საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 57-კოლ 29 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,დ. სულაქველიძე
განიხილა ადვოკატ შ. შ-ს საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 20 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც ი. მ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19, 109-ე მუხლის “ა” და “ზ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელს იხდის 2003წ. 8 ივლისიდან.
საკასაციო საჩივარი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და ი. მ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის მიხედვით დადგენილად მიჩნეულია შემდეგი:
ი. მ-ლი მარტო ცხოვრობდა სიღნაღის რაიონის სოფ. ---ში თავისი ბიძაშვილის _ ზ. მ-ის მეზობლად. მას ზ. მ-თან და ამ უკანასკნელის შვილებთან _ დ. და გ. მ-ებთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰქონდა უკმაყოფილება, რაც, ძირითადად, გამოწვეული იყო იმით, რომ დ. მ-მა თითქმის ოთხიწ. განმავლობაში სრულად არ დაუბრუნა ნასესხები ვალი და გადასახდელი დარჩა 130 ლარი.
ზემოაღნიშნულის გამო ი. მ-მა გადაწყვიტა შური ეძია ზ. მ-სა და მისი ოჯახის წევრებზე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2003წ. 22 ივნისს სახლიდან გამოიტანა ერთლულიანი სანადირო თოფი, დაჯდა სახლის პირველი სართულის ღია შესასვლელში მდგარ საწოლზე და ელოდა ხელსაყრელ მომენტს. დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე მან შენიშნა, რომ დ. მ-ლი მიდიოდა მისი სახლის წინ არსებულ გზაზე მეზობლის მიმართულებით, რომლის ეზოშიც ეყენა ავტომანქანა “კამაზი”. ი. მა-მა იმ მიზნით, რომ გაეღიზიანებინა დ. მ-ლი, მომხდარიყო კონფლიქტი და დაეხოცა ზ. მ-ლი და მისი ოჯახის წევრები, დაახლოებით 6-7 მეტრის მანძილიდან გაისროლა თოფიდან დ.Y მ-ის მიმართულებით და მის გასაგონად ჩაილაპარაკა _ “მაინც ვერ გაგიმეტეო”.
დ. მ-ლი მივიდა თავის მანქანასთან და იქ მყოფ მამას _ ზ. მ-ლს უთხრა, რომ ი. მ-მა თოფიდან ესროლა. იმის შიშით, რომ ი. მ-ლს ისინი არ დაეხოცა, ზ. და დ. მ-ები წავიდნენ თავიანთ სახლში. მათთან ერთად წავიდა იქვე მყოფი თ. მ-იც. სახლის ეზოში მათ დახვდათ ზ. მ-ის მეუღლე მ. კ-ლი. დაინახა რა ეზოში ერთად მყოფი ზ. და დ. მ-ები, მ. კ-ლი და თ. მ-ლი, ი. მ-ლმა გადაწყვიტა განზრახვა მოეყვანა სისრულეში. ამ მიზნით თოფის ლულაში ჩადო ქარხნული წესით დამზადებული ვაზნა და, მიუხედავად იმისა, რომ ზ. მ-მა დაუძახა _ არ მესროლოო, მათი განზრახ მოკვლის მიზნით, დაახლოებით 30 მეტრის მანძილიდან ესროლა ამ უკანასკნელს და მასთან მყოფ პირებს, რამაც განზრახ შეუქმნა საფრთხე მრავალ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
თოფიდან გასროლილი საფანტის ნაწილი მოხვდა მ. კ-ლს, რომელმაც მიიღო დაზიანებები საფეთქლის ქვეშ, ყურის ნიჟარის ზემოთ, მარჯვენა ბარძაყის შიგნით და მარცხენა ხელის თითებზე. მარჯვენა საფეთქლის მიდამოში, ქალას ღრუში შემავალმა ჭრილობამ გამოიწვია თავის ტვინის დაზიანება და, მიუხედავად კვალიფიციური სამედიცინო დახმარებისა, მ. კ-ლი 2003წ. 24 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ზ. მ-მა ზემოაღნიშნული გასროლის შედეგად ზერელე ჭრილობები მიიღო ცხვირის, ზურგისა და მარცხენა ლოყის არეში, რამაც გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, თ. მ-ლი და დ. მ-ლი გადაურჩნენ დაზიანებას მხოლოდ იმიტომ, რომ გასროლის მომენტში მათ მოასწრეს სახლის პირველ სართულზე არსებულ ავტოფარეხში შესვლა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ი. მ-ლი მიიმალა და იგი 8 ივლისს დააკავეს.
საკასაციო საჩივარი განაჩენის გაუქმებისა და ი. მ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:
1. დაზარალებულთა მხრიდან მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მრავალი ავადმყოფობით დაავადებული, 74 წლის მოხუცი ი. მ-ლი ძლიერ აღშფოთდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შეძლო საკუთარი მოქმედების გაკონტროლება და თოფი მიწაში დაცალა დ. მ-ის ფეხებთან. ამის შემდეგ, ზ. მ-ის მიერ კვლავ გაგრძელებული შეურაცხყოფის გამო, მისმა სულიერმა აღელვებამ აფექტის დონეს მიაღწია, რის გამოც მისი მეხსიერებიდან, ფაქტობრივად, ამოვარდნილია დაახლოებით 20-30-წუთიანი დროის მონაკვეთი. მას აღქმის უნარი ნაწილობრივ დაუბრუნდა იმ მომენტიდან, როდესაც ზ. მ-მა კვლავ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, თუმცა ის სრულფასოვნად მაინც ვერ აღიქვამდა მის ირგვლივ არსებულ გარემოს და მის წინ მხოლოდ ზ. მ-ლს ხედავდა და არა სხვა ვინმეს. ის აწ გარდაცვლილ მ. კ-თან იმდენად კარგ ურთიერთობაში იყო, რომ, თუ ამ უკანასკნელს დაინახავდა, მისი პატივისცემით თოფს საერთოდ არ გაისროდა. ყოველივე ამის გამო სასამართლოს უნდა დაენიშნა ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ვინაიდან სასამართლომ ეს არ გააკეთა და არ გამოიკვლია, ი. მ-ლი ძლიერი, სულიერი აღელვების გამო მოქმედებდა თუ არა აფექტურ მდგომარეობაში, გადაუმოწმებელი ეჭვი მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს;
2. შექმნილ ვითარებაში საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია ი. მ-ლს ვერ დაენახა სახლის მეორე სართულზე ამავალი, კიბის ჩრდილში მყოფი მ. კ-ლი, ასევე, მ. კ-ის სიკვდილი შეიძლება გამოეწვია ლითონის ზედაპირზე ასხლეტილ საფანტს, უნდა გადაწყვეტილიყო მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
3. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ბრალდებულის სახით ი. მ-ის პირველი დაკითხვის დროს მიცემული აღიარებითი ჩვენება ზ. მ-ის მოკვლის განზრახვის თაობაზე. აღნიშნული დაკითხვა ჩატარებულია საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით.
4. საქმეზე არ არის მოპოვებული უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ი. მ-ის გაზრახვას, მოესპო სხვა პირთა სიცოცხლე.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა შ. შ-ემ ითხოვა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირეს დაზარალებულებმა და პროკურორმა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. შეკრებილ მტკიცებულებებს სასამართლო კოლეგიამ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და დაადგინა სამართლიანი განაჩენი, რომელიც ემყარება იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც სასამართლო სხდომაზე იქნა გამოკვლეული.
საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ი. მ-მა შესაძლებელია სანადირო თოფიდან გასროლა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში მყოფმა ჩაიდინა, საქმის მასალებით არ დასტურდება და თვით საკასაციო საჩივრის შემდგომ არგუმენტებს ეწინააღმდეგება.
უდავოდ დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს კონფლიქტის წამომწყები თვით მსჯავრდებული ი. მ-ლი იყო. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია ისიც, რომ დაზარალებულთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს. დანაშაულის ჩადენის დროს ი. მ-ლი უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში რომ არ იმყოფებოდა, ამას მისი მიზანმიმართული მოქმედებებიც ადასტურებს, როგორც უშუალოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, ასევე მის შემდეგადაც. გარდა ამისა, პალატას სრულიად დაუჯერებლად მიაჩნია საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ადამიანმა აღელვებისა და აღშფოთების გამო მხოლოდ ერთი პიროვნება დაინახოს და მის გვერდით მდგომი პირები ვერ შენიშნოს.
პალატის შეხედულებით, ურთიერთგამომრიცხავია საკასაციო საჩივრის ის მოსაზრებები, რომ ი. მ-ლი აფექტის მდგომარეობაში მოქმედებდა, მაგრამ მ. კ-ის დაღუპვა კი შეიძლება მისმა გაუფრთხილებელმა მოქმედებამ გამოიწვია. ერთი და იგივე ქმედება არ შეიძლება ერთდროულად განზრახიც იყოს და გაუფრხილებელიც. ამასთან, არც ერთი და არც მეორე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენ პირს პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არის.
საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია და ამას საკასაციო საჩივარიც არ უარყოფს, რომ ი. მ-მა ზ. მ-ის (და მასთან მყოფი პირების) მიმართულებით გაისროლა სანადირო თოფიდან, რამაც ერთი ადამიანის სიკვდილი, ხოლო მეორის დაზიანება გამოიწვია. სანადირო თოფი არის მომეტებული საფრთხის წყარო და მისგან დამიზნებით გასროლა გარკვეულ მანძილამდე ყოველთვის უქმნის ადამიანს ჯანმრთელობის დაზიანების ან სიცოცხლის მოსპობის საფრთხეს.
საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: “განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით”. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: “ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას”.
კანონის ზემოაღნიშნული განსაზღვრებებიდან გამომდინარე, თუნდაც მიჩნეულ იქნეს, რომ ი. მ-ს არავითარი სურვილი არ ჰქონდა, მოეკლა უშუალოდ მ. კ-ლი, როგორც ამას საკასაციო საჩივარი აღნიშნავს, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მისი ქმედება განზრახ ჩადენილი მკვლელობით უნდა დაკვალიფიცირდეს. გაუფრთხილებლობა, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სავსებით გამორიცხულია (დაშორების მანძილი მსხვერპლსა და მსროლელს შორის, თოფის დამიზნება ერთ-ერთი დაზიანებული პირისათვის, გასროლილი საფანტის ტრაექტორია და სხვა).
უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის ის მოთხოვნაც, რომ ი. მ-ის ბრალდებულის სახით პირველი დაკითხვა მიჩნეულ იქნეს დაუშვებელ მტკიცებულებად. აღნიშნული დაკითხვა ჩატარებულია პროცესუალური ნორმების დაცვით და მასში გადმოცემული გარემოებები, ძირითადად, დადასტურებულია საქმის სხვა მასალებით.
პალატა მიიჩნევს, რომ ასევე უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის მოსაზრება მტკიცებულებათა უკმარისობის თაობაზე. სასამართლო კოლეგიას საკმაო მტკიცებულება გააჩნდა ი. მ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ადვოკატ შ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 20 თებერვლის განაჩენი ი. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.