საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 203-დად 13 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა ი. ვ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის თანაშემწის 2003წ. 30 სექტემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის თაობაზე დარჩა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მომჩივან ი. ვ-ის ოჯახი გამოსახლებულ იქნა აუქციონზე გაყიდული მისი საცხოვრებელი ბინიდან, მდებარე ქ. თბილისში, ...
2003წ. 30 ივლისს სასამართლოს აღმასრულებელმა სასამართლოს გადაწყვეტილება მოიყვანა სისრულეში, ი. ვ-ის ოჯახი გამოასახლა და აღნიშნული ბინა გადაეცა მის შემძენს ნ. ჩ-ლს.
გამოსახლებიდან მეორე დღეს, ე.ი. 2003წ. 21 ივლისს, ისანი-სამგორის შს სამმართველოს პასუხისმგებელმა მორიგემ უცნობი პირისაგან მიიღო შეტყობინება, რომ ი. ვ-ლი მოათავსეს მე-8 საავადმყოფოში, რადგან იგი ბინიდან გამოსახლებისას სცემეს უცნობმა პირებმა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იმავე დღეს, ე.ი. 31 ივლისს, პოლიციის განყოფილებაში ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ი. ვ-ლს, რომლის განცხადებით, 30 ივლისს მისი ოჯახის გამოსასახლებლად მივიდნენ აღმასრულებელი მოკიდა მხრებში და მთელი ძალით მოსწია. მან თავი ვერ შეიკავა, მოეჭიდა კარის ჩარჩოს და დაეცა. ვინაიდან თავი სუსტად იგრძნო, მეზობელმა აღმოუჩინა დახმარება, შემდეგ კი მოათავსეს მე-5 საავადმყოფოში.
ზემოთ აღნიშნული შეტყობინებისა და ი. ვ-ის განმარტების საფუძველზე ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის თანაშემწემ ჩაატარა მოკვლევა და 2003წ. 30 დეკემბერს გამოიტანა დადგენილება ი. ვ-ის ორსულობის შეწყვეტის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის თაობაზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
ეს პოზიცია გაიზიარა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ, სადაც ი. ვ-მა გაასაჩივრა პროკურატურის დადგენილება მისი გაუქმების მოთხოვნით და თავისი 2004წ. 23 მარტის დადგენილებით უცვლელად დატოვა იგი.
კერძო საკასაციო საჩივარში ი. ვ-ლი აღნიშნავს, რომ პროკურატურის 2003წ. 30 სექტემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ უკანონოა. კასატორი ითხოვს როგორც პროკურატურის, ისე რაიონული სასამართლოს დადგენილებების გაუქმებას და საქმის გადაცემას პროკურატურისათვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.
ამასთან, საკასაციო პალატის სხდომაზე ი. ვ-ლი აცხადებს, რომ სასამართლომ საჩივარი განიხილა მის დაუსწრებლად, ისე, რომ საჩივრის განხილვის თარიღი არ შეუტყობინებიათ. ამას ადასტურებს ის, რომ ადვოკატი არასდროს ჰყოლია და სასამართლო სხდომის ჩანაწერი ამ მიმართებით არასწორია.
პროკურორი მ. მ-ლი მიიჩნევს, რომ საქმეზე მოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, სასამართლოს დადგენილება, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის თანაშემწის 2003წ. 30 სექტემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, კანონიერია და შუამდგომლობს მის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა რა წარმოდგენილი გასაჩივრებული დადგენილების კანონიერება და საჩივრის საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლოს 2004წ. 23 მარტის დადგენილება მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საჩივარი, რომელიც სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილების გაუქმებას ითხოვს, სასამართლომ განიხილა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით, სახელდობრ: სასამართლოს არ გამოუკვლევია ი. ვ-ის საჩივარში მოყვანილი გარემოებები, საჩივარი განიხილა მხარეთა დაუსწრებლად და დაკმაყოფილდა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ პროკურატურის დადგენილების გამოქვეყნებით.
მართალია, სასამართლოს სხდომის ოქმის მიხედვით, 2004წ. 22 მარტს ი. ვ-მა ითხოვა საქმის გადადება, ვინაიდან არ ეცალა მის ადვოკატს, მაგრამ პალატა სარწმუნოდ მიიჩნევს საკასაციო პალატის სხდომაზე ი. ვ-ის განცხადებას, რომ სასამართლოს არ შეუტყობინებია მისთვის საჩივრის განხილვის თარიღი _ 23 მარტი, მით უმეტეს, ადვოკატი არასდროს ჰყოლია და ჩანაწერი სხდომის ოქმში ამ მიმართებით არასწორია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ დადგენილება მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს და სასამართლომ ი. ვ-ის საჩივარი განიხილოს სრულყოფილად, კანონის სრული დაცვით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 562-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 მარტის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ისანი-სამგორის პროკურორის თანაშემწის 2003წ. 30 სექტემბრის დადგენილების გაუქმების შესახებ და საჩივარი არსებითი განხილვისავთის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.