ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის, კერძოდ, დამამძიმებელ გარემოებათა გარეშე ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის გამო. სააპელაციო სასამართლომ გ. გ-ეს ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
განაჩენის მიხედვით გ. გ-ემ დანაშაული ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში:
1994წ. დასაწყისში ლ. ლ-ემ თავისი ნაცნობისაგან _ ი. გ-საგან კომერციული საქმიანობისათვის ისესხა 6000 აშშ დოლარი 30%-იანი თვიური გადასახდით. მან ვერ განახორციელა კომერციული საქმიანობა და ამიტომ ი. გ-სათვის ვალის დროულად გადახდა ვერ შესძლო.
მიუხედავად აღნიშნულისა, იგი ყველა ზომას იღებდა, რათა გ-ებისათვის ვალი დაებრუნებინა. 1994წ. მაისში მან ი. გ-ის მეუღლეს _ შ. გ-ნს გადასცა 2000 ამერიკული დოლარი, ხოლო იმავე წლის სექტემბერში _ 4000 ამერიკული დოლარი, მაგრამ დარჩენილი პროცენტების საფასურის გადახდა უგვიანდებოდა. 1994წ. ნოემბერში შ. გ-მა კატეგორიულად მოსთხოვა “ვალის” დაბრუნება, რის შემდეგ მათ სახლში, ---, სისტემატურად აკითხავდნენ ლ. ე-უა და ა. ს-ძე, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღებით. მათ ლ. -სა და მისი ოჯახის წევრებს თავი გააცნეს, როგორც “---ის” წევრები და უთხრეს, რომ გ-ების “ვალი” მათთვის უნდა გადაეხადათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ მოკვლითა და ქონების განადგურებით.
დაშინებული გაგნიძეები ყველა ზომას მიმართავდნენ, რათა პროცენტის საფასური გადაეხადათ და 1995წ. 5 თებერვალს ლ. ე-სა და ა. ს-ეს გადასცეს 3000 ამერიკული დოლარი. 1995წ. 7 თებერვალს, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე, მათთან სახლში, ზემოხსენებულ მისამართზე, კვლავ მივიდნენ ლ. ე-უა, რომელიც შეიარაღებული იყო “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტით და ა. ს-ძე, რომელსაც ხელში ეჭირა დანა და ჯიბეში ედო რადიოგადამცემი. მათ სახლში დაუხვდათ ძმები _ ლ. და გ. გ-ები. ლ. ე-ამ და ა. ს-ემ უხეში ფორმითYმოსთხოვეს მათ ფულის, კერძოდ, 1000 ამერიკული დოლარის დამატება, რაზედაც ძმები შეეკითხნენ, თუ რაში ითხოვდნენ ამ თანხას, ფული ხომ უკვე მიცემული ჰქონდათ. აღნიშნულზე ლ. ე-ამ და ა. ს-ემ უცენზურო სიტყვებით მიმართეს ძმებს და უთხრეს, რომ თუკი იმ წუთშივე არ გადასცემდნენ ვალს, მოკლავდნენ. იმავე დროს ლ. ე-ამ საქამრიდან ამოიღო “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი, მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და ძმებს დედა შეაგინა. ამის დანახვაზე გ. გ-ემ, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ნაჯახი ყუით, რომლითაც იქვე აპობდა შეშას, დაარტყა ლ. ე-ას გულ-მკერდის არეში, რის შედეგადაც ლ. ე-უა წაიქცა და ხელიდან გაუვარდა პისტოლეტი. წაქცეული ლ. ე-უა ცდილობდა პისტოლეტის აღებას და მისთვის სროლას. ამის დანახვაზე გ. გ-ემ, მოქმედებდა რა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, აიღო იქვე, კედელზე, მიყუდებული სანადირო თოფი და ორჯერ ესროლა მას მარჯვენა ფერდში, რის შედეგადაც ლ. ე-ამ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება და იქვე გარდაიცვალა. ზემოაღნიშნული შეურაცხყოფით განაწყენებულმა გ. გ-ემ შურისძიების მოტივით, ა. ს-ის განზრახ მოკვლის მიზნით, იატაკიდან აიღო ლ. ე-ას კუთვნილი “მაკაროვის” სისტემის ¹-- პისტოლეტი, რომელიც მოყვანილი იყო საბრძოლო მდგომარეობაში და სამჯერ ესროლა მას ზურგში, რითაც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება. მიღებული ჭრილობების შედეგად ა. ს-ძე ადგილზევე გარდაიცვალა.
2002წ. 18 აგვისტოს, საღამოს საათებში, ძებნილმა გ. გ-ემ ქ. თბილისში, --- საცხოვრებელ კორპუსთან, მე-2 სადარბაზოს შესახვევში, იპოვა ხაკისფერი ნაჭრის ჩანთა, რომელშიც აღმოჩნდა იტალიური წარმოების რევოლვერი ¹-- და 5 ცალი 5,45 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნა, რაც შემდეგ აიტანა იმავე კორპუსის ¹--ში მცხოვრები მეგობრის _ გ. გ-ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა.
2002წ. 20 აგვისტოს ხსენებული იარაღი და საბრძოლო მასალა ჩხრეკის შედეგად პოლიციის მუშაკებმა ამოიღეს აღნიშნული ბინიდან, სადაც ასევე დააკავეს თვით გ. გ-ეც.
მსჯავრდებულმა გ. გ-ემ სააპელაციო სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილი განაჩენის თაობაზე საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს აღნიშნული განაჩენის შეცვლას მის სასიკეთოდ, კერძოდ, სასჯელის შემსუბუქებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ მან დანაშაული ჩაიდინა ექსტრემალურ ვითარებაში, რაც გამოწვეული იყო მსხვერპლის ბრალეული ქმედებით; ამასთან, სასამართლომ არასაკმარისად გაითვალისწინა ის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომლებიც მას გააჩნდა.
პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა გ. გ-ემ და მისმა დამცველმა, ადვოკატმა ზ. ნ-ამ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
დაზარალებული ა. ს-ძე მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივარს და ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
პროკურორი ე. ქ-ვა მხარს არ უჭერს საჩივარს და ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, რის შედეგადაც მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ის ფაქტი, რომ გ. გ-ემ 1995წ. 7 თებერვალს, საღამოს, ნამდვილად ჩაიდინა აწ გარდაცვლილ ა. ს-ის განზრახ მკვლელობა, უდავოდ არის დადასტურებული საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით _ თვით მსჯავრდებულის ჩვენებებით, მოწმე ლ. გ-ს ჩვენებებით, რომელიც მომხდარი შემთხვევის უშუალო თვითმხილველია, სხვა მოწმეების ჩვენებებით, სასამართლო ექსპერტიზების დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებებით.
პალატას ასევე დადასტურებულად მიაჩნია მსჯავრდებულ გ. გ-ის მიერ ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, როგორიცაა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა და შენახვა, რომლის თაობაზეც საქმეში საკმარისი რაოდენობის უტყუარი მტკიცებულებები მოიპოვება.
პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ გ. გ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის ექსტრემალური ვითარება, რომლის პირობებშიც მან ჩაიდინა დანაშაული, აგრეთვე თვით აწ გარდაცვლილ ა. ს-ის ბრალი და მთელი რიგი შემამსუბუქებელი გარემოებები, რის გამოც იგი ითხოვს კანონით განსაზღვრულ მინიმალურ ზღვარზე უფრო ნაკლები ზომის სასჯელის დანიშვნას. პალატას მიაჩნია, რომ სასჯელის ის ზომა, რომელიც საბოლოოდ მას განესაზღვრა, სასამართლომ დაუნიშნა სწორედ მის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ხოლო მინიმალურ ზღვარზე უფრო ნაკლები ზომის სასჯელის დანიშვნისათვის საჭირო განსაკუთრებული შემამსუბუქებელი გარემოება არ არსებობდა.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2003წ. 4 ნოემბერს მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ნოემბერის განაჩენი მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.