შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 223-აპ 22 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,თ. კობახიძე
განიხილა მსჯავრდებულ ლ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 მაისის განაჩენზე, რომლითაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 17 თებერვლის განაჩენში ლ. კ-ის მიმართ შეტანილ იქნა ცვლილება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 17 თებერვლის განაჩენით ლ. კ-ნს საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მესამე ნაწილით შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, ამას დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 თვე და საბოლოოდ, სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნული განაჩენში ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 მაისის განაჩენით შეტანილ იქნა ცვლილება. კერძოდ, ლ. კ-ნს სსკ-ის 184-ე მუხლის მესამე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა გაეზარდა 2 წლით და საბოლოოდ, სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენით ლ. კ-ნს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, ჯგუფურად, არაერთგზის, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით. კერძოდ:
2002წ. 4 მარტს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ლ. კ-ნი გაასამართლა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიუსაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. 2002წ. 18 ივლისს იგი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდა.
მიუხედავად ამისა, ლ. კ-ნი არ დაადგა გამოსწორების გზას და სასჯელის მოუხდელ ვადაში კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
2002წ. 25 სექტემბერს, დაახლოებით 14 საათზე, ქ. ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე მდებარე კაფე-ბარ ,,---ში” ლ. კ-ნი შეხვდა ნაცნობს _ ი. ზ-ლს და ორივემ დალია არაყი. მთვრალებმა განიზრახეს დროებითი გამოყენების მიზნით დაუფლებოდნენ რომელიმე ტაქსის ავტომანქანას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე დღეს, დაახლოებით 20 საათზე, გავიდნენ ქ. ქუთაისის ცენტრალურ მოედანთან, ბაღის კიდეზე არსებულ ტაქსების სადგომზე და შეარჩიეს მუქი მეწამური ფერის გაზ-2106 მარკის ტაქსი; მივიდნენ მძღოლთან _ ა. კ-თან, რომელსაც ლ. კ-მა სთხოვა ქ. ქუთაისში მდებარე ე.წ. ,,---ს” უბანში მიყვანა, რაზედაც მძღოლი დათანხმდა და ორივე ჩასხდა ავტომანქანაში. ლ. კ-ის მითითებით მძღოლმა ავტომანქანა მიიყვანა ქ. ქუთაისში, --- ქუჩის ბოლოში, სადაც ამ უკანასკნელმა გააჩერებინა ავტომანქანა და მოსთხოვა ორი საათით ავტომანქანის მისთვის გადაცემა, რაზედაც მძღოლმა უარი განაცხადა. შემდგომ, ლ. კ-მა უკვე დანით დაჭრის სიტყვიერი მუქარით მოსთხოვა მძღოლს ავტომანქანის მისთვის გადაცემა, რა დროსაც ეს უკანასკნელი გადავიდა ავტომანქანიდან და თან წაიღო ანთების სისტემის გასაღები, იმავდროულად ავტომანქანიდან გადავიდა ლ. კ-ნი, რომელმაც კვლავ დანით დაჭრის სიტყვიერი მუქარით მოსთხოვა ა. კ-ლს ავტომანქანის მისთვის გადაცემა. ლ. კ-მა მძღოლს წაართვა ავტომანქანის ანთების სისტემის გასაღები და სწრაფად მიუჯდა საჭეს, თუმცა ა. კ-მა შეძლო გასაღების გამოძრობა ანთების სისტემიდან. ამის გამო ლ. კ-ნი და ი. ზ-ლი გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და გასაღების წართმევის მიზნით ა. კ-ლს დაუწყეს ხელ-ფეხით ცემა თავისა და ტანის არეში. ამის მიუხედავად, ა. კ-მა შეძლო მათგან თავის დაღწევა და ავტომანქანის საჭესთან დაჯდომა, მან აამუშავა მანქანა, რა დროსაც უკანა სავარძელზე სწრაფად დაჯდა ი. ზ-ლი, რომელმაც მძღოლს უკნიდან კისერზე მიადო დანა და მოსთხოვა ავტომანქანის გაჩერება, რაც მძღოლმა შესარულა. მან ი. ზ-ლს წაართვა დანა და იქვე დააგდო. ამ დროს მასთან მიიჭრა ლ. კ-ნი და ი. ზ-თან ერთად ა. კ-ლი ძალით გადმოიყვანეს ავტომანქანიდან, დაუწყეს ხელ-ფეხით ცემა სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, მაგრამ მაინც ვერ შეძლეს ა. კ-საგან ანთების სისტემის გასაღების წართმევა. ამის შემდგომ ლ. კ-ნი მიუჯდა ავტომანქანის საჭეს, ჩამოხსნა გამშვები მექანიზმის სადენები და მათი მიერთების გზით აამუშავა ავტომანქანა და ი. ზ-ლთან ერთად გაიტაცა იგი. გატაცებიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ ლ. კ-მა და ი. ზ-მა გატაცებული ავტომანქანა მიატოვეს ქ. ქუთაისში, --- მდებარე სახლის წინ, გზის სავალ ნაწილზე და მიიმალნენ. ავტომანქანა დაუზიანებელ მდგომარეობაში იმავე დღეს აღმოჩენილ იქნა პოლიციის მუშაკების მიერ და ჩაბარდა მის კანონიერ მფლობელს. დაზარალებულ ა. კ-ლს ცემის შედეგად მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
მსჯავრდებულ ლ. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. ა-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვებას იმ შესწორებით, რომ ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის ზომა _ 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 184-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, განახევრდეს.
მსჯავრდებული ლ. კ-ნი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, სსკ-ის 184-ე მუხლის მესამე ნაწილის გადაკვალიფიცირებას მეორე ნაწილზე და დანიშნული სასჯელის განახევრებას.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ვ. ბ-ემ მოითხოვა განაჩენის გაუქმება, სსკ-ის 184-ე მუხლის მესამე ნაწილის გადაკვალიფიცირება მეორე ნაწილზე და დანიშნული სასჯელის განახევრება.
პროკურორმა შ. ვ-ემ მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულ ლ. კ-ის სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო ნორმების დაცვით.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უდავოდაა დადგენილი და არც თავად მსჯავრდებული უარყოფს, რომ ლ. კ-ნი ა. კ-ის ავტომანქანას დაეუფლა დროებითი გამოყენების მიზნით. რაც შეეხება საჩივრის მოტივს, რომ მსჯავრდებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობასა და მუქარას, საქმის მასალებით არ დასტურდება. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ ა. კ-ის ჩვენებით, დაპირისპირების ოქმით, ნივთმტკიცების ამოღების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უდავოდაა დადგენილი ის ფაქტი, რომ დაზარალებულის მიმართ ადგილი ჰქონდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობასა და ასეთი ძალადობის მუქარას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სასამართლოს მიერ სწორად არის დაკვალიფიცირებული ლ. კ-ის ქმედება სსკ-ის 184-ე მუხლის მესამე ნაწილით.
პალატა ვერ გაითვალისწინებს საკასაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას მსჯავრდებულ ლ. კ-ის მიმართ სსკ-ის 184-ე მუხლის შენიშვნის _ დანიშნული სასჯელის განახევრების გამოყენების თაობაზე. შენიშვნის თანახმად, თუ 24 საათის განმავლობაში დამნაშავე ნებაყოფლობით, დაუზიანებლად დააბრუნებს ავტომობილს ან სხვა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, მას გაუნახევრდება სასჯელი. საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ, შეტყობინება ¹--იდან გამომდინარე, ირკვევა, რომ დაზარალებულ ა. კ-ის ავტომობილის ადგილსამყოფელის შესახებ პოლიციას ელსმენით შეატყობინა უცნობმა მოქალაქემ და არა ლ. კ-მა და ი. ზ-მა.
ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმას, რომ მსჯავრდებული ლ. კ-ნი ნაწილობრივ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, არის საქართველოს ორგზის ჩემპიონი კრივში, ორჯერ იმყოფებოდა აღრიცხვაზე ქუთაისის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში სხვადასხვა დიაგნოზით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, შესაძლებელია, ლ. კ-ნს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1 წლით და მოსახდელად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 მაისის განაჩენი შეიცვალოს:
მსჯავრდებულ ლ. კ-ნს სსკ-ის 184-ე მუხლის მესამე ნაწილით შეფარდებული სასჯელი _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, შეუმცირდეს 1 წლით და მოსახდელად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.