განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 137-აპ 8 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ გ. ლ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 თებერვლის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 მაისის განაჩენით გ. ლ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და 6 თვე _ და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ივლისის განჩინებით გაუქმდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 15 მარტის განაჩენი და იმავე სასამართლოს 2003წ. 15 აპრილის დადგენილება გ. ლ-ის განსასჯელის სახით სამართალში მიცემის შესახებ და საქმე სამართალში მიცემის სტადიიდან ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
გ. ლ-ის სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვისას დაშვებულ სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონების უხეშ დარღვევებზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 2 ივლისს გამოიტანა კერძო განჩინება, რომელიც რეაგირებისათვის გაეგზავნა იმერეთის საოლქო პროკურორს, შს იმერეთის საგამოძიებო განყოფილების უფროსს და წყალტუბოს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს.
2003წ. 28 ივლისს გ. ლ-ის ბრალდების საქმე აცილების წესით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 28 ნოემბრის განაჩენით გ. ლ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 წელი _ და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გ. ლ-ის მიმართ შეიცვალა იმ მიმართებით, რომ განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 6 წელი და 6 თვე _ შეუმცირდა 4 წლითა და 6 თვით და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
განაჩენით გ.ლ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ. კერძოდ, გ. ლ-ძე 2002წ. 19 სექტემბერს წყალტუბოს სასამართლოს მიერ გასამართლებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით, პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შემდეგ გ.ლ-ემ გამოძიებით დაუდგენელი პირისგან, გაურკვეველ ვითარებაში, პირადი მოხმარებისათვის უკანონოდ შეიძინა მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალება “---”, რომელსაც იგი უკანონოდ ინახავდა და 2003წ. 10 იანვარს ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა, რაშიც იგი იმავე დღეს იქნა მხილებული. შპს “---ში” შემოწმების შედეგად იგი აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ.
მსჯავრდებული გ.ლ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ ისეთი სასჯელის სახის შეფარდებას, რომელიც არ იქნება დაკავშირებული პატიმრობასთან იმ მოტივებით, რომ ჰყავს პენსიონერი მშობლები, ფეხებზე მიღებული აქვს მძიმე ტრავმა და ესაჭიროება ოპერაცია; ამასთან, სწავლობს უნივერსიტეტში, არის კინოსა და თეატრის ფაკულტეტის დიპლომანტი და დაკავებულია სადიპლომო ნამუშევრის გამოცემით.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ.ს-მა ითხოვა გ.ლ-ის მიმართ განაჩენის გაუქმება და საქმის დამატებით გამოძიებაში ან ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნება იმ მოტივებით, რომ გ.ლ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენა ან შენახვა საქმის მასალებით არ დასტურდება; გ.ლ-ის ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმებისა და სასამართლო-სამედიცინო ნარკოლოგიური საექსპერტო კომისიის აქტები არის ყალბი და მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებელ მტკიცებულებებად.
მსჯავრდებული გ.ლ-ძე მხარს უჭერს თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნას.
პროკურორი ბ.გ-ძე არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს გ.ლ-ის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალების, კერძოდ, წარმოდგენის ოქმის თანახმად, გ.ლექვთაძე ქ.წყალტუბოს შს განყოფილების ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფის სამუშაო ოთახში წარდგენილ იქნა 2003წ. 10 იანვარს, 14 საათზე. საქმეში მოთვსებული შპს “---ის” ¹-- შემოწმების აქტის თანახმად კი, გ.ლ-ის შემოწმება ნარკოტიკულ თრობაზე მოხდა 2003წ. 10 იანვარს, 14 საათსა და 15 წუთზე, ე.ი. 15 წუთის შემდეგ. შემოწმების აქტით ისე იქნა დადგენილი გ.ლ-ის ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ ყოფნის ფაქტი, რომ მისგან ნიმუშის აღება არ მომხდარა, მაშინ, როდესაც ნარკოტიკული თრობის დადგენა ნიმუშის აღების გარეშე შეუძლებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას საეჭვოდ მიაჩნია ნარკოტიკულ თრობაზე გ.ლ-ის შემოწმების აქტის ნამდვილობა. გარდა ამისა, 15-წუთიან მონაკვეთში კიდეც რომ მომხდარიყო გ.ლ-ის ქ.წყალტუბოს შს განყოფილებიდან ქ.ქუთაისის სამხარეო ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა, დროის ამ მონაკვეთში მისი შემოწმება და დასკვნის გაცემა შეუძლებელი იყო.
სასამართლო-სამედიცინო ნარკოლოგიური საექსპერტო კომისიის ¹-- აქტი, რომლის თანახმადაც გ.ლ-ძე ნარკომანიით დაავადებული არ არის, წარმოადგენს ნარკოტიკული ნივთიერების (მარიხუანას) მომხმარებელს არასამედიცინო მიზნით და იძულებით მკურნალობას არ საჭიროებს, ეყრდნობა მხოლოდ 2003წ. 10 იანვრის ¹-- შემოწმების აქტს და გ.ლ-ის აღიარებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე გ.ლ-ემ განაცხადა, რომ მან აღიარებითი ჩვენებები მისცა გამომძიებელთან გარიგების გამო. ეს უკანასკნელი კი შეჰპირდა, რომ თუ იგი აღიარებდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტს, მხოლოდ 70 ლარით დააჯარიმებდნენ.
ამდენად, როგორც ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების, ისე სასამართლო-სამედიცინო ნარკოლოგიური საექსპერტო კომისიის აქტი პალატას საეჭვოდ მიაჩნია და თვლის, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დგინდება გ.ლ-ს მიერ სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ განაჩენი გ.ლ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას. დამატებითი გამოძიების დროს საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა მოხდეს ყოველმხრივ, სრულად, ობიექტურად და გადაწყვეტილება გ.ლ-ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე მიღებულ იქნეს საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 562-ე, 563-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 თებერვლის განაჩენი გ. ლ-ის მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.