საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 15.07.2004
საქმის ნომერი
2კ-225აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.07.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 225-აპ 15 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე,)

მ. ისაევი,ნ. გაბრიჩიძე

განიხილა მსჯავრდებულ შ. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ის, დაზარალებულ გ. ფ-სა და პროკურორ მ. კ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 მაისის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება შევიდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 16 თებერვლის განაჩენში შ. თ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

შ. თ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2003წ. 1 ნოემბრიდან.

შ. თ-ეს განაჩენით მსჯავრი დაედო პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ხელის შეშლის, მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით.

ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2003წ. 1 ნოემბერს, დაახლოებით 3 საათზე, ქ. ქუთაისში, ---, მსჯავრდებულმა შ. თ-ემ, მთვრალმა ძებნილ ბ. კ-ის დაკავების დროს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ხელის შეშლისა და მათი სამსახურებრივი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწია შინაგან საქმეთა იმერეთის მთავარი სამმართველოს ოპერატიული ჯგუფის წევრებს, პოლიციის მუშაკებს, დაზარალებულებს: ა. ს-ეს, გ. ფ-ეს, გ. ბ-ეს, მ. ლ-ნს, დ. შ-ძეს, რ. კ-კს, ზ. ყ-ნს, ა. ს-ეს, კერძოდ: ლანძღა და აგინა მათ უცენზურო სიტყვებით, მიმართა ძალადობას, დაზარალებულ გ. ბ-ეს მარჯვენა თვალბუდის არეში მუშტის ჩარტყმით, სისხლნაჟღენთის სახით მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო დაზარალებულ მ. ლ-ნს დაუზიანა პოლიციის სპეცფორმის სამხრეებიანი პერანგი. მიუხედავად გაწეული წინააღმდეგობისა, პოლიციის ოპერატიულმა ჯგუფმა (დაზარალებულებმა) შეძლეს მისი დაკავება და პოლიციის სამმართველოში წარდგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ს-ძე ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას. იგი მიუთითებს, რომ პოლიციის მუშაკებს შ. თ-ის პოლიციაში წარდგენის არავითარი საფუძველი არ ჰქონდათ. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება შ. თ-ის მიერ პოლიციის მუშაკებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი.

პროკურორი მ. კ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს შ. თ-ის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებას შეფარდებული სასჯელის აშკარა ლმობიერების მოტივით. იგი მიუთითებს, რომ შ. თ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, დამნაშავის პიროვნების და საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით, შეფარდებული სასჯელის ზომა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების აღსრულებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

დაზარალებული გ. ფ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 მაისის განაჩენის გაუქმებას, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 16 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვებას, რომლითაც შ. თ-ეს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი მიუთითებს, რომ შ. თ-ე არის ე.წ. “კანონიერი ქურდი” და კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტი, რომელმაც პოლიციის მუშაკებს გაუწია წინააღმდეგობა, მიაყენა მსუბუქი დაზიანება, შემოახია ტანსაცმელი, რის გამოც იგი იმსახურებს მკაცრად დასჯას.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ბ. გ-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა პროკურორ მ. კ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი.

მსჯავრდებულ შ. თ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია დაზარალებულად ცნობილ პოლიციელთა და მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნივთიერი დამამტკიცებელი საბუთითა და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით. საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი მსჯავრდებულ შ. თ-ს მიერ პოლიციის მუშაკებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი.

პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ შ. თ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, მის ქმედებას სასამართლომ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ მსჯავრდებულ შ. თ-ეს ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული, იგი პირველადაა სამართალში და მისი წარსული არაფრითაა შებღალული.

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 565-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახისა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ შ. თ-ის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მეტისმეტად მსუბუქად და, ამდენად, _ უსამართლოდ. აქედან გამომდინარე, არ არსებობს პროკურორისა და დაზარალებულის საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

ასევე არ არსებობს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 მაისის განაჩენი შ. თ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.