საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 22.04.2004
საქმის ნომერი
2კ-133აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.04.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 133-აპ 22 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს პროკურორ გ.ქ-ის, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ.მ-ის, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების: მ.ს-სა და თ.გ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 თებერვლის განაჩენზე გ. დ-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

ქარელის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 მარტის განაჩენით გ. დ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 თებერვლის განაჩენით ქარელის რაიონული სასამართლოს განაჩენი გ. დ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

იმავე სასამართლომ 2004წ. 16 თებერვალს გ.დ-ლის საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებისა და საბრალდებო დასკვნის შედგენა-დამტკიცებისას დაშვებულ კანონის დარღვევებზე გამოიტანა კერძო განჩინება, რომელიც რეაგირებისათვის გაეგზავნა შიდა ქართლის ოლქის პროკურორს.

განაჩენით გ.დ-ლს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:

2002წ. 29 სექტემბერს ქარელის რაიონის სოფ. ---ში, სატყეო მეურნეობის ხერგილთან, სადაც მორიგეობდა ტყის მცველი გ. დ-ლი, ხე-ტყით დატვირთული მანქანით გამოიარა ც. მ-მა. მათ შორის მოხდა კონფლიქტი ტვირთის კანონიერებაზე, რომელიც გ. თ-ის ჩარევით განიმუხტა, რის შემდეგაც ც.მჭედლიშვილი თავის ძმასთან _ აწ გარდაცვლილ ზ. მ-თან და მეგობარ მ. ქ-თან ერთად ურთიერთობის გასარკვევად, ამჯერად უკვე მსუბუქი ავტომანქანით, ეძებდა გ.დ-ლს. 30 სექტემბერს, ღამით, დაახლოებით პირველ საათზე, ისინი ქარელის რაიონის სოფ. ---ში შეხვდნენ სახლში ფეხით მიმავალ გ.დ-ლს, გააჩერეს მანქანა და დაუწყეს მას ჩხუბი და ცემა, რა დროსაც გ.დ-მა გადააცილა რა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, ზ.მ-ლს დაარტყა დანა, რამაც ამ უკანასკნელის სიკვდილი გამოიწვია.

საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს პროკურორი გ.ქევხიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გ.დ-ის მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის იმ მოტივით, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ.დალაბანდიშვილმა ჩაიდინა ზ.მ-ის განზრახ მკვლელობა და სასამართლომ უსაფუძვლოდ უარყო შემთხვევის შემსწრე ორი მოწმის ჩვენება.

პროკურორი ე.ქარჩავა მხარს უჭრს პროკურორ გ.ქ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ.მ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს გ.დ-ის მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას იმ მოტივებით, რომ განაჩენი არ ემყარება საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებს, რითაც უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილი და სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილი.

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ.მჭ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ.ტ-მა პალატის სხდომაზე სარეპლიკო სიტყვაში დაზარალებულის უფლებამონაცლის მოთხოვნით შეცვალა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა გ.დალაბანდიშვილის მიმართ განაჩენის გაუქმება და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატები: მ.ს-ძე და თ.გ-ნი საკასაციო საჩივრით ითხოვენ გ.დ-ის მიმართ განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ გ.დ-ლი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ვინაიდან მასზე განხორციელდა თავდასხმა, თავდამსხმელებმა იგი წააქციეს და დაუწყეს ცემა, რა დროსაც თავდაცვის მიზნით გამოიყენა დანა.

მსჯავრდებული გ.დ-ლი მხარს უჭერს თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მოთხოვნას და ითხოვს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრების მოტივს გ.დ-ის მიერ ზ.მ-ის განზრახ მკვლელობის თაობაზე.

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2002წ. 29 სექტემბერს გ.დ-სა და ც.მ-ს შორის ტყიდან მასალისა თუ შეშის გატანასა და ხერგილზე გატარებასთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება და ურთიერთობის დაძაბვა. გ.დ-ის ჩვენების თანახმად, შელაპარაკება გამოიწვია იმან, რომ ც.მ-ლს ტყიდან უკანონოდ გაჰქონდა მასალა და არა შეშა, როგორც ეს საბუთში იყო მითითებული. ის შეეცადა, ხერგილზე არ გაეტარებინა ც.მ-ლი, რის გამოც ეს უკანასკნელი დაემუქრა, ხერგილს იქით გაგისწორდებიო. გ.დ-ის ამ ჩვენებას მოწმე გ.თ-იც ადასტურებს. ც.მ-ის ჩვენების მიხედვით კი, ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გ.დ-ლი უკანონოდ სთხოვდა ფულს მას და ემუქრებოდა, თუ ფულს არ მოიტან, ხერგილზე აღარ გაგატარებო. მართალია, ც.მ-ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ მას გ.დ-ლი ეუბნებოდა, თუ ფულს არ მოიტან, ვნახოთ, ხერგილზე როგორ გაივლიო, მოწმე გ.ჯ-იც ადასტურებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ გ.დ-ის მხრიდან მუქარას ადგილი არ ჰქონია.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად არ გაიზიარეს შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების: ც.მ-სა და მ.ქ-ის არათანმიმდევრული და დამაჯერებლობას მოკლებული ჩვენებები. ც.მ-ლი არის გარდაცვლილის ძმა, ხოლო მ.ქ-ლი _ მისი მეგობარი, რომლებიც შემთხვევის დროს ახლდნენ გარდაცვლილს. ამდენად, ისინი დაინტერესებულ პირებს წარმოადგენენ და მხოლოდ მათ მიერ მიცემული ჩვენებები, სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების გარეშე, უტყუარ მტკიცებულებებად ვერ გამოდგება. ამასთან, სასამართლოს კიდეც რომ გაეთვალისწინებინა მათი ჩვენებები, აღნიშნულით გ.დალაბანდიშვილის მხრიდან რაიმე საფრთხის არსებობა უტყუარად მაინც ვერ დასტურდება, ვინაიდან მათი ჩვენებები ვარაუდებზეა აგებული. ც.მ-ისა და მ.ქ-ის ჩვენებები ეწინააღმდეგება შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებების ამოღებისა და საქმეზე დართვის ოქმებს, გ.დალაბანდიშვილის სხეულზე არსებულ დაზიანებებზე ჩატარებულ სასამართლო-სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ.დ-ლს აღენიშნებოდა შემდეგი სახის დაზიანებები: მარჯვენა წინამხრის მიდამოში _ ნაჭდევები, თხემის არეში, მარჯვნივ _ ჰემატომა და დაჟეჟილი ჭრილობა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნების მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

საქმეზე ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გარდაცვლილ ზ.მ-ის სისხლი მიეკუთვნება მესამე ჯგუფს, მაშინ, როდესაც გ.დ-ის ტანსაცმელზე, დაშლილ სანადირო თოფის ლულაზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ორ ცალ ქვასა და ასფალტის ნატეხზე აღმოჩნდა პირველი ჯგუფის სისხლი. აღნიშნულით კი დასტურდება გ.დალაბანდიშვილის ჩვენების სისწორე, რომ მას სცემდა სამი პიროვნება და დანა თავდაცვის მიზნით გამოიყენა.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მოცემულ სიტუაციაში მსჯავრდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, ვინაიდან გ.დ-ლი იცავდა რა თავს მართლსაწინააღმდეგო თავდასხმისაგან, მის მიერ თავდაცვის საშუალების _ დანის _ გამოყენება იმ მომენტში, როდესაც მის პირისპირ მხოლოდ შეუიარაღებელი ზ.მ-ლი დარჩა, რომელიც მსჯავრდებულს რეალურად აღარ ესხმოდა თავს, აშკარად შეუსაბამოა მასზე განხორციელებული თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ განაჩენი გ.დ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 თებერვლის განაჩენი გ. დ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.