საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 226-აპ 15 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,მ. ისაევი
განიხილა მოქალაქე რ. შ-ის კერძო საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 მაისის განჩინებაზე, რომლითაც მას (რ. შ-ეს) უარი ეთქვა უკანონო მსჯავრდების შედეგად მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
კერძო საკასაციო საჩივარი ითხოვს სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებას და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას.
აღწერილობითი ნაწილი:
ხულოს რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების მოკვლევის სამსახურის მიერ 1994წ. 13 ივნისს რ. შ-ძე მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში სხვისი საკარმიდამო მიწის მიტაცებისა და თვითნებობის ბრალდებით. ხულოს რაიონული სასამართლოს 1994წ. 17 ნოემბრის განაჩენით რ. შ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ შერაცხულ დანაშაულში და შეფარდებული სასჯელი ჩაეთვალა პირობით ერთი წლის გამოსაცდელი ვადით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1997წ. 28 ნოემბრის დადგენილებით გაუქმდა ხულოს რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენი და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა ხულოს რაიონის პროკურატურას. დამატებითი გამოძიების შემდეგ, გამომძიებლის 1999წ. 25 აპრილის დადგენილებით რ. შ-ს მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის მოტივით.
2003წ. 5 მაისს რ. შ-ემ სარჩელით მიმართა ხულოს რაიონულ სასამართლოს, უსაფუძვლოდ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და მსჯავრდების გამო სახელმწიფოსაგან 149982 ამერიკული დოლარის ანაზღაურების შესახებ. სასამართლომ რ. შ-ს საპატიოდ ჩაუთვალა გაშვებული 6-თვიანი ვადა, განიხილა სასარჩელო განცხადება და მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, სახელდობრ: მორალური ზიანის ასანაზღაურებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დააკისრა მისთვის 7000 ამერიკული დოლარის გადახდა ეროვნული ვალუტით.
სასამართლოს დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ასევე თვით რ. შ-ემ.
სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს საჩივარი, გააუქმა ხულოს რაიონული სასამართლოს დადგენილება და რ. შ-ეს უარი უთხრა უკანონო მსჯავრდების შედეგად მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნის უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
საკასაციო საჩივრით რ. შ-ძე მიიჩნევს, რომ ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილებაში გამომძიებელმა არ განუმარტა რეაბილიტაციის და მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება, ამიტომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა მის მიმართ არ უნდა გავრცელდეს.
პალატის სხდომაზე კასატორმა რ. შ-ემ ითხოვა საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. გ-ემ და პროკურორმა ბ. გ-ემ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უსაფუძვლოა და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა თავის განჩინებაში იმის თაობაზე, რომ რ. შ-ეს არავითარი საპატიო საფუძველი არ ჰქონდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონით დადგენილი ვადის გაშვებისათვის. საჩივრის მითითება იმის თაობაზე, რომ საქმის შეწყვეტის დადგენილებაში განმარტებული არ არის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, სასარჩელო ხანდაზმულობისათვის საპატიო გარემოებას არ წარმოადგენს, მითუმეტეს, რომ გაშვებული ვადა სამ წელს აღემატება.
ამრიგად, პალატა თვლის, რომ მოქალაქე რ. შ-ის კერძო საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა' ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. შ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 4 მაისის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ. შ-ის მოთხოვნა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.