საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 15.04.2004
საქმის ნომერი
2კ-140აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.04.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 140-აპ 15 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ნ. გაბრიჩიძე

განიხილა მსჯავრდებულ შ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 სექტემბრის განაჩენში შ. ს-ის მიმართ. კერძოდ, აღნიშნული განაჩენით შ. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის პირველი ნაწილით, 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და ერთობლივად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; მასვე 3 წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; მასვე დაეკისრა 3740 ლარის ანაზღაურება შსს-ს სატრანსპორტო დეპარტამენტის დაცვის სამმართველოს სასარგებლოდ.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული შემდეგი:

შ. ს-ემ ჩაიდინა ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით. მანვე, მართავდა რა სატრანსპორტო საშუალება ავტომობილს, ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ჩადენილი სიმთვრალეში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2002წ. 22 დეკემბერს, მუშაობდა რა ქ. თბილისში, დ/დიღმის -- მ/რ-ში არსებულ ავტოსადგომზე დარაჯად, მართლსაწინააღმდეგოდ, დროებითი გამოყენების მიზნით, იმყოფებოდა რა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, დაეუფლა შსს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის დაცვის სამმართველოს კუთვნილ ავტომანქანა “ოპელ-ვექტრას”, რომელიც გაჩერებული იყო ხსენებული ავტოსადგომის ტერიტორიაზე და რომლის ძრავის გამშვები გასაღებები ინახებოდა ავტოსადგომის საყარაულო ჯიხურში. იგი საგზაო მოძრაობის წესების მე-20 მუხლის “ა”, “ბ”, “გ” და მე-9 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, რომელთა თანახმად მძღოლი ვალდებულია, თან ჰქონდეს “იმ კატეგორიის მძღოლის მოწმობა, რომელ სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს”, “... სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები”, “სატრანსპორტო საშუალების ფლობის, სარგებლობის ან განმკარგულებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი”, მძღოლს ეკრძალება: “მართოს სატრანსპორტო საშუალება ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, მართვის მოწმობისა და მინდობილობის გარეშე”, მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მართავდა შსს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის დაცვის სამმართველოს კუთვნილ ავტომობილ “ოპელ-ვექტრას” და მოძრაობდა დაახლოებით 60 კმ/სთ სიჩქარით ---ის გამზირზე, ---ის ქუჩის მხრიდან ---ს გამზირის მიმართულებით, თავისი სავალი გზის მარჯვენა მხარეს. როდესაც მიუახლოვდა ---ს ქუჩის გადაკვეთას, დაარღვია ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები, რომელთა თანახმადაც: “მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება უნდა მართოს ისეთი სიჩქარით, რომელიც არ აღემატება დადგენილ შეზღუდვებს, ამასთან, მან უნდა გაითვალისწინოს მოძრაობის ინტენსიურობა, საგზაო და მეტეოროლოგიური პირობები, ხილვადობა მოძრაობის მიმართულებით. სიჩქარე საშუალებას აძლევს მძღოლს, მუდმივი კონტროლი გაუწიოს სატრანსპორტო საშუალებას მოძრაობის წესების მოთხოვნათა შესასრულებლად”.

უგულებელყო რა ზემოთ აღნიშნული პუნქტების მოთხოვნები, მთვრალმა, ვერ შეარჩია სათანადო სიჩქარე, არ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, არ გაითვალისწინა საგზაო და მეტეოროლოგიური პირობები, მოყინულ ასფალტზე მოუცურდა ავტომანქანა და დაეჯახა მისგან მარჯვნივ, ტროტუარზე, არსებულ ხეს. დაჯახების შედეგად ავტომანქანის მგზავრმა თ. ბ-მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ჩ-ლი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ შ. ს-ეს შეფარდებული სასჯელი შეეცვალოს პირობით, რისთვისაც მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, არის ახალგაზრდა, მისი წარსული არაფრითაა შებღალული, კმაყოფაზე ჰყავს ცოლ-შვილი, დაზარალებული იყო მისი ალალი ბიძა, ასევე მსჯავრდებული ხასიათდება დადებითად.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ზ. ჩ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

მსჯავრდებულმა შ. ს-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენით შეფარდებული სასჯელის შეცვლა პირობითი მსჯავრით.

პროკურორმა ე. ქ-ამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. მან კანონიერად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ შ. ს-ის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებას და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე შ. ს-ის მიმართ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი შეცვლის ან გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ შ. ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია როგორც მისი აღიარებითი ჩვენებებით, ასევე საქმეზე შეკრებილი ერთობლივი მამხილებელი მასალებით, რომელთაც სასამართლომ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ყველა ის შემამსუბუქებელი გარემოება, რაც საკასაციო საჩივარშია მითითებული და ამის მიხედვით განუსაზღვრა სასჯელი.

პალატა აღნიშნავს: იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ შ. ს-ეს ჩადენილი აქვს ორი დამოუკიდებელი დანაშაული, დანაშაულის ჩადენისას იყო მთვრალი, დაზარალებულისათვის არ აუნაზღაურებია მიყენებული ზიანი, აქედან გამომდინარე, არ არსებობს პირობითი მსჯავრის გამოყენების კანონიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 თებერვლის განაჩენი შ. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.