განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 122-დად 11 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),მ. ისაევი,დ. სულაქველიძე
განიხილა შვედეთის მოქალაქის მ. უ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ის საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა გენერალური პროკურატურის 2003წ. 7 დეკემბრის დადგენილება ა. ჩ-ის, რ. ე-ის ა. გ-ის, ტ. პ-ისა და გ. პ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 16 ოქტომბერს საქართველოს გენერალურ პროკურორს დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებით მიმართა შვედეთის კომპანია “---ს" დირექტორმა მ. უ-ამ. განცხადებით მ. უ-ია დანაშაულის, კერძოდ, თაღლითობის ჩადენაში ამხელდა საქართველოს მოქალაქეებს – ა. ჩ-ეს, ტ. პ-ლს, გ. პ-ლს, ა. გ-ს და თურქეთის მოქალაქეს - ჰ. ო-ნს. განცხადების თანახმად, მ. უ-ას 2000წ. ივნისში, საქართველოში ყოფნისას, შპს “---ის" წარმომადგენლებმა – საქართველოს მოქალაქეებმა ა. ჩ-ემ და რ. ე-ემ შესთავაზეს ერთობლივი ბიზნესის წარმოება. განცხადების შესაბამისად, ბიზნესი შემდეგი ფორმით უნდა ეწარმოებინათ: მ. უ-ას წინასწარ უნდა გადაეხადა გარკვეული თანხა, რის საფასურადაც ქართველი პარტნიორები მიაწვდიდნენ ფერად ლითონს. აღნიშნულ წინადადებას მ. უ-ია დაეთანხმა. 2000წ. 24 ოქტომბერს ა. ჩ-სა და რ. ე-საგან მან შპს “---ის" სახელით მიიღო ანგარიშ-ფაქტურა. საბანკო ანგარიში გახსნილი იყო ფიზიკურ პირზე _ თ. ე-ზე, თუმცა ყველა “---სს" ხელს აწერდა “---ის" გენერალური დირექტორი ა. ჩ-ძე. განცხადების შესაბამისად, 2001წ. 20 დეკემბრის მდგომარეობით მ. უ-ამ განახორციელა 26 გადარიცხვა საერთო თანხით 3.407.741 აშშ დოლარი და 74 ცენტი. სანაცვლოდ შპს “---" მას აწვდიდა ფერადი ლითონების ჯართს. განცხადების თანახმად, მ. უ-ამ 2000წ. ბოლოს ქ. თბილისში სხვადასხვა ბანკში გახსნა ანგარიშები და 2001წ. 12 იანვარს მისი კუთვნილი თანხების განკარგვის შესახებ მინდობილობა მისცა თ. ე-სა და ა. ჩ-ეს და ერთდროულად მათთან დადო ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. განცხადების მიხედვით, 2002წ. 20 აპრილს მ. უ-ამ ა. ჩ-ის თხოვნით გააფორმა ხელშეკრულება შპს “---თან". კომპანია “---" გახდა ამ უკანასკნელის ფინანსური პარტნიორი, ხოლო ა. ჩ-ძე – შუამავალი ამ ორ ფირმას შორის. კომპანია “---ს" მიერ გადარიცხული თანხები მოიცავდა კაპიტალდაბანდების, ფერადი ლითონის ჯართის შესყიდვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს საერთაშორისო ბაზარზე. შპს “---ის" მოვალეობაში შედიოდა მზა პროდუქციის კონტეინერებში მოთავსება და სატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთვა. განცხადების შესაბამისად, შპს “---ის" წარმომადგენელთაგან მ. უ-ს ურთიერთობა ჰქონდა ჰ. ო-თან, ა. გ-თან და ტ. პ-თან. განცხადების თანახმად, 2002წ. ივნისის ბოლოს მ. უ-ას ჰ.ოზენმა, ა. ჩ-ემ და ა.გ-მა განუცხადეს, რომ ისინი წყვეტენ მასთან ურთიერთობას. ამის გამო მან მოითხოვა თავისი კუთვნილი თანხა _ 501.989 აშშ დოლარისა და 24 ცენტის დაბრუნება, რაზეც მათ უარი განუცხადეს. უფრო მეტიც, გ. პ-ის შვილი მას დაემუქრა, რომ თუ მის საწინააღმდეგოდ რამეს მოიმოქმედებდა, ისინი ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. განცხადების თანახმად _ არსებობს შვედეთის ქ. მალმოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებანი, რომელთა მიხედვითაც შპს “---ს" კომპანია “---ს" სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხა 501.989,24 აშშ დოლარისა და სასამართლო ხარჯების 4166 აშშ დოლარის გადახდა, ასევე მითითებული თანხის წლიური 12%-ის გადახდა, თუმცა აღნიშნული პიროვნებები (ა. ჩ-ძე, ტ. პ-ლი, ჰ. ო-ნი) თავს არიდებენ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. განცხადების შესაბამისად ა. ჩ-ემ, ტ. პ-მა, გ. პ-მა, ა. გ-მა და ჰ. ო-მა ბოროტად გამოიყენეს მ. უ-ას ნდობა, თაღლითურად უზრდიდნენ შესყიდული საქონლის ფასს და სხვაობას ითვისებდნენ. სულ მათ თაღლითურად მიითვისეს 591.071 აშშ დოლარი და 46 ცენტი.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შეამოწმა განცხადებაში მითითებული ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ და 2003წ. 7 დეკემბერს გამოიტანა ა. ჩ-ის, ტ. პ-ის, გ. პ-ის, ა. გ-ის მიმართ დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 მარტის დადგენილებით გენერალური პროკურატურის მითითებული დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დარჩა უცვლელად.
კასატორი – მ. უ-ას ინტერესების წარმომადგენელი, ადვოკატი გ. გ-ია ითხოვს რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და საქმის მასალების გენერალური პროკურატურისათვის დაბრუნებას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად, იმ საფუძვლით, რომ გენერალურ პროკურატურას სრულყოფილად არ გამოუკვლევია განცხადებაში მითითებული ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ. კასატორის განმარტებით, პროკურატურამ არ შეამოწმა საბანკო ანგარიშები და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებების ჩამორთმევით.
პროკურორმა დ. ჭ-ამ სასამართლო სხდომაზე მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს იმ საფუძვლით, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და სწორად ჩათვალა, რომ გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ კანონიერია.
პროკურორმა მ. რ-ემ პალატის სხდომაზე მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარის მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს – კასატორს, მ. უ-ას ინტერესების წარმომადგენელს, ადვოკატ გ. გ-ას, პროკურორებს დ. -სა და მ. რ-ეს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა თვლის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება, ისევე, როგორც სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება უნდა შედგებოდეს შესავალი, აღწერილობით-სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებული უნდა იყოს დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებაში მითითებული გარემოებები, ასევე, ის გარემოებები, რომლებიც დადგინდება დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებაში მითითებული ცნობების შემოწმებისას, აგრეთვე ის, თუ რით არის დადასტურებული ან უარყოფილი ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ. პალატა თვლის, რომ დანაშაულის შესახებ ცნობების შემოწმებისას მოპოვებულ მასალებს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება და დადგენილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში მითითებული უნდა იყოს იმ მასალებსა და გარემოებებზე, რომლებიც აპირობებენ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრას.
საქმის მასალების მიხედვით, გენერალური პროკურატურის მიერ 2003წ. 7 დეკემბერს გამოტანილი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილში აღწერილია მხოლოდ ის გარემოებები, რასაც დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებაში განმცხადებელი აღნიშნავს, კერძოდ, მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც მ. უ-ა უთითებს განცხადებაში. საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილებაში ასევე მითითებულია, თუ რა მოქმედებები განახორციელა პროკურატურამ დანაშაულის შესახებ ცნობების შემოწმებისას, კერძოდ, რომ ახსნა-განმარტებები ჩამოერთვა ა. ჩ-ს, რ. ე-ეს, ა. გ-ლს, ჯ. ს-რს, გ. პ-ლს, ტ. პ-ლს; დადგენილებაში აღწერილია ამ ახსნა-განმარტებათა შინაარსი, მაგრამ აღნიშნულ ახსნა – განმარტებებს რაიმე შეფასება არ მისცემია. დადგენილებაში არაფერია ნათქვამი, თუ პროკურატურამ დანაშაულის შესახებ ცნობების შემოწმების შედეგად რა ფაქტობრივი გარემოებები ცნო დადგენილად, ასევე არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ განცხადებაში მითითებული ცნობების შემოწმების შედეგად რის საფუძველზე მივიდა პროკურატურა იმ დასკვნამდე, რომ არ დადასტურდა დანაშაულის შესახებ ცნობები. დადგენილებაში ასევე არ არის მსჯელობა იმის თაობაზე, შემოწმდა თუ არა ის ორი ძირითადი გარემოება, რასაც დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადების ავტორი უთითებს თავის განცხადებაში, კერძოდ, რომ ზემოთ მითითებულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს განმცხადებლის ნდობა და შეგნებულად უზრდიდნენ საქონლის თანხას, ხოლო სხვაობას ითვისებდნენ, ასევე ის გარემოება, რომ განმცხადებლის მიერ ამ პირებისაგან შეძენილი საქონელი აღნიშნულმა პირებმა გააგზავნეს იაპონიაში და თანხა არ დაუბრუნეს.
ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება შედგენილია საპროცესო ნორმების დარღვევით, რის გამოც უნდა გაუქმდეს კრწანისი- მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 მარტის დადგენილება, რომლითაც უცვლელად დარჩა გენერალური პროკურატურის 2003წ. 7 დეკემბრის დადგენილება ა. ჩ-ის, რ. ე-ის ა. გ-ის, ტ. პ-ის გ. პ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და საქმის მასალები დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე" ქვეპუნტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 მარტის დადგენილება, რომლითაც უცვლელად დარჩა გენერალური პროკურატურის 2003წ. 7 დეკემბრის დადგენილება ა. ჩ-ის, რ. ე-ის ა. გ-ის, ტ. პ-ისა და გ. პ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და საქმის მასალები დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.