საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 15.04.2004
საქმის ნომერი
2კ-119აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.04.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 119-აპ 15 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ რ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ მ. ფ-სა და გ. ზ-ის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 იანვრის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 4 ნოემბრის განაჩენი რ. მ-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 4 ნოემბრის განაჩენით რ. მ-ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” და “ე” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 3 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და 3 თვით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ამავე განაჩენით სასამართლომ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად, მოწმეების _ ნ. მ-სა და ნ. კ-ს მიმართ მასალები გამოყო ცალკე წარმოებად და მიიღო გადაწყვეტილება მისი პროკურატურისათვის გაგზავნის შესახებ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 21 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეცვალა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულს განაჩენიდან ამოურიცხა სსკ-ის 260-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება. ამასთან, მას სასჯელის ზომად განუსაზღვრა 7 წლითა და 2 Gთვით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი სააპელაციო პალატამ დატოვა უცვლელად.

რ. მ-ეს მსჯავრი დაედო პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისათვის, რაც განაჩენის მიხედვით ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 14 მარტის განაჩენით რ. მ-ეს სსკ-ის 273-ე მუხლით მიესაჯა ტუსაღობა 2 თვით, რაც სააპელაციო პალატამ შეუცვალა პირობითი მსჯავრით, 1 წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით. პირობით გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულმა რ. მ-ემ კვლავ ჩაიდინა დანაშაული _ 2003წ. 15 ივლისს, დაკავების დროს, მას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება 0,135 გრამი “---”, რომელიც პირადი მოხმარებისათვის უკანონოდ ჰქონდა შეძენილი.

საკასაციო საჩივრით ადვოკატი გ. ზ-ლი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოების შეწყვეტას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ სასამართლომ ვერ მოიპოვა უტყუარი მტკიცებულებები რ. მ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად. მისი აზრით, მსჯავრდებულს “---” დაკავების მომენტში არ ჰქონია. ჩხრეკის ოქმი შედგენილია საპროცესო ნორმების დარღვევით, სასამართლომ არ გაიზიარა ჩხრეკაში მონაწილე პირების _ ნ. კ-სა და ნ. მ-ის ჩვენებები იმის შესახებ, რომ ჩხრეკისას მსჯავრდებულს “---” არ აღმოაჩნდა, უფრო მეტიც: სასამართლომ მათ მიმართY გამოყო მასალები და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გაუგზავნა პროკურატურას.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა გ. ზ-მა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ე. ქ-ამ საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მან მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულად მიიჩნია. ამასთან ერთად, აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული სასჯელი მეტისმეტად მკაცრია და აშკარად უსამართლო. მოითხოვა მისი შემცირება 1 წლამდე და 2 თვემდე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატა თვლის, რომ საქმეში არ მოიპოვება არსებითი ხასიათის ისეთი პროცესუალური დარღვევა, რომელიც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას. მსჯავრდებულ რ. მ-ის პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. მოწმეების _ ჯ. კ-ის, კ. ი-ის, დ. მ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2003წ. 15 ივლისს რ. მ-ეს პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა ვერცხლისფერ ქაღალდში შეხვეული ფხვიერი ნივთიერება, რომელიც სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზით აღმოჩნდა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალება _ 0,135 გრამი “---”. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებდნენ წინასწარ გამოძიებაში დაკითხული, ჩხრეკაში მონაწილე ნ. მ-ლი და ნ. კ-ძე. ის გარემოება, რომ მათ სასამართლო გამოძიების დროს შეცვალეს ჩვენებები, არ იძლევა ჩხრეკის ოქმის რეალობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.

პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით რ. მ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა.

ამასთან ერთად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ რ. მ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი _ 7 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა _ მეტისმეტად მკაცრია და აშკარად უსამართლო. პალატა ითვალისწინებს რა პროკურორის შუამდგომლობას მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქების შესახებ; ასევე, მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობას, რომ კმაყოფაზე ჰყავს ავადმყოფი მშობლები; ნარკოტიკული საშუალების ოდენობას _ 0,135 გრამს, რომელიც მიახლოებულია იმ ზღვართან, რომელიც ადმინისტრაციული წესითაა დასჯადი; აგრეთვე, მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მსჯავრდებულ რ. მ-ეს არ ჰქონია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი და ამოღებული ნარკოტიკები უნდოდა პირადი მოხმარებისათვის, თვლის, რომ სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით რ. მ-ეს სასჯელი _ 7 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შეუმცირდეს და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 იანვრის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ რ. მ-ეს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელი _ 7 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.