საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 186-აპ 3 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,მ. გოგელია
განიხილა პროკურორ ე. მ-ის მსჯავრდებულ ზ. ქ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 მარტის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება შევიდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 აპრილის განაჩენში, კერძოდ, ზ. ქ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” და “ე” ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით. სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2002წ. 2 აგვისტოდან.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით ზ. ქ-ვს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ. მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა არაერთგზის, მაშინ, როდესაც მას წინათ ჩადენილი ჰქონდა ნარკოტიკული დანაშაული, კერძოდ, ზ. ქ-ვი 2000წ. 27 ივნისს გაასამართლა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ და საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის III ნაწილით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. 2002 წელს იგი გაასამართლა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 90 ლარის ოდენობით. 2002წ. 17 ივლისს ზ. ქ-ვი პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ქ.თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე, რა დროსაც შემოწმდა რა ნარკოლოგიურ ინსტიტუტში, აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალები “ოპიუმის” ზემოქმედების ქვეშ.
მიუხედავად აღნიშნულისა, ზ.ქ-მა კვლავ გააგრძელა დანაშაულებრივი საქმიანობა. კერძოდ, 2002წ. 4 აგვისტოს ქ. ცხინვალში გამოძიებით დადგენილი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება “---”, საიდინაც ნაწილი მოიხმარა, ხოლო ნაწილი უკანონოდ, პირადი მოხმარების მიზნით, გადმოზიდა ქ.თბილისში. იმავე დღეს, დაახლოებით 12 საათზე, იგი პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მეტროს სადგურ “ღრმაღელის” მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც შარვლის მარჯვენა ჯიბეში აღმოაჩნდა პოლიეთილენის პარკში შეხვეული 0,8 გრამი ნარკოტიკული საშუალების “---”, რომელსაც იგი უკანონოდ ინახავდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ე. მ-ძე ითხოვს ზ.ქობულოვის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენის გაუქმებასა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას შეფარდებული სასჯელის ლმობიერების მოტივით. იგი მიუთითებს, რომ არ არსებობდა სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენების საფუძველი.
მსჯავრდებული ზ. ქ-ვი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ხ-ძე საკასაციო საჩივრებით ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას. ისინი მიუთითებენ, რომ საქმის მასალებით არ არის დადგენილი მსჯავრდებულის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის ფაქტი.
პალატის სხდომაზე პროკურორებმა – ნ. ც-მა და გ. მ-მა მხარი დაუჭირეს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ.
ადვოკატმა დ. ხ-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. მსჯავრდებული ზ. ქ-ვი დაეთანხმა ადვოკატ დ. ხ-ის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ეპიზოდში საქმის შეწყვეტის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მითითებას, რომ თითქოს საქმის მასალებით არ იყოს დადგენილი მსჯავრდებულ ზ. ქ-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის და გადაზიდვის ფაქტი. პალატა თვლის, რომ ეს გარემოება უტყუარადაა დადგენილი თვით ზ. ქ-ის მიერ ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმებით, მოწმეების – ო. ს-ის, მ. დ-ას ჩვენებებით, ამოღებული ნივთიერი დამამტკიცებელი საბუთით, ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით.
პალატა თვლის, რომ ზ. ქ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის ფაქტი უტყუარადაა დადგენილი; ამასთან, ზ. ქ-ვს ზედმეტად აქვს წარდგენილი სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტი (დანაშაულის ჩადენა არაერთგზის); ამიტომ ეს მითითება განაჩენიდან უნდა იქნეს ამორიცხული. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ. ქ-ვი წინათ გასამართლებული იყო 1960წ. სსკ-ის 252-ე მუხლის მესამე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა გასაღების მიზნის გარეშე); ამიტომ მისი ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივრის მოთხოვნას, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ დასაბუთებულია საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენების აუცილებლობა და შეფარდებული სასჯელის ლმობიერების მოტივით განაჩენის გაუქმების საფუძველი არ მოიპოვება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 მარტის განაჩენიდან ზ. ქ-ის მიმართ ამოირიცხოს მიითითება მისი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მსჯავრდების შესახებ.
განაჩენი სასჯელისა და კვალიფიკაციის სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.