შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 120-დად 20 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. ისაევი
განიხილა ადვოკატ ც. ბ-ის კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹8 დაწესებულების დირექტორის წარდგინება მსჯავრდებულ ტ. ლ-ის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. მოსკოვის პრეობრაჟენსკის მუნიციპალიტეტთაშორისო რაიონული სასამართლოს 1998წ. 30 დეკემბრის განაჩენით ტ. ლ-ეს მსჯავრი დაედო ყაჩაღობის ჩადენაში და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. 1999წ. ნოემბრიდან ის სასჯელს იხდის საქართველოში. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 მაისის დადგენილებით დაკმაყოფილდა რუსთავის ¹2 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დირექტორის წარდგინება და ტ. ლ-ძე დარჩენილი სასჯელის მოსახდელად გადაყვანილ იქნა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 2003წ. 26 მაისიდან ის სასჯელს იხდის გეგუთის ¹8 საერთო რეჟიმის დაწესებულებაში. შეფარდებული სასჯელის სამი მეოთხედი მოიხადა 2004წ. 26 თებერვალს. 5 მარტს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს და ითხოვა სასჯელის მოხდისაგან ტ. ლ-ის ვადამდე განთავისუფლება. სასამართლომ 2004წ. 19 მარტის დადგენილებით წარდგინება არ დააკმაყოფილა ორი მოტივით: ტ. ლ-ის მიერ ჩადენილია განსაკურებით მძიმე კატეგორიის დანაშაული და მას მოსახდელად დარჩენილი აქვს შეფარდებული სასჯელის საკმაოდ დიდი ნაწილი _ ორი წელი, ორი თვე და 7 დღე.
კერძო საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ სასამართლოს დადგენილებაში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა წარდგინების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. ამდენად, სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილება უნდა შეიცვალოს და მსჯავრდებული ტ. ლ-ძე ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. პ-ამ მხარი არ დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებული შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.
მსჯავრდებულ ტ. ლ-ის პირადი საქმის შესწავლით ირკვევა, რომ ის მყარად დადგა გამოსწორების გზაზე, ხასიათდება დადებითად და სანიმუშო ყოფაქცევისათვის არაერთხელ არის წახალისებული. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სასამართლოს დადგენილებით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ის სასჯელის მოსახდელად გადაყვანილ იქნა საერთო რეჟიმის დაწესებულებაში.
სასამართლოს დადგენილების ის მოტივები, რომ ტ. ლ-ეს ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და მოსახდელად დარჩენილი აქვს შეფარდებული სასჯელის საკმაოდ დიდი ნაწილი, კანონის მოთხოვნას არ შეესაბამება. საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მიხედვით, პირობით ვადამდე შეიძლება გათავისუფლდეს ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი პირი, მათ შორის _ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირიც, თუ მან, ფაქტობრივად, უკვე მოიხადა დანიშნული სასჯელის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი. ტ. ლ-ემ დანიშნული სასჯელის სამი მეოთხედი მოიხადა 2004წ. 26 თებერვალს.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს დადგენილება მსჯავრდებულ ტ. ლ-ის სასჯლის მოხდისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, კანონის შესაბამისად, დასაბუთებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
შეიცვალოს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 მარტის დადგენილება, დაკმაყოფილდეს ¹8 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება და ტ. ლ-ძე პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.