საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 13.07.2004
საქმის ნომერი
2კ-198აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.07.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 198-აპ 13 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 მარტის განაჩენზე ზ. გ-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 მაისის განაჩენით ზ. გ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ზ. გ-ლს მსჯავრი დაედო ლ. ასკილაშვილის განზრახ მკვლელობაში, რომელიც მან განაჩენის მიხედვით ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში:

2002წ. 17 ნოემბერს გურჯაანის რაიონის სოფ. ---ში მდებარე ზ. გ-ის საცხოვრებელ სახლში მივიდა მეზობლად მცხოვრები ლ. ა-ლი. ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ ზ. გ-ლი და მისი ძმა _ თ. ო-ლი. ლ. ა-მა სთხოვა ზ. გ-ლს საპირფარეშოსათვის ორმოს ამოთხრა, რაშიც გ-მა მოითხოვა 15 ლარის გადახდა. ეს თანხა იძვირა ლ. ასკილაშვილიმა და ვინაიდან ნასვამი იყო, შელაპარაკება მოუხდა ძმებთან. ო-მა ა-ლს უთხრა, რომ თუ ჩხუბი არ უნდოდა, წყნარად წასულიყო სახლში, რის შემდეგაც დატოვა ა-ლი და გ-ლი და თვითონ წავიდა სახლში, ხოლო ასკილაშვილი და გ-ი კამათით გამოვიდნენ ეზოში. მომხდარით განაწყენებული გ-ლი სახლში შებრუნდა, აიღო კარადაში შენახული ხანჯალი, გამობრუნდა, დაეწია ლ. ა-ლს მისი სახლის კართან და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დაარტყა ხანჯალი. ხანჯლის დარტყმის შედეგად გ-მა ასკილაშვილს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება _ მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედში ნაკვეთი ჭრილობა, მარცხენა ბარძაყის არტერიისა და ვენის გადაჭრით, რის შემდეგაც იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ასკილაშვილი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ნ-მა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულის ქმედების გადაკვალიფიცირება სსკ-ის 108-ე მუხლიდან 113-ე მუხლზე და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა. სასამართლო გამოძიების პროცესში დამცველმა შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და იმის გათვალისწინებით, რომ ზ. გ-ლი პირველადაა სამართალში, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, თვითონ კი ავადმყოფია, ითხოვა მის მიმართ სასჯელის ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 9 მარტის განაჩენით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და უცვლელად დატოვა ზ. გ-ის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 მაისის განაჩენი.

საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული ზ. გ-ლი აღნიშნავს, რომ მას არ ჰქონია ლ. ა-ის მოკვლის განზრახვა, მას სხეულის დაზიანება მიაყენა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, როდესაც ამ უკანასკნელმა ცემა დაუწყო, დანით დაჭრა ყურის არეში და წაიქცა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ზ. გ-ლი მიიჩნევს, რომ სასამართლომ უკანონოდ დასაჯა იგი სსკ-ის 108-ე მუხლით. ამასთან, დასაჯა მკაცრად, არ გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი ავადმყოფია, წარსულში ნასამართლევი არ არის, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ტ. ა-ლი და მისი წარმომადგენელი ვ. კ-ძე ითხოვენ განაჩენის უცვლელად დატოვებას. მსჯავრდებულ ზ. გ-ის ადვოკატი შ. კ-ძე მხარს უჭერს საკასაციო საჩივარს.

საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ე. ჯ-მა იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა პოზიცია და თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ზ. გ-მა უარყო ლ. ა-ის მოკვლის განზრახვა. მან განმარტა, რომ სახლში ჩხუბის დროს ამოიღო ხანჯალი და იქნევდა ასკილაშვილის მოგერიების მიზნით, რომელიც თავს ესხმოდა მას, აგინებდა და სცემდა. ერთ-ერთი მოქნევისას ხანჯალი ა-ლს მოხვდა სხეულის ქვედა ნაწილში და დაიჭრა.

პალატა თვლის, რომ სასამართლომ გააანალიზა რა გ-ის ეს ჩვენება საქმის სხვა მასალებთან ერთობლიობაში, სწორად არ გაიზიარა იგი და გ-ის მიმართ შერაცხული ბრალდება დადასტურებულად მიიჩნია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

ის, რომ ზ. გ-სა და ლ. ა-ლს შორის ჩხუბი დაიწყო საპირფარეშოს ორმოს ამოთხრისათვის გ-ის მიერ მოთხოვნილ თანხასთან დაკავშირებით, საქმის მასალებით დადგენილია და ამას სადავოდ მსჯავრდებულიც არ ხდის.

ამასთან, წინასწარი გამოძიების ყველა ეტაპზე ზ. გ-ლი თავს ცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აჩვენებდა, რომ მკვლელობა ჩაიდინა არა სახლში, არამედ _ ლ. ა-ის სახლის შესასვლელთან, განაწყენებულმა იმით, რომ მას მიაყენეს შეურაცხყოფა: “სახლში, კომოდში, შენახული მქონდა ხანჯალი, პლასტმასის ტარით, 50 სმ სიგრძის. გამოვედი გარეთ, ლ. იდგა თავისი ეზოს ჭიშკართან. რამდენადაც ვიყავი აღელვებული, თუ რატომ მცემა უმიზეზოდ, მივედი მასთან ახლოს და მუცლის არეში დავარტყი ხანჯალი ერთხელ”.

მოწმეების _ მ. ი-სა და ლ. პ-ის ჩვენებებით ირკვევა, რომ 2002წ. 27 ნოემბერს, დაახლოებით 22 საათზე, მკვდარი ლ. ა-ლი ნახეს თავისივე სახლის წინ, სისხლის გუბეში, რის შესახებაც შეატყობინეს მეზობლებს და პოლიციას.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ლ. ა-ის გვამი ესვენა კ. ხ-ის (ლ. ა-ის ბებია) სახლის შესასვლელში; იქვე, გვამთან, 1,5 მეტრის მოშორებით, ეგდო მკვლელობის იარაღი _ ხანჯალი. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ზ. გ-მა სასამართლო პროცესზე ვერ ახსნა, თუ როგორ აღმოჩნდა ხანჯალი გარდაცვლილის ეზოსთან, თუკი მან ლ. ა-ლს ხანჯალი დაარტყა თავის სახლში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სარწმუნოდ მიიჩნევს წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ზ. გ-ის ჩვენებებს და ეთანხმება სასამართლოს იმაში, რომ გ-ის ჩვენება სასამართლო პროცესზე მოგონილია პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზნით.

საყურადღებოა, რომ სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა ზ. გ-მა თავდაპირველად უარყო, მაგრამ შემდეგ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა, საშეღავათო გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის შემსუბუქება. სააპელაციო ინსტანციამ იმსჯელა რა ამ მიმართებით, რაიონული სასამართლოს განაჩენი ზ. გ-ის მიმართ დატოვა უცვლელად.

პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორი სამართლებირვი შეფასება მისცა ზ. გ-ის ქმედებას და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 მარტის განაჩენი ზ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.