საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 14.05.2004
საქმის ნომერი
2კ-142აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.05.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 142-აპ 14 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),მ. ისაევი,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ ხ. რ. ო-ის ადვოკატ ა. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 თებერვლის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 თებერვლის განაჩენით ხ. რ. ო-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველის სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა" და “გ" ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით დადგენილ იქნა შემდეგი გარემოებები:

2002წ. 4 თებერვალს, დაახლოებით 2 საათზე, ხ. რ. ო-თან სახლში მივიდნენ კარაბინით შეიარაღებული თანასოფლელი ნ. ო-ლი, მეტსახელად “ტ-კო", მ. ბ-ლი, ასევე ძიებით დაუდგენელი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული სამი პიროვნება. მათ ხ. რ. ო-ლს შესთავაზეს, მონაწილეობა მიეღო მათივე თანასოფლელის _ ა. მ. ო-ის ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში. ხ. რ. ო-ლი მათ დაეთანხმა. დაახლოებით 03 საათსა და 30 წუთზე ისინი მივიდნენ ა. მ. ო-ის სახლთან, ხ. რ. ო-ლი დატოვეს ეზოში შესასვლელ კართან, რათა საფრთხის შემთხვევაში გაეფრთხილებინა დანარჩენები, ხოლო “კარაბინით" და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ნ. ო-ლი, მ. ბ-ლი და ძიებით დაუდგენელი სამი პიროვნება შევიდნენ ა. მ. ო-ის საცხოვრებელ სახლში. დაზარალებულებმა თავდამსხმელებს წინააღმდგობა გაუწიეს. შედეგად მოკლულ იქნა ერთ-ერთი თავდასხმელი _ მ. ბ-ლი. თავდამსხმელებმა შეძლეს დაზარალებულთა წინააღმდეგობის დაძლევა. მათ მამა-შვილი _ ა. მ. ო-ლი და თექვსმეტი წლის ლ. ა. ყ-ზი გამოათრიეს ეზოში და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დახვრიტეს. ამის შემდეგ დაუძახეს რ. ხ. ო-ის და მისი დახმარებით მ. ბ-ის გვამი გადაიტანეს სოფლის სასაფლაოზე, სადაც ხ. რ. ო-ის მოსთხოვეს ცხენის მიყვანა. ხ. რ. ო-ლი წამოვიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

სააპელაციო პალატამ სამართლებრივი შეფასება მისცა მის მიერ დადგენილ გარემოებებს და ხ. რ. ო-ლი დამნაშავედ ცნო სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა" და “გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ხ. რ. ო-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ჩ-ლი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 24 თებერვლის განაჩენის გაუქმებას და ხ. რ. ო-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და არასწორად დასდო მსჯავრი ხ. რ. ო-ის. კასატორის განმარტებით, საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დადგინდებოდა ხ. რ. ო-ის მიერ დანაშაულის ჩადენა. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცა მოწმეების _ ლ. მ-სა და ჯ. ზ. ო-ის წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს და არასწორად დაუდო ეს ჩვენებები საფუძვლად ხ. რ. ო-ის მსჯავრდებას. კასატორის მითითებით, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, ემსჯელა ამ მოწმეთა ჩვენებებზე, ვინაიდან სასამართლო გამოძიებისას ლ. მ-ვა და ჯ. ზ. ო-ლი არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე და ვერ მოხდა მათი მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის განმარტებით, პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, კერძოდ, მსჯავრდებულს თარჯიმნად დაენიშნა ქ. ს-ვი, რომელიც დაზარალებულის უფლებამონაცვლის ბიძაა.

მსჯავრდებულმა ხ. რ. ო-იმ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა.

პროკურორმა ე. ქ-ამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს, იმ საფუძვლით, რომ განაჩენი ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კანონიერი და სამართლიანია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, ადვოკატ დ. ჩ-ლს, მსჯავრდებულ ხ. რ. ო-ის, პროკურორ ე. ქ-ას, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების წარმომადგენლის, ადვოკატ ა. ჩ-ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და ხ. რ. ო-ის უკანონოდ დასდო მსჯავრი. აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. ხ. რ. ო-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია წინასწარ გამოძიებაში მისი ეჭვმიტანილის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით, სადაც იგი ადასტურებს ფაქტს იმისას, რომ შემთხვევის დღეს მასთან მივიდნენ ნ. ო-ლი, მეტსახელად “ტ-კო", მ. ბ-ლი, ასევე ძიებითი დაუდგენელი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული სამი პიროვნება. ამავე ჩვენებაში ხ. რ. ო-ლი არ უარყოფს, რომ მასთან მისულმა პირებმა შესთავაზეს მონაწილეობა მიეღო მათივე თანასოფლელის _ ა. მ. ო-ის ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში და რომ მან თანხმობა განაცხადა. ამავე ჩვენებაში ხ. რ. ო-ლი განმარტავს, რომ ისინი მივიდნენ ა. ხ. ო-ის სახლთან, თვითონ დარჩა ეზოში შესასვლელ კართან, რათა საფრთხის შემთხვევაში გაეფრთხილებინა დანარჩენები. იმავე ჩვენებაში ხამბათ რ. ო-ლი არ უარყოფს, რომ ცოტა ხანში მას მოესმა კივილი, შემდეგ კი _ ავტომატის სროლის ხმა, რამდენიმე წუთში კი დაინახა, რომ თავდამსხმელები გამოდიოდნენ და მოჰქონდათ მ. ბ-ის გვამი. ამავე ჩვენებაში ხ. რ. ო-ლი ადასტურებს ასევე ფაქტს იმისას, რომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულთა მიერ გაწეული წინააღმდეგობის შედეგად ერთი თავდამსხმელი მოკვდა, მაგრამ თავდამსხმელებმა ეზოში დახვრიტეს მამა-შვილი _ ა. მ. ო-ლი და თექვსმეტი წლის ლ. ა. ყ-ზი. იმავე ჩვენებაში ხ. რ. ო-ლი უთითებს, რომ შემთხვევის შემდეგ იგი მივიდა მეგობარ ჯ. ზ-თან, რომელსაც უამბო მომხდარის შესახებ. ხ. რ. ო-ის ეჭვმიტანილის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენების სარწმუნობა დადგენილია მოწმეების _ ჯ. ზ-ხან ოღლისა და მისი მეუღლის ლ. მ-ას წინასწარ გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებებით, სადაც ისინი ასევე ადასტურებენ, რომ შემთხვევის დღეს მათთან მივიდა ხ. რ-ან ო-ლი, რომელმაც უამბო, თუ როგორ დაესხნენ თავს ყარაჯალელ ,,ტ-თან", სამ ქისტთან და ერთ ჩეჩენთან ერთად ა. მ. ო-ის ოჯახს და როგორ დაიჭრა თავდასხმისას ჩეჩენი. მართალია, სასამართლო გამოძიებისას მოწმის სახით ვერ დაიკითხნენ ჯ. ზ. ო-ლი და მისი მეუღლე ლ. მ-ა, მაგრამ სააპელაციო პალატამ საპროცესო ნორმების დაცვით მათი ჩვენებები საჯაროდ წაიკითხა და გამოიკვლია ძირითად სასამართლო სხდომაზე, რის შემდეგაც მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. გარდა აღნიშნულისა, მსჯავრდებულ ხ. რ. ო-ის ეჭვმიტანილის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენების სარწმუნობა დადგენილია მოწმე ა. ა-ის, მ. ა. ო-ის ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს ფაქტი იმისა, რომ 2002წ. 4 თებერვალს შეიარაღებული პირები ყაჩაღურად თავს დაესხნენ ა. მ. ო-ის ოჯახს. პალატა თვლის, რომ, მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულ ხ. რ. ო-ის თარჯიმნად დაენიშნა ქ. ს-ვი, რომელიც დაზარალებულის ბიძაა, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ სააპელაციო ინსტანციაში მსჯავრდებული უზრუნველყოფილი იყო ყველა უფლებით, მათ შორის, თარჯიმნის უფასოდ მომსახურების უფლებით, პალატა თვლის, რომ აღნიშნული საქმის განხილვის ამ ეტაპზე ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების საფუძველი.

ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და ხ. რ. ო-ის შეუფარდა სამართლიანი სასჯელი. მითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განაჩენი ხ. რ. ო-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 თებერვლის განაჩენი ხ. რ. ო-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.