დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
0
#ბს-99(კ-21) 19 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ნ. წ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილება
მესამე პირი - ი. მ-ე
დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.2020წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. წ-მა 30.11.2020წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შსს ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების მიმართ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის უ. კ-ის მიერ 27.11.2020წ. ნ. წ-ის მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნით. დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირად ჩაერთო ი. მ-ე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.12.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის უ. კ-ის მიერ 27.11.2020წ. ნ. წ-ის მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერი ი. მ-ის ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მესამე პირის - ი. მ-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.2020წ. გადაწყვეტილებით ი. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.12.2020წ. გადაწყვეტილება, ნ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის უ. კ-ის მიერ 27.11.2020წ. ნ. წ-ის მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით განიმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.2020წ. გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ნ. წ-მა. კასატორმა მიუთითა დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებულ უწორობებზე, საქმის გარემოებათა არასრულად გამოკველავასა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასათანადოდ შეფასებაზე. გასაჩივრების წესთან დაკავშირებით კასატორმა აღნიშნა, რომ მართალია სასკ-ის 2114 მუხლი განსაზღვრავს შემაკავებელი ორდერის გასაჩივრების წესს და ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა გასათვალისწინებელია ამავე კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს ჩამოთვლის. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, დაცვის უფლება გარანტირებულია, არავის დაედება განმეორებით მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისთვის. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო), სააპელაციო და საკასაციო სასამართლო. კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატამ უნდა იხელმძღვანელოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებით და არა შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესით, რადგან სააპელაციო პალატის მიერ საქმე განხილულია მატერიალური და საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, ასევე არსებობს დასაბუთებული ეჭვი მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. წ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დგინდება, რომ სარჩელი აღძრულია შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნით, რაზეც ნამსჯელი აქვს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.2020წ. გადაწყვეტილებით ი. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.12.2020წ. გადაწყვეტილება, ნ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის უ. კ-ის მიერ 27.11.2020წ. ნ. წ-ის მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით განიმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის 2114 მუხლის მიხედვით, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (მე-2 ნაწ.). პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში (მე-10 ნაწ.), რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება (მე-12 ნაწ.). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასკ-ის 2114.12 მუხლით დადგენილია გასაჩივრების სპეციალური წესი, რომელიც იმპერატიულია, შესაბამისად, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 3.1 მუხლის თანახმად, სავალდებულოა შესასრულებლად და არ განეკუთვნება სასამართლოს მიხედულების, მიზანშეწონილობის სფეროს. საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ფორმალური და არა შინაარსობრივი საკითხია. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაძლო უსწორობას არ ენიჭება მნიშვნელობა საკასაციო საჩივრის ფორმალური დასაშვებობის საკითხის შემოწმებისას. კასატორის მითითება სასკ-ის 34.3 მუხლით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დაშვების წინაპირობებზე არ ასაბუთებს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, რადგან სასკ-ის 34.3 მუხლი ჩამოთვლის საკასაციო საჩივრის მატერიალური დასაშვებობის წინაპირობებს. საკასაციო პალატის მიერ აღნიშნული წინაპირობების არსებობა მოწმდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნება მიღებული. უკეთუ არ არსებობს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ნორმატიული საფუძვლები, სასკ-ის 34.3 მუხლით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვისათვის დასაშვებობის წინაპირობების არსებობა აღარ მოწმდება.
მართალია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს (1 პ.) და საერთო სასამართლოების სისტემა სამი ინსტანციის სასამართლოსაგან შედგება („საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 2.1 მუხ.), თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს გარკვეული კატეგორიის დავების მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვის შესაძლებლობას. გასათვალისწინებელია, რომ ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების უფლება არ არის გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. წ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის მე-12 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ნ. წ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე