განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 98-დად 22 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),მ. ისაევი,დ. სულაქველიძე
განიხილა დ. კ-ის კანონიერი წარმომადგენლის _ ც. კ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 15 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც დ. კ-ლი იძულებითი მკურნალობის ჩასატარებლად დატოვებულ იქნა ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრულ საავადმყოფოში.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000წ. 11 ოქტომბრის განჩინებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ დ. კ-მა საქართველოს სს კოდექსის 133I-ე მუხლის პირველი ნაწილით, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-4 ქვეპუნქტით, 207-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინა შეურაცხად მდგომარეობაში, რისთვისაც მას შეეფარდა იძულებითი მკურნალობა მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ქ. ფოთში.
2003წ. 3 დეკემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიას ქ. ფოთის ფსიქიატრიულმა საავადმყოფომ წარუდგინა საექიმო კომისიის დასკვნა ¹--, რომლის თანახმად, 2003წ. 29 ნოემბერს დ. კ-ს ჩაუტარდა ფსიქიატრიული შემოწმება. აღნიშნული დასკვნის თანახმად, დ. კ-ლი დაავადებულია ქრონიკული სულიერი აშლილობით პარანოიდული შიზოფრენიით, იგი დღეის მდგომარეობით საზოგადოებისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს და მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობას არ საჭიროებს. ამავე დასკვნის შესაბამისად, მას ესაჭიროება იძულებითი მკურნალობის გაგრძელება ფსიქონევროლოგიური დისპანსერის პირობებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (თბილისის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი).
სასამართლო კოლეგიამ აღნიშნული დასკვნის საფუძველზე განიხილა დ. კ-სათვის შეფარდებული სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის საკითხი. სასამართლო კოლეგიამ გამოიკვლია და შეაფასა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ დ. კ-ლს არ უნდა შეეცვალოს მისთვის შეფარდებული სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება იმ საფუძვლით, რომ დ. კ-ლს წარსულში შეურაცხ მდგომარეობაში არაერთხელ აქვს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება და არაერთხელ შეეფარდა მას სამედიცინო ხასიათის იძულებითი მკურნალობა, კერძოდ, 1991 წელს იგი დაპატიმრებულ იქნა ყაჩაღობის ჩადენისათვის, საქმის წარმოების დროს დადგინდა, რომ დ. კ-ლი დაავადებულია ქრონიკული სულიერი ავადმყოფობით. იძულებითი მკურნალობა მოეხსნა 1994 წელს. 1995 წელს მან კვლავ შეურაცხ მდგომარეობაში ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, კვლავ შეეფარდა იძულებითი მკურნალობა მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. 1997 წელს იძულებითი მკურნალობა შეეცვალა. 1998 წელს მან კვლავ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება შეურაცხ მდგომარეობაში, მას კვლავ შეეფარდა იძულებითი მკურნალობა გაძლიერებული მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. 1999 წელს კი იგი იძულებითი მკურნალობის გასაგრძელებლად გადაყვანილ იქნა ქ. თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც გაიქცა 2000წ. იანვარში და იმავეწ. თებერვლის თვეში კვლავ შეურაცხ მდგომარეობაში ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ გააკეთა დასკვნა იმის თაობაზე, რომ დ. კ-ის ფსიქიკური მდგომარეობა ხშირი პერიოდულობით მწვავდება, იგი საშიშია საზოგადოებისათვის და მას არ უნდა შეეცვალოს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება.
დ. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ს-ამ მხარი დაუჭირა დ. კ-ის კანონიერი წარმომადგენლის კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მითითებული განჩინების გაუქმება და დ. კ-სათვის შეფარდებული სამედიცინო ხასიათის იძულებითი მკურნალობის შეცვლა. კერძოდ, მკურნალობის გასაგრძელებლად დ. კ-ის ფსიქონევროლოგიური დისპანსერის პირობებში გადაყვანა. ადვოკატის განმარტებით, საექიმო კომისია კატეგორიულ დასკვნას იძლევა იმის თაობაზე, რომ დ. კ-ლი აღარ საჭიროებს იძულებით მკურნალობას მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ადვოკატის მითითებით, პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას ანალოგიური დასკვნა გააკეთა ექსპერტმა თ. ს-ემ, რომლის შესაბამისადაც, დღეის მდგომარეობით დ. კ-ის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და სტაბილურია, რის გამოც იგი საჭიროებს მეთვალყურეობის რეჟიმის შეცვლას.
პროკურორმა ბ. გ-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს იმ საფუძვლით, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და სწორად მიიჩნია, რომ დ. კ-ლს არ უნდა შეეცვალოს მისთვის შეფარდებული სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება. პროკურორის განმარტებით, დ. კ-ლს წარსულში შეურაცხ მდგომარეობაში არაერთხელ აქვს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რისთვისაც მას არაერთხელ შეეფარდა სამედიცინო ხასიათის იძულებითი მკურნალობა, მაგრამ იძულებითი მკურნალობის შეცვლის შემდეგ იგი კვლავ ჩადიოდა ახალ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, დ. კ-ის ინტერესების დამცველს, ადვოკატ, მ. ს-ას პროკურორ, ბ. გ-ეს შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ ადვოკატ მ. ს-ას კერძო საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ დ. კ-სათვის შეფარდებული სამედიცინო ხასიათის იძულებითი მკურნალობის შეცვლის საკითხის საფუძველი გახდა ქ. ფოთის ფსიქიატრიული საავადმყოფოს საექიმო კომისიის დასკვნა ¹--, რომლის თანახმად, 2003წ. 29 ნოემბერს დ. კ-ლს ჩაუტარდა ფსიქიატრიული შემოწმება, რომლის შესაბამისადაც, დ. კ-ლი დაავადებულია ქრონიკული სულიერი აშლილობით პარანოიდული შიზოფრენით, იგი დღეის მდგომარეობით საზოგადოებისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს და მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობას არ საჭიროებს. ამავე დასკვნის შესაბამისად, მას ესაჭიროება იძულებითი მკურნალობის გაგრძელება ფსიქონევროლოგიური დისპანსერის პირობებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (თბილისის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი).
იქიდან გამომდინარე, რომ დ. კ-ლს წარსულში შეურაცხ მდგომარეობაში არაერთხელ აქვს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება და არაერთხელ შეეფარდა მას სამედიცინო ხასიათის იძულებითი მკურნალობა, კერძოდ, 1991 წელს იგი დაპატიმრებულ იქნა ყაჩაღობის ჩადენისათვის, რა დროსაც დადგინდა, რომ დ. კ-ლი დაავადებულია ქრონიკული სულიერი ავადმყოფობით. იძულებითი მკურნალობა მოეხსნა 1994 წელს. 1995 წელს მან კვლავ შეურაცხ მდგომარეობაში ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, კვლავ შეეფარდა იძულებითი მკურნალობა მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, 1997 წელს იძულებითი მკურნალობა შეეცვალა. 1998 წელს მან კვლავ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება შეურაცხ მდგომარეობაში, მას კვლავ შეეფარდა იძულებითი მკურნალობა გაძლიერებული მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, 1999 წელს კი იგი იძულებითი მკურნალობის გასაგრძელებლად გადაყვანილ იქნა ქ. თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც გაიქცა 2000წ. იანვარში და იმავეწ. თებერვლის თვეში, კვლავ შეურაცხ მდგომარეობაში, ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები _ პირველი ინსტანციის სასამართლომ საეჭვოდ მიიჩნია დ. კ-ის ფსიქიატრიული შემოწმებისას გაკეთებული დასკვნა იმის თაობაზე, რომ დ. კ-ლი დღეის მდგომარეობით საზოგადოებისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს და მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობას არ საჭიროებს.
იმის გათვალისწინებით, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დ. კ-ლი, მას შემდეგ, რაც სასამართლო შეუცვლიდა მისთვის შეფარდებულ სამედიცინო ხასიათის იძულებით ღონისძიებას, დროის მოკლე პერიოდში კვლავ ჩადიოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკითხის გადასაწყვეტად, დ. კ-ლი საჭიროებს თუ არა მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის გაგრძელებას, უნდა ჩატარდეს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოთ მითითებული განჩინება და საქმის მასალები გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ" ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე, 678-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. კ-ის კანონიერი წარმომადგენლის _ ც. კ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 15 იანვრის განჩინება, რომლითაც დ. კ-ლს არ შეეცვალა მისთვის შეფარდებული სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება და საქმის მასალები ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.