საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 154-დად 3 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,გ. ბორჩხაძე
განიხილა პროკურორ ჯ. ს-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 31 მარტის განჩინებაზე, რომლითაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 30 იანვრის დადგენილება მ. და თ. ნ-ების საჩივრებისა და მასალების ქუთაისის პროკურორისათვის გადაგზავნის თაობაზე დარჩა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
მოქალაქე მ. ნ-ის შვილი, თ. ნ-ლი, ქ. ქუთაისის სასამართლოს 1994წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით შესახლებულ იქნა ქ. ქუთაისში, --- მდებარე თ. ნ-ლის აწ გარდაცვლილი მამამთილის _ მ. ც-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლში. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება აღსრულდა 1995წ. 9 აგვისტოს, ოჯახის წევრები მას წლების მანძილზე არ აძლევენ შესახლებულ ფართზე ცხოვრების შესაძლებლობას. 1999წ. 8 ივლისს, გამოყოფილი საცხოვრებელი ფართის დაუფლების ცდისას, მას და მის ქალიშვილს თავს დაესხნენ მისი ყოფილი სიძე ნ. ც-ძე და ამ უკანასკნელის ოჯახის წევრები, რომლებმაც სცემეს და მოკვლის მუქარით წინ აღუდგნენ მათი კანონიერი უფლების განხორციელებას. ამასთან დაკავშირებით, ყოფილი სიძის _ ნ. ც-სა და მისი ოჯახის წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით განმცხადებელმა მ. ნ-მა 2000წ. 9 თებერვალს საჩივრით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც მასალები მოკვლევისათვის გადაუგზავნა ქუთაისის შს სამმართველოს მეორე განყოფილებას. 2000წ. 30 მარტს მასალებზე გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც 2000წ. 10 ივნისის დადგენილებით გააუქმა ქ. ქუთაისის პროკურორის მოადგილემ _ ი. ფ-მა და მასალები გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 21 აგვისტოს წერილით მასალები დაუბრუნდა ქუთაისის პროკურორს იმ მოტივით, რომ მასალები პროცესუალური გადაწყვეტილების მიღების გარეშე იქნა გადაგზავნილი პროკურორისათვის. ამ უკანასკნელმა 2001წ. 26 მარტის წერილით მასალები კვლავ დაუბრუნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. 2001წ. 16 ივლისის დადგენილებით მოსამართლე დ. ჟ-მა მიიღო დადგენილება ნ. ც-სა და სხვათა მიმართ კერძო ბრალდების წესით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ უარის თქმის თაობაზე, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
აღნიშნული დადგენილება მ. ნ-ის საჩივრის საფუძველზე ქუთაისის საოლქო სასამართლომ გააუქმა 2002წ. 3 აპრილის განჩინებით და მასალები ხელმეორედ განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
2002წ. 19 ივლისის დადგენილებით მასალები გადაეგზავნა ქუთაისის პროკურორს.
დადგენილება ქუთაისის საქალაქო პროკურორის მ/შემსრულებლის ი. ფ-ის კერძო სააპელაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 14 ნოემბრის განჩინებით და მასალები ხელმეორედ განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 30 იანვრის დადგენილებით, საქართველოს სსსკ-ის 630-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მასალები გადაეგზავნა ქუთაისის პროკურორს.
პროკურორი ჯ. ს-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს როგორც ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 31 მარტის განჩინების, ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 30 იანვრის დადგენილების გაუქმებასა და მასალების გადაცემას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.
მ. და თ. ნ-ები შესაგებლით ითხოვენ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 31 მარტის განჩინების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და თვლის, რომ განჩინება მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა კერძო ბრალდების საქმეთა წარმოების თაობაზე საქართველოს სსსკ-ის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლები. კერძოდ, სსსკ-ის 628-ე მუხლის გამოყენებით, მოსამართლემ განმცხადებელს ზუსტად განუმარტა პასუხისმგებლობა შეგნებულად ცრუ დასმენისათვის, ჩამოართვა ხელწერილი. იმის გასარკვევად, იყო თუ არა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი, მოსამართლემ მხარეთაგან მიიღო ახსნა-განმარტებები; აღნიშნულ მოქმედებათა ჩატარება დასტურდება ასევე სასამართლო სხდომის ოქმიდან. ამის შემდეგ, სსსკ-ის 630-ე მუხლის შესაბამისად, საჩივრის შემოწმებით გამოირკვა, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენას და საჭირო იყო სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და გამოძიების ჩატარება, რის შესახებაც მოსამართლემ სრულიად კანონიერად გამოიტანა დადგენილება საქმის მასალების პროკურორისათვის გადაგზავნის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 31 მარტის განჩინება მოცემულ საქმეზე კანონიერი, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 31 მარტის განჩინება მ. და თ. ნ-ების საჩივრებისა და მასალების ქუთაისის პროკურორისათვის გადაგზავნის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.