საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 123-აპ 11 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ კ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 ივლისის განაჩენში კ. ბ-ის მიმართ შეტანილ იქნა ცვლილება სასჯელის ნაწილში.
აღწერილობითი ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 ივლისის განაჩენით კ. ბ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “დ” პუნქტებით და სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ნოემბრის განაჩენით შეტანილ იქნა ცვლილება მსჯავრდებულ კ. ბ-ის სასიკეთოდ, სახელდობრ: ბ-ს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა და განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
განაჩენით კ. ბ-ლს მსჯავრი დაედო ყაჩაღობისათვის, ე.ი. ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი თავდასხმისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2002წ. 13 მაისს, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, ხუთ თანამზრახველ პირთან წინასწარი შეთანხმებით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით, პისტოლეტებით, დანითა და ხელკეტით შეიარაღებულებმა, სახეშენიღბულებმა, დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, დაზარალებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ჩოხატაურის რაიონის სოფ. ---ის ტერიტორიაზე, ჩოხატაური-სამტრედიის საავტომობილო ტრასაზე, ბათუმიდან ცხინვალის რეგიონის სოფ. ---ში მიმავალ დ. ქ-ს მართვის ქვეშ მყოფ, ქალაქ ბათუმის “ინტურისტის” კუთვნილ, “იკარუსის” მარკის, სამგზავრო ავტობუსზე განახორციელეს შეიარაღებული ჯგუფური თავდასხმა და დაზარალებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით დაეუფლნენ დაზარალებულების _ მძღოლების: გ. მ-ის, დ. ქ-ს, რ. ს-ის, დ. ჯ-ას, აგრეთვე მგზავრების: ლ. შ-ის, რ. შ-ის, მ. -ის, ც. ქ-ის, ა. ლ-ის, თ. შ-ის, ა. მ-ის, გ. ა-ის, თ. გ-ის, ე. თ-ის კუთვნილ, დიდი ოდენობით, 32538 ლარის ღირებულების ქონებას _ თანხას, ძვირფასეულობას, მობილურ ტექნიკას. ამასთან, თავდამსხმელთაგან ძალადობის შედეგად დაზარალებულებმა _ მძღოლმა დ. ქ-ემ და მგზავრმა გ. ლ-ემ მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.
საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული კ. ბ-ლი და ადვოკატი გ. მ-ლი ითხოვენ რა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოების შეწყვეტას, მიუთითებენ შემდეგ გარემოებებზე:
სასამართლომ არასწორად შეაფასა დაზარალებულების ჩვენებები, რომლებიც არათანმიმდევრულია, მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკურ საფუძველს, წინააღმდეგობრივი და არასარწმუნოა; სათანადოდ არ შეფასდა მსჯავრდებულის ჩვენებები და ისინი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იქნა უარყოფილი; კანონის დარღვევით ჩატარდა ამოცნობა, რომლის შედეგები გაყალბებულია; შეთითხნილია დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და სატელეფონო მობილური კავშირის ზარების ნუსხა; საპროცესო კანონის დარღვევითაა ჩატარებული დაზარალებულთათვის ამოსაცნობად დანის წარდგენა; მსჯავრდებულზე ხორციელდებოდა ფსიქიკური და ფიზიკური ზემოქმედება მისგან მამხილებელი ჩვენებების მიღების მიზნით. მსჯავრდებული და მისი ადვოკატი ასევე თვლიან, რომ საქმის წარმოების ყველა ეტაპზე როგორც გამოძიება, ასევე სასამართლო მოქმედებდნენ ტენდენციურად, საქმის მასალები არ გამოუკვლევიათ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. განაჩენი ეყრდნობა დაუშვებელ მტკიცებულებებს, რაც არ უნდა გამხდარიყო კ. ბ-სათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
ადვოკატი გ. მ-ლი ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
პროკურორი ე. ქ-ვა ითხოვს კ. ბ-ის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
გამოიკვლია რა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე სწორია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით გარკვეულია, რომ მსჯავრდებული კ. ბ-ლი რამდენჯერმე დაიკითხა წინასწარ გამოძიებაში. თავის ახსნა-განმარტებაში, შემდეგ კი ეჭვმიტანილად და ბრალდებულად დაკითხვისას მან აღწერა, თუ სად და რა ვითარებაში მოხდა მისი და გამოძიებით დაუდგენელი მისი თანამონაწილეების ურთიერთგაცნობა, დანაშაულის გეგმის შემუშავება და განხორციელება, ასევე _ თითოეულის როლი ჩადენილ დანაშულში. კ. ბ-ის ბრალდებულად დაკითხვას ესწრებოდა ადვოკატი, ვისი თანდასწრებითაც მან ფაქტობრივად გაიმეორა ადრე მიცემული ჩვენებები იმ განსხვავებით, რომ ყაჩაღური თავდასხმის ინიციატივა მას არ ეკუთვნოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში და ასევე სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას მან თავი დამნაშავედ არ ცნო და მიუთითა, რომ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. წინასწარ გამოძიებაში ცემით აიძულეს, მიეცა აღიარებითი ჩვენებები, სამედიცინო შემოწმებაზე კი უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მოძალადე პირების დასახელება “არ არის კაცური საქციელი”. სასამართლოში კ. ბ-მა მთლიანად უარყო თავისი ადრინდელი ჩვენებები და მოითხოვა გამართლება იმ მოტივით, რომ მომხდარ ყაჩაღობაში მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.
მსჯავრდებულ კ. ბ-ის მოთხოვნა გამართლების თაობაზე საფუძვლიანად უარყო სააპელაციო სასამართლომ შემდეგი მტკიცებულებებიდან გამომდინარე:
დაზარალებულები _ ქ-ძე, მ-ლი, ს-ძე, ჯ-ია და სხვები აჩვენებენ, რომ მათი ავტობუსის მძღოლთან მივიდა ახალგაზრდა, რომელმაც ითხოვა წიფნარის გადასახვევიდან ერგნეთში ჩაის გადაზიდვა. იგი ამ მიზნით მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ვიღაცას და დაავალა, გაემზადებინათ გადასაზიდი ჩაი. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ დანაშაულის ჩადენის ეს ეპიზოდი გამოძიების საწყის სტადიაზე იდენტურად აქვთ აღწერილი როგორც დაზარალებულებს, ასევე _ მსჯავრდებულს. ასევე იდენტურია დაზარალებულებისა და კ. ბ-ის აღიარებითი ჩვენებები დანაშაულის ჩადენის იმ ეპიზოდში, რომელიც უშუალოდ ავტობუსში დამნაშავეთა მოქმედების აღწერას, სახელდობრ: თითოეულის მოქმედებას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რომელსაც ისინი მგზავრებს აყენებდნენ, მობილური ტელეფონის, ძვირფასეულობისა და ფულის წაღების გარემოებებს შეეხება. სააპელაციო პალატამ სწორი შეფასება მისცა დანაშაულის ჩადენის გარემოებებს და ამ მიმართებით საფუძვლიანად უარყო მსჯავრდებულის მიერ თავის დაცვის მიზნით წამოყენებული ვერსია, რომ თითქოსდა იგი დანაშაულის ჩადენაში არ მონაწილეობდა.
სააპელაციო პალატამ განაჩენში, გარდა დაზარალებულისა და თვით ბარათელის აღიარებითი ჩვენებებისა, სწორად გააანალიზა საქმის ის გარემოებები, რომლებიც უკავშირდება მობილურ ტელეფონს და შავტარიან, ორლესულ დანას, რომელიც ბარათელის საცხოვრებელი სახლიდან იქნა ამოღებული. საქმეში წარმოდგენილი დანის ამოცნობის ოქმი და ცნობა კომპანია “ჯეოსელიდან” არ არის გაყალბებული, მოპოვებულია საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით და სწორადაა გამოყენებული როგორც გამამტყუნებელი განაჩენის ერთ-ერთი მტკიცება.
სააპელაციო პალატა სრულიად დასაბუთებლად უარყოფს კ. ბ-ის პოზიციას, რომ თითქოსდა აღიარებითი ჩვენებები მოპოვებულია მუქარითა და ცემით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ არავითარი საჭიროება არ იყო გამოძიების მხრივ მასზე ზეწოლის განხორციელებისათვის, რამდენადაც იგი ნებაყოფლობით, ადვოკატის თანდასწრებით აძლევდა ჩვენებებს, ხოლო სამედიცინო შემოწმებაზე შუამდგომლობის დაყენებაში არც თვითონ და არც მისი ადვოკატი შეზღუდული არ ყოფილან.
საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული კ. ბ-ლი და მისი ადვოკატი უთითებენ, რომ გაყალბებულია დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. ამ მიმართებით საკასაციო პალატა თვლის, რომ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, როგორც კ. ბ-ის დანაშაულის ერთ-ერთი მტკიცებულება, სასამართლომ სწორად გააანალიზა. სააპელაციო პალატა სრულიად საფუძვლიანად დაეყრდნო პირველად დაქტოლოსკოპიურ ექსპერტიზას და არა _ ალტერნატიულს, მით უფრო, რომ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით, 18-დან 17 კვალი უვარგისია, ხოლო პირველადი ექსპერტიზის მიხედვით, 18-დან 9 ვარგისია. სწორია ამ მიმართებით პირველადი ექსპერტიზის ჩამტარებლის, ექსპერტ შ-ის ჩვენება, რომ დაქტილოფირებმა 1 წლის განმავლობაში დაკარგეს მთელი რიგი საიდენტიფიკაციო ელემენტები, რასაც, სხვათა შორის, ალტერნატიული ექსპერტებიც არ უარყოფენ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი ეჭვი იქნეს შეტანილი დაზარალებულების მიერ კ. ბ-ის, როგორც ერთ-ერთი თავდამსხმელის, ამოცნობაში ტუჩების მოყვანილობით, ხმითა და სხეულის კონფიგურაციით.
ამოცნობის დროს დაზარალებულების მიუკერძოებლობაზე მეტყველებს ისიც, რომ ისინი კ. ბ-ლს, გარკვეულწილად განასხვავებენ სხვა თავდამსხმელთაგან თავშეკავებითა და ადამიანური მოპყრობით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კ. ბ-ის ქმედებას, ზემოთ მოყვანილი გარემოებებიდან გამომდინარე, მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება და საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მის მიმართ საქმის შეწყვეტის თაობაზე არ უნდა იქნეს გაზიარებული.
რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გააანალიზა საქმის მასალები და მსჯავრდებულის პიროვნებისა და მისი როლის გათვალისწინებით, სწორად შეუმცირა მას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი 8 წლამდე.
ამდენად, საკასაციო პალატა განაჩენს როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში მიიჩნევს სწორად, კანონიერად და ტოვებს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ნოემბრის განაჩენი კ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.