განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 04.05.2004
საქმის ნომერი
2კ-143აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.05.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 143-აპ 4 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძეE (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ნ. გაბრიჩიძე

განიხილა ფინანსთა მინისტრის მოადგილის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 ოქტომბრის დადგენილებაში ი. ლ-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 20 თებერვლის განაჩენით ი. დ-ნს, მ. ხ-ეს, მ. მ-სა და ზ. ბ-ეს მსჯავრი დაედოთ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტებით, 341-ე მუხლითა და 188-ე მუხლის მეორე ნაწილით. ბორჯომის რაიონის გამგებლის მოადგილის ი. ლ-ის მიმართ კი, რომელიც სამართალში იყო მიცემული სსკ-ის 180-ე მუხლის ,,ა”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით, 341-ე მუხლით და 188-ე მუხლის მეორე ნაწილით, დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა პროკურატურას.

გამოძიებაში ი. ლ-ეს მოეხსნა სსკ-ის 180-ე მუხლის ,,ა”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით, 341-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებები და საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 ივნისის გამამართლებელი განაჩენით ი. ლ-ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი შერაცხულ ბრალდებაში და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ – გაქმდა.

განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ი. ლ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს, მიუთითა, რომ 2001წ. 18 მაისს, აფხაზეთის პროკურატურამ აღძრა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე და უსაფუძვლოდ დასდო ბრალი სამსახურებრივ სიყალბეში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითური გზით გაერთიანებული ქართული ბანკის ,,---ის” ბორჯომის ფილიალებიდან, ბორჯომის რაიონის გამგეობის ბუღალტერიიდან დევნილთათვის განკუთვნილი სახელმწიფო ფულადი დახმარების თანხის დაუფლებასა და დაუდევრობაში, რითაც თითქოს სახელმწიფოს მიაყენა 43291 ლარისა და 51 თეთრის ზიანი. იგი მიუთითებდა, რომ მის მიმართ ჩადენილმა უსამართლობამ შეურყია მას საზოგადოებაში ავტორიტეტი, სამსახურის დაკარგვით განიცადა ფინანსური კრიზისი, შეერყა ფსიქიკა და დაავადდა გულით. ი ლომიძემ მის მიმართ მიყენებული მატერიალური ზიანისათვის ითხოვა 16 ათასი ლარის, ხოლო მორალური ზიანისათვის – 500 ათასი ლარის ანაზღაურება.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 ოქტომბრის დადგენილებით ი. ლ-ძე სრულად იქნა რეაბილიტირებული. მისი მოთხოვნა სისხლის სამართალწარმოების ორგანოების მიერ უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და სხვა უფლებათა აღდგენის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სახელდობრ: ტრანსპორტისა და კვების ხარჯებისათვის განისაზღვრა 818 ლარი, კომპიუტერისა და ქსეროქსზე დოკუმენტების გადაღებაზე გაწეული ხარჯებისათვის – 2388 ლარი, მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის კი – 2000 ლარი, რისი ანაზღაურებაც დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ სახაზინო დეპარტამენტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ი. ლ-ის სასარგებლოდ.

სასამართლომ ასევე დაადგინა ი. ლ-ის სრული რეაბილიტაციის შესახებ პუბლიკაციის გამოქვეყნება იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში.

აფხაზეთის ა/რ პროკურატურის ხელმძღვანელობას წინასწარი გამოძიების არასწორი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის გამო, დაევალა ი. ლ-სათვის წერილობითი ბოდიშის მოხდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 იანვრის განჩინებით რაიონული სასამართლოს დადგენილებაში შეტანილ იქნა ცვლილება იმ მიმართებით, რომ განჩინებით დადგინდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ი. ლ-ის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების – 300 დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდა, დანარჩენ ნაწილში კი დადგენილება დარჩა უცვლელად.

კერძო საკასაციო საჩივრით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოადგილე ნ. ხ-რი ითხოვს, უარი ეთქვას ადვოკატზე გაწეული ხარჯების, ასევე ქონებრივი და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე.

რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურებას, კასატორი ითხოვს ამ ნაწილში საოლქო სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის შემცირებას გონივრულ ფარგლებში.

გამართლებული ი. ლ-ძე შესაგებლით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 16 იანვრის განჩინების უცვლელად დატოვებას, რასაც მხარი დაუჭირა საკასაციო პალატის სხდომაზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ლ. გ-ძე ეთანხმება კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

პროკურორი ვ. გ-რი შუამდგომლობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფინანსთა სამინისტროს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სააპელაციო პალატის განჩინება ი. ლ-ის მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს და ი. ლ-ძე კანონის შესაბამისად ცნო რეაბილიტირებულად. ამასთან, ქვეყნის ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით, იმის მხედველობაში მიღებით, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტში რეაბილიტირებულ პირთათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით მთლიანად გამოყოფილია 100000 ლარი, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ ი. ლ-სათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 2000 ლარის განსაზღვრა. საქმის ყველა გარემოებების მხედველობაში მიღებით პალატა თვლის, რომ ი. ლ-სათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად განსაზღვრული თანხა – 2000 ლარი უნდა შემცირდეს 1000 ლარამდე, რაც საკმარისია მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ განჩინებიდან უნდა ამოირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადვოკატზე გაწეული ხარჯების – 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში (ლარი), რამდენადაც საქმეში არ მოიპოვება ადვოკატისათვის რაიმე თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 219-227-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 იანვრის განჩინება ი. ლ-ის მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად განსაზღვრული თანხა – 2000 ლარი შემცირდეს 1000 ლარამდე.

განჩინებიდან ამოირიცხოს ადვოკატზე გაწეული ხარჯები – 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში (ლარი).

დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.