შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 13.07.2004
საქმის ნომერი
2კ-221დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
13.07.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 221-დად 13 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,მ. ისაევი

განიხილა ადვოკატ ც. ბ-ის კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 მაისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹8 დაწესებულების დირექტორის წარდგინება მსჯავრდებულ ა. ვ-ის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ვ-ძე, დაბადებული 1979 წელს, ნასამართლობის არმქონე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 12 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I,II და III ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

შეფარდებული სასჯელის ორი-მესამედი მოიხადა 2004წ. 7 მაისს. 12 მაისს კი სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს და ითხოვა სასჯელის მოხდისაგან ა. ვ-ის ვადამდე პირობით განთავისუფლება. სასამართლომ 2004წ. 21 მაისის დადგენილებით წარდგინება არ დააკმაყოფილა

კერძო საკასაციო საჩივრით ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლოს დადგენილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მსჯავრდებული ა. ვ-ძე წინათ არ ყოფილა მსჯავრდებული, სასჯელის მოხდის პერიოდში ის მყარად დადგა გამოსწორების გზაზე და საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის შესაბამისად ის განთავისუფლებულ უნდა იქნას სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ც. ბ-მა ითხოვა წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი დაუჭირა პროკურორმა ო. რ-ამ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებული შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.

მსჯავრდებულ ა. ვ-ის პირადი საქმის შესწავლით ირკვევა, რომ ის მყარად დადგა გამოსწორების გზაზე, ხასიათდება დადებითად.

სასამართლოს დადგენილების ის მოტივი, რომ ა. ვ-ეს ჩადენილი აქვს მძიმე დანაშაული და მოსახდელად დარჩენილი აქვს შეფარდებული სასჯელის საკმაოდ დიდი ნაწილი, კანონის მოთხოვნას არ შეესაბამება. საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მიხედვით, პირობით ვადამდე შეიძლება გათავისუფლდეს მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ მან, ფაქტობრივად, უკვე მოიხადა დანიშნული სასჯელის ვადის არანაკლებ ორი-მესამედი. ა. ვ-ემ დანიშნული სასჯელის ორი-მესამედი მოიხადა 2004წ. 7 მაისს.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს დადგენილება მსჯავრდებულ ა. ვ-ის სასჯლის მოხდისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, კანონის შესაბამისად, დასაბუთებული არ არის.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 მაისის დადგენილება, დაკმაყოფილდეს ¹8 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება და ა. ვ-ძეEპირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან.

ა. ვ-ს ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.