საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 97-აპ 25 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ კ. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 იანვრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ოქტომბრის განაჩენი კ. ტ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ოქტომბრის განაჩენით კ. ტ-ეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 იანვრის განაჩენით უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ოქტომბრის განაჩენი კ. ტ-ის მიმართ.
განაჩენით კ. ტ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ და დანის გამოყენებით. დანაშაული ჩადენილია შემდეგ გარემოებებში:
2003წ. 20 ივლისს ქ. ქუთაისში, ---, მიწისქვეშა გასასვლელში არსებულ შპს “---”-ის ტერიტორიაზე, კ. ტ-ძე, იმყოფებოდა რა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, უმიზეზოდ აუხირდა პოლიციელ რ. გ-ეს, რომელსაც დაუწყო გინება, პერანგიდან ჩამოგლიჯა სამხრე და სახეში ხელი გაარტყა. რ. გ-ემ მოუწოდა მას წესრიგისაკენ, მაგრამ კ. ტ-ემ ჯიბიდან ამოიღო დანა და დაედევნა რ. გ-ეს, რომელმაც სხეულის მოსალოდნელი დაზიანების თავიდან ასაცილებლად გაქცევით უშველა თავს. კ. ტ-ძე განაიარაღეს და დააკავეს ქუთაისის შს სამმართველოს პოლიციის მუშაკებმა.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. მ-ძე ითხოვს კ. ტ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის მონანიებისა და მძიმე ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. საჩივარში მითითებულია, რომ მსჯავრდებულს კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილი.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ბ. გ-ემ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა 2004წ. 13 იანვრის განაჩენის ძალაში დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებებით, დაზარალებულ რ. გ-ის, მოწმეების: ი. ზ-ის, შ. ტ-ის, ტ. ო-ის ჩვენებებით კ. ტ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია, რასაც იგი სადავოდ არ ხდის საკასაციო საჩივარშიც.
სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, კ. ტ-ეს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც არ არის მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო.
პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 იანვრის განაჩენი კ. ტ-ის მიმართ დასაბუთებულია და არ არსებობს მისი შეცვლისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 იანვრის განაჩენი კ. ტ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.