საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 30.03.2004
საქმის ნომერი
2კ-90აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.03.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 90-აპ 30 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ კ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც კ. გ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა ორი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელს იხდის 2003წ. 5 აგვისტოდან.

საკასაციო საჩივარი ითხოვს კ. გ-სათვის შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლას.

აღწერილობითი ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენით კ. გ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ 2003წ. 5 აპრილს, დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე, მთვრალი, ამასთან _ მართვის უფლების არმქონე, მართავდა რა მისი ძმის კუთვნილ “უაზ-3909” მოდელის ავტომანქანას, ქ. ტყიბულში მსვლელობის დროს დაარღვია “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონის მოთხოვნები, გადავიდა საავტომობილო გზის საპირისპირო მოძრაობის მხარეზე, ვერ დაიმორჩილა მანქანა და გადავარდა მდინარე ტყიბულის კალაპოტში, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფმა გ. ა-ემ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება და გარდაიცვალა.

კ. გ-ლი შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლას მოითხოვს იმ მოტივით, რომ გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, გარდაცვლილის ოჯახთან აქვს კარგი ურთიერთობა და გაუწია ეკონომიკური დახმარება, თავად მას ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი და მისი ოჯახი განიცდის მატერიალურ გაჭირვებას.

პალატის სხდომაზე გარდაცვლილ გ. ა-ის დედამ – ლ. ა-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. პროკურორმა ბ. გ-ემ ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა დაზარალებულის უფლებამონაცვლესა და პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი კ. გ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით შერაცხულ ბრალდებაში კ. გ-ის ბრალეულობა მთლიანად დადასტურებულია და ამას სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.

რაც შეეხება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ იმ გარემოებებს, რომლებზეც საკასაციო საჩივარში არის მითითებული, ისინი მთლიანად გაითვალისწინა განაჩენის დამდგენმა სასამართლომ და კ. გ-ლს განუსაზღვრა კანონის სანქციით გათვალისწინებული ღონისძიების მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი, რომლის პირობითად ჩათვლის კანონიერი საფუძველი პალატას არ გააჩნია. ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს პალატა მხედველობაში იღებს იმასაც, რომ დანაშაულის ჩადენის დროს კ. გ-ლი იყო მთვრალი და ასევე არ ჰქონდა ავტომანქანის მართვის უფლება, რაც ამძიმებს მისი ბრალის ხარისხს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ კ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 დეკემბრის განაჩენი კ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.