საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 29.04.2004
საქმის ნომერი
2კ-130აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.04.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 130-აპ 29 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი, დ. სულაქველიძე

განიხილა ადვოკატ ნ.ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 თებერვლის განაჩენზე ა. ქ-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 ივნისის განაჩენით ა. ქ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 თებერვლის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენი ა. ქ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

განაჩენით ა.ქ-ეს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:

2002წ. 12 სექტემბერს ა. ქ-ძე ქ.ახალციხიდან ვ.ა ზ-სთან ერთად მიდიოდა სოფ. ---ის მთაში, ე.წ. “---ში”, სადაც ამზადებდნენ თივას და დაბანაკებულ ადგილზე მიჰქონდათ სურსათი. დაახლოებით 17 საათზე შეისვენეს ნაცნობ მეფუტკრეებთან და მთიბავებთან, სადაც დალიეს არაყი და გააგრძელეს გზა. თივის გაყოფასთან დაკავშირებით საუბრისას მოუვიდათ ჩხუბი. ვ.ზ-ემ ა.ქ-ეს შეაგინა დედა და ცოლ-შვილი. აღნიშნულით განაწყენებული ა.ქ-ძე მივიდა დროებით სადგომად გაწყობილ კარავში, აიღო მისი ოჯახის კუთვნილი, ორლულიანი სანადირო თოფი, ჩააწყო მასში დატენილი ვაზნები, მივიდა ვ.ზ-სთან და კამათის გაგრძელების დროს, განზრახ მოკვლის მიზნით, ესროლა თავის არეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზევე გარდაიცვალა.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ.ს-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს ა.ქ-ის ქმედების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), ვინაიდან მას ვ.ზ-ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, ისინი ერთმანეთში ხუმრობდნენ, ა.ქ-ემ ხუმრობით რამდენჯერმე ამოიღო და ჩადო თოფში ვაზნები, ბოლოს კი მას ეგონა რა, რომ თოფი ცარიელი იყო, გადასწია ჩახმახი, რა დროსაც მოხდა გასროლა.

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ი.მამასახლისაშვილი შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და განაჩენი ა.ქიმერიძის მიმართ დარჩეს უცვლელად.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ.ზ-ძე არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ა.ქიმერიძის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პროკურორი ბ.გოგლიძე მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ა.ქ-ის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და შესაგებლის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ ა.ქ-ემ გაუფრთხილებლობით მოუსპო სიცოცხლე ვ.ზ-ეს, რადგანაც საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უდავოდაა დადასტურებული ა.ქ-ის მიერ სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

თავად მსჯავრდებულმა წინასწარი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, მართალია, თავი დამნაშავედ არ ცნო, მაგრამ აღიარა, რომ მას და ვ.ზ-ეს თივის გაყოფასთან დაკავშირებით მოუვიდათ კამათი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა შეაგინა. ის სადგომისკენ წავიდა მოკლე გზით, ხოლო ვ.ზ-ძე _ შემოვლითი გზით. სადგომში დახვდა მამამისი, რომელიც ჩქარობდა თივის აგროვებას, რადგანაც წვიმას აპირებდა. მან აიღო თოფი და ვაზნების ჩასაწყობი, ორი ვაზნით დატენა თოფი და გზაზე შეხვდა ვ.ზ-ეს, რომელმაც კვლავ შეაგინა დედა, ცოლ-შვილი და ხელი ჰკრა. ის მიტრიალდა და დააპირა სადგომში დაბრუნება. სიარულისას შეაყენა ჩახმახი. როდესაც ვ.ზ-ეს დაშორდა, ამ უკანასკნელმა კვლავ შეაგინა დედა და ცოლ-შვილი. აღნიშნულზე იგი შეტრიალდა და თოფიდან გაისროლა.

პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მოტივს, რომ თითქოს ა.ქ-ემ წინასწარ გამოძიებას აღნიშნული ჩვენება ფიზიკური და ფსიქიკური ზეწოლის შედეგად მისცა, რადგანაც იგი საქმის მასალებით არ დასტურდება.

პალატა ასევე თვლის, რომ სასამართლომ სამართლიანად არ გაიზიარა ა.ქ-ის მიერ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას მიცემული არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს. ამასთან, მსჯავრდებულმა სააპელაციო სასამართლოში ვერ ახსნა ჩვენებებს შორის არსებული შეუსაბამობანი.

პალატას არალოგიკურად და არასარწმუნოდ მიაჩნია მსჯავრდებულის განცხადება იმის თაობაზე, რომ იმ დროს, როდესაც მამამისი მოსალოდნელი წვიმის გამო ჩქარობდა თივის აგროვებას, იმის მაგივრად, რომ ამ უკანასკნელს მიხმარებოდა, მან თითქოსდა სანადიროდ წასვლა გადაწყვიტა.

საქმეში არსებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვ.ზ-ეს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიყენებული აქვს კეფის არეში, ახლო მანძილიდან, ჭრილობის არხის მიმართულებით _ უკნიდან წინ, ზემოდან ქვემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ.

ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის იარაღიდან, სანადირო თოფიდან, ჩახმახზე მექანიკური ძალის ზემოქმედების გარეშე შემთხვევით გასროლა შეუძლებელია და გასროლისათვის საჭიროა სასხლეტზე თითის გამოკვრა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ა.ქ-ის ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული სსკ-ის 108-ე მუხლით და მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედების სიმძიმეს. ამდენად, განაჩენი ა.ქ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 თებერვლის განაჩენი ა. ქ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.