შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 81-კოლ 24 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ თ. ო-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 2 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით თ. ო-ლს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით თ. ო-ლს მსჯავრი დაედო შემდეგში: მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, კერძოდ: 2003წ. აპრილში თ. ო-მა ყაზბეგის რ-ნის სოფ. ---ში ვლადიკავკაზელ ვინმე ,,ვ-საგან”, რომლის სხვა მონაცემები არ იცის, 70000 რუსულ რუბლად უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,---”, საერთო წონით 40,58 გრ, რომლიდანაც სუფთა წონა ნარკოტიკული ნივთიერება ,,---” იყო 13,784 გრ, ხოლო 26,856 გრ _ მინარევი. აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება ,,---”, საერთო წონით 40,58 გრ, მან შემდგომი რეალიზაციის მიზნით უკანონოდ გადმოზიდა თბილისში და მიიტანა დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე საკოლმეურნეო ბაზრობაზე არსებულ ¹-- სავაჭრო ჯიხურში, რომელშიც მუშაობდა მისი და, დ. მ-ძე. შემდეგ თ. ო-მა შეიძინა სამედიცინო სასწორი, რომელიც იმავე ჯიხურში გადამალა ისე, რომ თავისი დისთვის არაფერი უთქვამს. თ. ო-მა დას, დ. მ-ეს სთხოვა გასაღები, რათა ჯიხურში გამოეცვალა კოლგოტი. იგი მარტო დარჩა, რითაც ისარგებლა და სამედიცინო სასწორის საშუალებით ნარკოტიკული ნივთიერება ,,---” დააფასოვა ე.წ. ,,ჩეკებად”, რომელთაგან თითოეულის წონა იყო ერთი გრამი, რომლის რეალიზაციაც უნდა მოეხდინა 100 ლარად. როდესაც დაფასოებას მორჩა, თ. ო-მა სამედიცინო სასწორი ჯიხურში დამალა, ხოლო ნარკოტიკული საშუალება ,,---” კი ჩაიდო კოლგოტის ქვეშ, უბეში, რის შემდეგაც გადაწყვიტა, წასულიყო თავისი დის ნაქირავებ ბინაში, ---, სადაც დატოვებული ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი. გზაში იგი დააკავეს თბილისის შს მთავარი სამმართველოს ნარკომანია-ნარკობიზნესის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს თანამშრომლებმა, რომლებმაც თ. ო-ლი წარადგინეს მახლობლად მდებარე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შს I განყოფილებაში, სადაც მას დამსწრეთა თანდასწრებით ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც თ. ო-საგან ამოღებულ იქნა ორი ვერცხლისფერი ფოლგის ქაღალდის შეკვრა და ერთი ასანთის კოლოფი, რომელშიც მოთავსებული იყო მოკრემისფრო, კრისტალისებური, ფხვიერი ნივთიერება, საერთო წონით 40,58 გრ დაფასოებული ,,ჩეკები”.
მსჯავრდებული თ. ო-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ არის ავადმყოფი, დანაშაული ჩაიდინა გაუსაძლისი ეკონომიკური პირობების გამო.
პროკურორი თ. შ-ძე ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა პროკურორს და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულ თ. ო-ის სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის ერთობლივი მტკიცებულებებით _ ჩხრეკისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ნივთმტკიცებით, სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეების _ დ. მ-ის, ვ. ნ-ის, რ. მ-ის, თ. გ-სა და ც. ს-ის ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით თ. ო-ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.
მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმას, რომ მსჯავრდებული თ. ო-ლი არის ქალი, ნასამართლობის არმქონეა, ქვრივია, კმაყოფაზე ჰყავს ოთხი შვილი, მათ შორის ორი _ არასრულწლოვანი, არის ავადმყოფი, კერძოდ, დაუდგინდა ჰიპერტონიული დაავადება II-გ.ი.დ, დაძაბვის სტენოკარდია (II-ფუნქც. კლასი), გულის უკმარისობა, გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე შესაძლებელია, თ. ო-ლს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 2 წლით და მოსახდელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 2 აპრილის განაჩენი შეიცვალოს:
მსჯავრდებულ თ. ო-ლს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, შეუმცირდეს 2 წლით და მოსახდელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.