საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 30.03.2004
საქმის ნომერი
2კ-51კოლ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.03.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 51-კოლ 30 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,გ. ბორჩხაძე

განიხილა პროკურორ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 2 თებერვლის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 2 თებერვლის განაჩენით:

მ. ო-ნს, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე დანიშნული სასჯელი არ იქნა პირობით გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.

მ. ო-ის ყოფაქცევაზე მეთვალყურეობა დაევალა პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნ. ფ-ას საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე დანიშნული სასჯელი არ იქნა პირობით გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.

ნ. ფ-ს ყოფაქცევაზე მეთვალყურეობა დაევალა პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განაჩენით მ. ო-სა და ნ. ფ-ას მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება არასრულწლოვან მ. ბ-ეს, რაც გამოიხატა შემდეგში:

2002წ. მაისში ხ. დ-მ, მ. ო-ს მეშვეობით, ნ. ფ-საგან ერთი თვით ისესხა 100 აშშ დოლარი და 1200 ლარი, ყოველთვიური 20 %-ის დანამატით. ვინაიდან ხ. დ-ამ უქონლობის გამო დათქმული დროის გასვლის შემდეგაც ვერ შეძლო ვალის დაბრუნება, მ. ო-მა და ნ. ფ-ამ გადაწყვიტეს მოეტაცათ მისი შვილი და ამ გზით დაებრუნებინათ მისგან ვალი.

2002წ. 5 ოქტომბერს, დაახლოებით 9 საათზე, ისინი მივიდნენ თბილისში, --- ქუჩაზე მდებარე ხ. დ-ას საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდნენ მისი არასრულწლოვანი შვილები და ძალადობის გამოყენების მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, სახლიდან გაიყვანეს ხ. დ-ას არასრულწლოვანი შვილი _ 12 წლის მ. ბ-ძე. მას ქუჩიდან დაარეკვინეს დედასთან და ათქმევინეს, რომ სანამ ფულს არ მიიტანდა, მ. და ნ. მას არ გაუშვებდნენ. შემდეგ მიიყვანეს ე.წ. “---ის” ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ვაჭრობდა მ. ო-ნი და კვლავ დაარეკვინეს დედასთან, რათა დროზე მიეტანა ფული.

მომხდარის შესახებ ხ. დ-ამ მიმართა პოლიციის მუშაკებს, რომლებმაც იმავე დღეს, დაახლოებით 15 საათზე, გაათავისუფლეს არასრულწლოვანი მ. ბანძელაძე.

პროკურორი გ. ა-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას _ მ. ო-სა და ნ. ფ-ას მიმართ 3-3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ბ. გ-ემ შეცვალა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და პალატის წინაშე იშუამდგომლა განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიაში ხელახლა განსახილველად.

დაზარალებულ ხ. დ-ას წარმომადგენელი თ. ს-ია დაეთანხმა პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიაში ხელახლა განსახილველად.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა დ. დ-მა მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო ნორმების დაცვით.

საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი მ. ო-სა და ნ. ფ-ას მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. წარდგენილ ბრალდებაში მ. ო-მა თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ. მისი მოქმედება, ძირითადად, გამოწვეული იყო იმით, რომ დაზარალებული ხ. დ-ია თავს არიდებდა პირობის შესრულებას, არ იხდიდა დარჩენილ ვალს და ემალებოდა მას. არასრულწლოვანი მ. ბ-ის მიმართ არავითარ ძალადობასა და მუქარას ადგილი არ ჰქონია. ძირითად მიზანს ამ გზით მ. ბ-სთან შეხვედრა და ვალის თაობაზე საუბარი წარმოადგენდა.

წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ ნატო ფაღავამაც. იგი ინანიებს თავის მოქმედებას. ნ. ფ-ს თქმით, იგი განიცდის ეკონომიკურ გაჭირვებას, მისი ძირითადი მიზანი მოვალესთან შეხვედრა და ვალის ამოღება იყო. მ. ო-ნი და ნ. ფ-ვა არასრულწლოვან მ. ბ-ეს არ დამუქრებიან, ცუდად არ მოპყრობიან, წაყვანილი ჰყავდათ თავიანთ სამუშაო ადგილზე, სადაც საკვები პროდუქტიც შეუძინეს.

მ. ო-სა და ნ. ფ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მათი აღიარებითი ჩვენებებისა, სრულად არის დადასტურებული შემდეგი მტკიცებულებებითაც: დაზარალებულ მ. ბ-ის, მისი დის _ ნ. ბ-სა და მათი დედის _ ხ. დ-ას ჩვენებებით; მოწმეების _ გ. გ-ის, ნ. მა-ის, კ. ბ-ის ჩვენებებით; მ. ო-სა და ნ. ფ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება ასევე დასტურდება დაპირისპირების ოქმით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიამ საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის საფუძველზეც დაადგინა კანონიერი განაჩენი.

რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ მ. ო-სა და ნ. ფ-ას მიმართ განსაზღვრული სასჯელი სწორად შეესაბამება მსჯავრდებულების პიროვნებას, ისინი პირველად არიან სამართალში, ფაქტობრივად, აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, ხასიათდებიან დადებითად, მათ მიერ დანაშაულის ჩადენა ნაწილობრივ გამოწვეული იყო დაზარალებულის დედის არამართლზომიერი მოქმედებით, რაც პირობის შეუსრულებლობასა და ვალის დაუბრუნებლობაში გამოიხატა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სასამართლო კოლეგიის განაჩენის შეცვლისა და საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 2 თებერვლის განაჩენი მ. ო-სა და ნ. ფ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.