შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 13.07.2004
საქმის ნომერი
2კ-247დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
13.07.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 247-დად 13 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ვ. მ-ას კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1996წ. 6 ივნისის განაჩენით ვ. მარშანია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის I და V ქვეპუნქტებით, 238-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებული ვ.მარშანია სასჯელს იხდის 1996წ. 2 მარტიდან.

2004წ. 7 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹8 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ ვ.-ას სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 ივნისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა წარდგინება და მსჯავრდებულ ვ. მ-ას უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

მსჯავრდებული ვ.მ-ია კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება დადებითად.

პროკურორი ო.რ-ია მხარს არ უჭერს საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს სასამართლო დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებული ვ. მ-ია სასჯელს იხდის 1996წ. 2 მარტიდან. შეფარდებული სასჯელის 3/4 მოიხადა 2004წ. 2 ივნისს. ამდენად, მას, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელის 3/4 უკვე მოხდილი აქვს, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად.

მსჯავრდებულ ვ.მ-ას დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად. კერძოდ, დახასიათებაში მითითებულია, რომ ვ.მ-ია კონფლიქტურ ურთიერთობაში შემჩნეული არ ყოფილა; თანამშრომლებთან მიმართებაში არის თავაზიანი; მეგობრობს გამოსწორების გზაზე მდგომ მსჯავრდებულებთან; ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან აქვს ნორმალური ურთიერთობა; დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ.მ-ას გამოსწორებისათვის საჭირო არ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა და მიზანშეწონილად თვლის, რომ ვ. მ-ია პირობით ვადამდე გათავისუფლდეს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე, 610-ე, 623-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 ივნისის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ ვ. მ-ას უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

მსჯავრდებული ვ. მ-ია სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.

განჩინება შესასრულებლად გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.