საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 53-კოლ 30 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა თბილისის პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების განყოფილების პროკურორ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 30 იანვრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 30 იანვრის განაჩენით ნ. მ-ლს. იმავე განაჩენით ნ. მ-ლი გამართლდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ნ. მ-ლს მსჯავრი დაედო ე. ჩ-ის თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის, რაც განაჩენის მიხედვით ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში:
ნ. მ-მა განიზრახა ე. ჩ-ის გატაცება ცოლად შერთვის მიზნით. 2003წ. 31 მარტს იგი თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე, შეხვდა ეთერ ჩომახიშვილს და თითქოსდა გასეირნების მიზნით ჩაისვა ტაქსში. ავტომანქანით ის მიიყვანა მეგობრის ვ. მ-ის ბინაში, სადაც მას შესთავაზა ცოლობა და ვინაიდან ეს უკანასკნელი წინააღმდეგი წავიდა, მას უკანონოდ, დაახლოებით 2 საათით აღუკვეთა თავისუფლება.
საკასაციო საჩივარში პროკურორი გ. ა-ლი აღნიშნავს, რომ სასამართლომ უკანონოდ გაამართლა მსჯავრდებული სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბარლდებაში. მისი აზრით, მსჯავრდებულს ბრალად შერაცხული დანაშაული ჩადენილი აქვს ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით. პროკურორი ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით 5 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, უკიდურეს შემთხვევაში კი სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ბ. გ-ემ შეცვალა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა განაჩენის გაუქმება და საქმის თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობის მიერ ხელმეორედ განხილვა. დაზარალებულმა ე. ჩ-მა და მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა ე. კ-მა პროკურორის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს. მათ მოითხოვეს განაჩენის უცვლელად დატოვება. დაზარალებულმა ე. ჩ-მა პალატას განუცხადა, რომ იგი შეურიგდა მსჯავრდებულს, ამჟამად გადაწყვეტილი აქვს მსჯავრდებულთან შექმნას ოჯახი, როცა ეს უკანასკნელი გათავისუფლდება პატიმრობიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ პროკურორის მოთხოვნა განაჩენის გაუქმების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სასამართლო გამოძიებით ვერ იქნა მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ მსჯავრდებულმა ნ. მ-მა ბრალად შერაცხული დანაშაული ჩაიდინა სხვა პირთან ერთად. დაზარალებულმა ე. ჩ-მა კატეგორიულად უარყო მსჯავრდებულთან ერთად სხვა პირის მონაწილეობა მის მიმართ განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, ასეთი არ დაადასტურა მსჯავრდებულმა ნ. მ-მაც.
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამართლა მსჯავრდებული სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. რაც შეეხება მსჯავრდებულის მიმართ განაჩენით დანიშნულ სასჯელს _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთას _ პალატას მიაჩნია, რომ იგი არ არის მეტისმეტად მსუბუქი და აშკარად უსამართლო. მართალია, მსჯავრდებული ნასამართლევია, მაგრამ პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია დანაშაული. დაზარალებულმა ე. ჩ-მა როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე პალატის სხდომაზე განაცხადა, რომ შეურიგდა მსჯავრდებულს და სასჯელის მოხდის შემდეგ გადაწყვეტილი აქვს მასთან შექმნას ოჯახი. ასეთ პირობებში პალატა თვლის, რომ განაჩენის გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 30 იანვრის განაჩენი ნ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.